პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად
გულისხმობს ანტიკორუფციულ ნაბიჯებს. მსგავსი ტრენდის არსებობა ამას წინათ სომხეთმაც დაადასტურა, მანამდე კი დსთ-ის პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყანამ, სადაც ხელისუფლება კარდინალურად შეიცვალა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი გზით - კონსტიტუციურით თუ გადატრიალებით, მათ შორის ე.წ. „ხავედოვანითაც“. მთავარი ის არის, რომ მთავრობის ყოველ ცვლილებას თან სდევს წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და ქვეყნის მეთაურის გარემოცვის წევრები დაპატიმრება. ასე მოხდა სომხეთშიც.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრი და ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი იძულებული გახადა გადამდგარიყო, ქვეყნის მართვას ნიკოლ ფაშინიანი შეუდგა, ახალი პრემიერ-მინისტრის დავალებით სომხეთის სპეცსამსახურებმა სერჟ სარგსიანის ძმა - ლევონ სარგსიანი დააკავეს. სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული ფინანსთა ყოფილი მინისტრის ვარდან არამიანისა და ექს-პრემიერის კარენ კარაპეტიანის წინააღმდეგაც. ნამდვილი სკანდალი გამოიწვია ყარაბაღის გმირის მანველ გრიგორიანის დაპატიმრებამ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ექს-პრეზიდენტების რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. აშკარაა, სომხეთში ხმაურიანი დაკავებები კვლავ გაგრძელდება.
სომხეთის ჩრდილოელ მეზობელ საქართველოში კორუფციას მიხეილ სააკაშვილიც ებრძოდა. მან ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი ბევრი ჩინოვნიკი ციხეში ჩასვა... მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ მორიგი საპარლამენტო არჩევნები წააგო, ხოლო თვითონ მას პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, ახალმა ხელისუფლებამ სისიხლის სამართლის საქმეების აღძვრა დაიწყო არა მარტო ქვეყნის მეთაურის გარემოცვის, არამედ თვით ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგაც. სხვათა შორის, გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.
ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასევე ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი გაასამართლეს - ექს-პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული, ბიშკეკის მერით დამთავრებული. მართალია, წინა ხელისუფლების მომხრეების აზრით, „საქმეები შეთითხნილია“, მაგრამ იქაც აშკარად ჩანს, რომ დაჭერები გაგრძელდება.
მოლდოვაში კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი და მას ცხრა წლით საპყრობილე მიუსაჯეს. სხვათა შორის, როცა ვლ. ფილატი ხელისუფლებაში იყო, კორუფციას თვითონაც „თავგანწირულად ებრძოდა“.
ერთადერთი სახელმწიფოს, სადაც კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებს არ უკავშირდება, ბელორუსია წარმოადგენს. ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და როგორც სურს, კორუფციას ისე ებრძვის: ამას წინათ იქაურმა „კაგებე“-მ ჯანდაცვის სამინისტროში კორუფციული სქემა გამოავლინა. „ექიმების საქმეზე“ უწყების 33 თანამშრომელი დაიჭირეს.
კორუფცია პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნისათვის სერიოზულ პრობლემად რცება, თუმცა ამის შესახებ უფრო მეტს ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები ლაპარაკობენ, ვიდრე ხელისუფლება. ანტიკორუფციული ბრძოლის „ტალღა“ მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქტიურდება, შემდეგ კი ყველაფერი მშვიდდება - მორიგ არჩევნებამდე.
შენიშვნა: «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია სარედაქციოა
