„kaspiy“(აზერბაიჯანი): მამუკა ბახტაძე აფხაზეთს მშვიდობასა და ერთობლივ ევროპულ მომავალს სთავაზობს
„kaspiy“(აზერბაიჯანი): მამუკა ბახტაძე აფხაზეთს მშვიდობასა და ერთობლივ ევროპულ მომავალს სთავაზობს
15:58 29.06.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები, კერძოდ, ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმული პირველი პოლიტიკური ნაბიჯები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობიტ გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„საქართველოს ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც აშკარად მიმართულია ერთი მიზნის რეალიზებისაკენ: მას აშკარად სურს ისეთი პოლიტიკოსის რენომე ჰქონდეს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მომხრეთა თვალსაზრისს ითვალისწინებს“, - ნათქვამია სტატიაში, - „კერძოდ, მან რუსების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანება“ და „ევროპული აყვავება“ შესთავაზა.

ავტორი ხაზს უსვამს მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც მან საოკუპაციო ხაზის ახლოს მდებარე ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრების სასახლის ეზოში შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას გააკეთა: „ ომი - ტკივილიანი წარსულია, ჩვენი მომავალი კი მშვიდობა და განვითარებაა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის განცხადება გაისმა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გამოხატული უკმაყოფილების ფონზე ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამო, რომელიც ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. პუბლიკაციაში სწორედ ამ დოკუმენტის შესახებაა საუბარი. მასში ის პირები არიან შეყვანილნი, რომლებთაც ბრალი მიუძღვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულობების გამო საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ავტორი აზერბაიჯანელ მკითხველს აცნობს „სიასთან“ დაკავშირებულ გარემოებებს: როგორ შეიქმნა 33-კაციანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, როგორ შეფასდა დოკუმენტი ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციაში, რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზების მხრიდან („თბილისის მიერ გადადგმული უკიდურესად არაკონსტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯი“, - ასე აღნიშნული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იმ პირებზე, ვინც სიაშია შეყვანილი, სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. „მათზე ინტერპოლიც გამოაცხადებს ძებნა. ამ შემთხვევაში, თუ რომელიმე იმ 33-თაგანი რუსეთის ტერიტორიის გარეთ თავს გაჰყოფს, მას იმწუთში სწვდებიან, დააკავებენ და საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ. მოკლედ, სამართალი იზეიმებს“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

ბეჭდვა