ყატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ფალეჰ ალ-აჯალანმა და
საქართველოს ელჩმა ყატარში ნიკოლოზ რევაზიშვილმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობების არაბულ ენაზე თარგმნის შესახებ.
ამის შესახებ ყატარის გამოცემა «The Peninsula» წერს.
ნოდარ დუმბაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალია. იგი 1928 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიბადა. მან თავისი ნაწარმოებების გამო ლენინური პრემია მიიღო და სახელი გაითქვა რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ გამოქვეყნებით, რომელშიც გადმოცემულია ობოლი ქართველი ბიჭის ცხოვრება ომის წლებში. სხვათა შორის, არაბულ ენაზე უკვე თარგმნილია ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოები, მაგალითად, „მე ვხედავ მზეს“ და „ნუ გეშინია, დედა“.
ყატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტუროლოგიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა მოჰამედ ჰასან ალ-ყუვარმა განაცხადა, რომ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების არაბულ ენაზე თარგმანი იმ კომპლექსური სისტემის ჩარჩოებში მოხდება, რომელიც უწყებამ ლიტერატურული ქმნილებების სათარგმნელად დანერგა. მისი თქმით, სამინისტრომ ნოდარ დუმბაძე იმიტომ შეარჩია, რომ იგი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ცნობილ მწერლად ითვლება არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
როგორც მოჰამედ ჰასან ალ-ყუვარმა აღნიშნა, სამინისტროს ამ პროექტით დაგეგმილი აქვს არაბულ საზოგადოებას ქართველი მწერლის სხვა ნაწარმოებებიც გააცნოს. პროექტი ხორციელდება დოჰაში დაგეგმილი წიგნის 29-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში.
შეთანხმების მიხედვით, ქართულ ენაზე იქნება თარგმნილი ყატარელ ავტორთა ნაწარმოებებიც.
