„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ქვეყანა კვლავ გააგრძელებს ნატოსთან ინტეგრაციის კურსს,
სამხედრო ბლოკში გაწევრიანების მიზნით, რაც ერთგვარ „განხეთქილების ვაშლს“ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლურ სამხედრო ალიანსს შორის - იმ ალიანსისა, რომლის მომავალი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საეჭვოდ მიიჩნია“-ამის სესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «Financial Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მაიკლ პილისა და ჰენრი ფოის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:
მამუკა ბახტაძემ, რომელმაც სტრატეგიული მდებარეობის მქონე შავიზღვისპირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ თვეში დაიკავა, აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლოა მეზობელი რუსეთისთვისაც სარგებლობის მომტანი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა - მოვლენების ამგვარ განვითარებას რუსეთი „უკიდურესად ნეგატიურად“ განიხილავსო.
საქართველოს ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის სწრაფვა ჯერ ნატოს სამხედრო ბლოკში, შემდეგ კი, საბოლოო ჯამში ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, „ძალზე მგრძნობიერ რეგიონში“ პოლიტიკური ბალანსის როლს შეასრულებდა.
მომდევნო თვეში ათი წელი სრულდება საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი ნაწილის ოკუპირება განახორციელა.
„[ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება] არის როგორც ჩვენს, ისევე ევროპის ინტერესებშიც. დავამატებ - რეგიონისა და რუსეთის ინტერესებშიც“, - თქვა მამუკა ბახტაძემ თავისი ქვეყნის მიზნებზე საუბრისას, - „ჩვენი მიზნების რეალიზება, ჩვენი სწრაფვა ხელს შეუწყობს რეგიონის აყვავება-განვითარებას, მისი უსაფრთხოების განმტკიცებას და მეტ პროგნოზირებადობას“. მან აღნიშნა, რომ იმედმოცემულია ბრიუსელში გასულ კვირას ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართული შეხვედრის შედეგებით.
ნატოს ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე დაადასტურეს 2008 წელს [ბუქარესტში] მიღებული თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. გარდა ამისა, ალიანსმა შეშფოთება გამოხატა შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის სამხედრო საზღვაო მოქმედების მკვეთრად გააქტიურების გამოც. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა, ჰელსინკში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, საქართველოს ნატოს წევრად მიღება „რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ და უშუალო მუქარას წარმოადგენს. ამიტომაც ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოება ჩვენს საზღვრებთან ჩვენდამი მუქარას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, მის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს“.
მოსკოვი უკვე დიდი ხანია თვლის, რომ ნატოს ექსპანსია (გაფართოება) აღმოსავლეთით უსაფრთხოებისადმი მუქარას და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავების საშუალებას წარმოადგენს. მოსკოვი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკვე არაერთხელ დაარღვია შეთანხმება გავლენის სფეროს საზღვრების თაობაზე: „საქართველო რუსეთის შემკავებელი დასავლური სტრატეგიის ელემენტად იქცა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გასულ კვირას. „ქართველმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა გაატარონ და არ უნდა ემსახურონ სხვების გეოპოლიტიკურ ინტერესებს“, - დაამატა მან, - „რომელთა მოტივებს არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოზე ზრუნვასთან“.
კითხვას, მიდის თუ არა რისკზე საქართველო, როცა ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, მამუკა ბახტაძემ უპასუხა: „საქართველომ აჩვენა, რომ „სიმშვიდის დამრღვევი“ არ არის. საქართველოს თავისი ამბიციური გეგმის - შავი ზღვის ნაპირზე ეკონომიკური ცენტრის რეალიზების მიზნით უსაფრთხოების გარანტია ჭირდება. ყველა ჩვენი ნაბიჯი ძალზე რაციონალური და პროგნოზირებადია, შედეგებზე ორიენტირებული და ფოკუსირებული, რა თქმა უნდა, ძალიან დემოკრატიული“, - აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი უცვლელი რჩება - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და მისი ახალი წევრი ჩერნოგორია, რომელსაც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
გასულ კვირას აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება და განაცხადა, რატომ უნდა დაიცვას ამერიკამ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩერნოგორიაა, რომლის „ხალხი ძალიან აგრესიულად იქცევა“ და რომელსაც „მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია“.
