"kaspiy"(აზერბაიჯანი): ბაშარ ასადს სხვებზე კარგად უნდა ესმოდეს-როცა იგი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამით ხელ-ფეხს უხსნის იმ ძალებს, რომლებსაც სირიის ჯუჯა სახელმწიფოებად დაშლა სურთ
"kaspiy"(აზერბაიჯანი): ბაშარ ასადს სხვებზე კარგად უნდა ესმოდეს-როცა იგი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამით ხელ-ფეხს უხსნის იმ ძალებს, რომლებსაც სირიის ჯუჯა სახელმწიფოებად დაშლა სურთ
12:07 31.05.2018
აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй», სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას მიმომხილველ რაუფ ორუჯევის სტატიით ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაცხადა, რომ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას სირიასთან, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ ამღიარებელი მეხუთე სახელმწიფო გახდა. თბილისს ასევე არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყნებთანაც, რომლებმაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკები სირიაზე ადრე აღიარეს.

რატომ აღიარა სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? რატომ დაებადა ასეთი აზრი ოფიციალურ დამასკოს? თუ უბრალო ლოგიკის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომლის დაცვასაც ბაშარ ასადი ცდილობს საკუთარი ქვეყნის მიმართ, ანუ ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობის პრინციპს. 2011 წლიდან, სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, პრეზიდენტი სულ მუდამ იმას იმეორებდა, რომ ქვეყნის დაშლას არ დაუშვებდა. არადა, ასეთი საფრთხე სირიას ნამდვილად ემუქრება... და რა ხდება დღეს? ვის-ვის და ბაშარ ასადს სხვებზე კარგად უნდა ესმოდეს - როცა იგი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამით ფაქტიურად ხელ-ფეხს უხსნის იმ ძალებს, რომლებსაც სირიის ჯუჯა სახელმწიფოებად დაშლა სურთ.
როგორც ჩანს, სირიელ დიქტატორს საქმე მართლაც ძალიან ცუდად აქვს, როცა მან ასეთი მორალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე კოზირის ხელიდან გაშვება გადაწყვიტა. შესაძლოა სწორედ ასეთი ფასის გადახდა მოუწია მას მოსკოვში თავშესაფრის მიღებისათვის, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში. ვინ იცის...
----------
სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე სტატიას თურქული პრესაც წერს - გაზეთ Milliyet-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დავიწყებული აღიარების გახსენება“, რომელშიც გადმოცემულია მოვლენის ქრონოლოგია: სირიის ხელისუფლების ნაბიჯი, საქართველოს საპასუხო მოქმედება, აშშ-ის პოზიცია და ასხვა ფაქტები.
პუბლიკაციაში ასახულია აგრეთვე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოკლე ისტორია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები - რუსეთ-საქართველოს შორის დიპურთიერთობების გაწყვეტა, რუსეთის სამხედრო ბაზების დაარსება დაკავებულ ტერიტორიებზე და ა.შ. (წყარო: http://www.milliyet.com.tr/unutulan-gerginlik-hatirlandi-dunya-2679517/




ბეჭდვა