„ომანის საბიუჯეტო ავიაკომპანია SalamAir ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას
აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მათ, ვისაც საქართველოში გამგზავრება სურთ, თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ოთხი დოკუმენტი ქვეყანაში შესვლის მიზნით: პასპორტი, რომელსაც მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე მაინც აქვს, სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით, დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი“, - ნათქვამია სტატიაში და იქვე განმარტებულია: ასეთი დაზუსტება გაპირობებულია იმით, რომ ომანის ზოგიერთი მოქალაქე თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს, რადგან მათ არ ჰქონდათ დაჯავშნული სასტუმრო და არ გააჩნდათ დაზღვევა.
„გინდათ საქართველოში გამგზავრება? დარწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი თან გაქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაუკვეთეთ ბილეთი SalamAir-ს“, - იმოწმებს გაზეთი ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
ტურისტული კომპანიების თქმით, მოგზაურობის მსურველები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა წესები მოქმედებს. ამიტომ უმჯობესია მათ აეროპორტის ადმინისტრაციაში დარეკონ და ყველა საეჭვო საკითხი ადგილზე გაარკვიონ.
საქართველოს საელჩომ თურქეთში განმარტა, თუ რატომ დააბრუნეს რამდენიმე თვის წინათ ომანელი ტურისტები თბილისის აეროპორტიდან:
„ტურისტები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოში მოქმედი წესები, სახელდობრ: მათ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (რომლის აღება ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ), პასპორტი და სამედიცინო დაზღვევა. გარდა ამისა, აუცილებელია სასტუმროს დაჯავშნაც ტურისტული კომპანიების მეშვეობით. ბევრი მოქალაქე ამ პროცედურას მთლიანად არ იცავს: ისინი არ მიმართავენ ქართულ ტურისტულ კომპანიებს და საქართველოში მცხოვრები კერძო პირების იმედი აქვთ, უკვეთავენ თვითმფრინავის ბილეთებს და საქართველოში ჩამოდიან და პრობლემებს აწყდებიან, ზოგჯერ კი თაღლითთა მსხვერპლნი ხდებიან“, - ასე განუმარტეს გაზეთს თურქეთში არსებულ საქართველოს საელჩოში (რომლის ფუნქციები შეთავსებით ომანშიც მოქმედებს).
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში აპირებენ მოგზაურობასა და დასვენებას, ყველა ამ წესს გაითვალისწინებენ და დაიცავენ“, - განაცხადა საელჩომ.
SalamAir-მა თბილისისა და ბაქოს მიმართულებით ავიარეისები ცოტა ხნის წინათ დანიშნა.
