რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი, რომელიც ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგინების ფაქტებით გამოიხატება: „მაგალითად, ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელშიც ათი წვრილი პოლიტიკური პარტია შედის (მათ შორის ექს-მმართველი „ერთიანი ნაცმოძრაობაც“), ქვეყნის მეთაურის პოსტზე კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო“, - ნათქვამია მასალაში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. მმართველი „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, რომ მომავალი პრეზიდენტი უფრო ლოიალური იყოს, ვიდრე ამჟამინდელი - გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საკუთარი პოზიციების განმტკიცებას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობ(ს)და. რაც შეეხება ოპოზიციას, მისთვის მომავალი არჩევნები, რლბათ, ბოლო შანსია მიიღოს ფორმალურად ქვეყნის ნომერი პირველი თანამდებობა - თუნდაც შეკვეცილი უფლებებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. თუ ოპოზიციისათვის არჩევნები წარუმატებელი იქნება, მაშინ საბოლოოდ აღმოჩნდება პოლიტიკურ პერიფერიაში - როგორ მინიმუმ, საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლის მოგება კიდევ უფრო რთული იქნება. ამ მხრივ ხომ მმართველი „ქართული ოცნების“ შესაძლებლობა, ადმინისტრაციული რესურსის საფუძველზე, პრაქტიკულად უსაზღვროა.
„მეოცნებეებმა“ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის გაგონებაზე იმავ წუთს გაიხსენეს, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა - აი, ნახეთ, „ნაციონალები“ ყველგან „რუსულ კვალს“ ეძებენ და ახლა თვითონ წარადგინეს რუსეთის ყოფილი მოქალაქის კანდიდატურაო. აქვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ვაშაძემ მოგვიანებით უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
გრიგოლ ვაშაძეს კონკურენტები ეყოლება: ალბათ, თავისივე კოლეგა, კიდევ ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე შეიძლება იყოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე (მან თითქმის ერთი წლის წინათ გამოხატა ბალოტირების სურვილი), ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი და კიდევ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი პიროვნება, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ ოფიციალურად საპრეზიდენტო ამბიციები. ყოველ შეთხვევაში, აქედანვე ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი თანახმაა თავისი ბედი გამოსცადოს. სხვათა შორის, გრიგოლ ვაშაძესავით მასაც მეორე პასპორტი ჰქონდა, მაგრამ ფრანგული. ამასთან, მას არ განუცხადებია, რომ ფრანგულ პასპორტზე უარი ვთქვიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ქართველისათვის საფრანგეთის მოქალაქეობა უფრო ნაკლებად საჩოთიროა, ვიდრე რუსეთისა, მით უმეტეს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები გახდება.
სალომე ზურაბიშვილის (ე.ი. „თვითწარმდგენი კანდიდატის“) ირგვლივ „ქართულ ოცნებაში“ მწვავე დისკუსიები გაიშალა. „მეოცნებეთა“ ერთი ნაწილი თვლის, რომ პარტიამ არ უნდა წარადგინოს სხვა კანდიდატი და მხარი ექს-მინისტრს უნდა დაუჭიროს. „ქართული ოცნების“ სხვა ფრთა, რომელშიც, დაუდასტურებელი მონაცემებით, თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს, მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილზე „შეიძლება ისევე „დავიწვეთ“, როგორც გიორგი მარგველაშვილზე „დავიწვითო“.
გავიხსენოთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა და დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა, მაგრამ როგორც კი მან პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, „კონტროლიდან გამოვიდა“ და თავისი კურსის გატარებას შეეცადა, ხშირად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც. ჰოდა, სწორედ ამიტომ, მმართველი პარტიის ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა მოიძებნოს ისეთი მისაღები კანდიდატურა, რომელიც თავისიანებისთვის აბსოლუტურად ერთგული იქნება.
