"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა ოფიციალურად შესთავაზა სირიის
მეთაურს ბაშარ ასადს ცხინვალს ვიზიტით ეწვიოს. შეთავაზება დამასკოში, რუსეთში არსებული სირიის საელჩოს მეშვეობით გაიგზავნა. ამის შესახებ „იზვესტიას“ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს და აღნიშნეს, რომ ამჟამად სირიიდან პასუხს ელოდებიან. ამასთანავე, როგორც „იზვესტიას“ სირიის პარლამენტის არაბთაშორისო და საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრმა საჯი ტამაამ განუცხადა, სირიას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უკვე აქვს დამყარებული კავშირები რუსეთთან ურთიერთობების ჩარჩოებში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ დიმიტრი ლარუს, ანდრეი ონრიკოვისა და ელნარ ბაინაზაროვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„როცა ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ ორი სახელმწიფოს (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის) აღიარებისა და მათთან ელჩების გაცვლის თაობაზე, ვეყრდნობოდით ხალხთა თვითგამორკვევის საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპს. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობა და ჩვენი საქმიანობის მჭიდრო პოლიტიკური კოორდინაცია მოსკოვთან", - განაცხადა პარლამენტარმა.
"გადაწყვეტილების მიღებისას ვეყრდნობოდით აგრეთვე სირიელი დეპუტატების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტების შედეგებს, ამ ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენთან იმ ომის შუქზე, რომელიც სირიის წინააღმდეგ არის გაჩაღებული. რაც შეეხება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების დროს და თარიღს, მას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. აღიარება დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც მოხდებოდა“-აცხადებს საჯი ტამაამი.
„ეს ნაბიჯი ანგრევს იმ ბარიერებს, რომლითაც დასავლეთი სირიის შეზღუდვას ცდილობს. სირია ყველასთან თანამშრომლობს, ყველა ხალხის ინტერესებს ითვალისწინებს, განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განუცხადა „იზვესტიას“ სირიის პარლამენტის კიდევ ერთმა დეპუტატმა, არაბთაშორისო და საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრმა ნორა არისიანმა.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი, აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების პოზიციის გამო, ძალიან ნელა მიდის“, - აღნიშნა „იზვესტია“-სთან საუბარში რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აჯარ ქურთოვმა:
„ისინი, უბრალოდ, ხელებს უგრეხენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მათი დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ იხრებიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დამოკიდებული იქნება საერთაშორისო სიტუაციის დინამიკასა და იმ კურსზე, რომელსაც რუსეთის ატარებს მსოფლიო არენაზე“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა, - „სირიას დღეს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, აქედან გამომდინარე, მას ინვესტიციების ჩადება არსად არ შეუძლია, მას თვითონ სჭირდება დახმარება დანგრეული ეკონომიკის აღსადგენად. რაც შეეხება პოლიტიკურ დახმარებას, დამასკოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია და კიდეც გადადგა. ეს არის სოლიდარობის აქტი იმ პოლიტიკასთან, რომელსაც მოსკოვი ატარებს“-აცხადებს ექსპერტი.
