"ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ქრთამავდა სამართალდამცავ ორგანოებს, იყენებდა ქალებს მსხვერპლთა საცდუნებლად და მათგან ფულის გამოძალვის მიზნით"-ვინ არის ქართველი ავტორიტეტი, რომელსაც აშშ-ს კანონებით 65-წლიანი პატიმრობა ემუქრება
"ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ქრთამავდა სამართალდამცავ ორგანოებს, იყენებდა ქალებს მსხვერპლთა საცდუნებლად და მათგან ფულის გამოძალვის მიზნით"-ვინ არის ქართველი ავტორიტეტი, რომელსაც აშშ-ს კანონებით 65-წლიანი პატიმრობა ემუქრება
11:54 31.05.2018
რადიოსადგურის Voice of America-ს (ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან) რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში საუბარია ქართველ, რუს და უკრაინელ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც აშშ-ში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას. გამოძიებას გააჩნია მრავალი მტკიცებულება მათი მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ზურაბ ჯ. ერთ-ერთი ის „კანონიერი ქურდია“, რომელიც მთელ ამერიკაში მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მან აღიარა ბრალი სხვადასხვა დანაშაულებებში, მათ შორის რეკეტში. ის შედიოდა იმ კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელობაში, რომელიც ეროვნებით ქართველმა, რუსმა და უკრაინელმა პირებმა ჩამოაყალიბეს და რომლის ლიკვიდაცია შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ ერთი წლის წინ მოახდინა. იმ დროს 30-მდე კრიმინალი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებულები რამდენიმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მოქმედებდნენ - ნიუ-იორკში (ძირითადად ბრაიტონ-ბიჩის რაიონში), აგრეთვე ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, პენსილვანიისა და ნევადის (ლას-ვეგასში) შტატებში, აგრეთვე საზღვარგარეთ.

სინდიკატის წევრებს ბრალი მრავალ დანასაულში აქვთ წაყენებული: გამოძალვაში, თაღლითობაში, ადამიანთა გატაცებაში, „ვალების ამოღებაში“, ქურდობაში, ძარცვაში, შეკვეთილ მკვლელობებში, ნარკოვაჭრობასა და იარაღით ვაჭრობაში.

37 წლის ზურაბ ჯ.-მ, ბრუკლინში მცხოვრებმა, აღიარა თავისი მონაწილეობა იმ დანაშაულებრივ სინდიკატში, რომელსაც რაჟდენ შ. ხელმძღვანელობდა.

40 წლის რაჟდენ შ. ცნობილია მეტსახელებით „ძმა“, „რომა“, „რაჟდენ პიტერსკი“. ადრე იგი ევროპაშიც იყო დაჭერილი - 2013 წლის ზაფხულში იმ ოპერაციის შედეგად, რომელიც ევროპოლმა განახორციელა ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის - იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე. იმ დროს 18 კრიმინალური ლიდერი დააპატიმრეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მათ შორის 13 „კანონიერი ქურდი“ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის მქონე ქუთაისური კრიმინალური დაჯგუფების მეთაურ მერაბ ჯ.-სთან („მერაბ სუხუმსკი“) ერთად. რაჟდენ შ. ამ წრის აქტიური წევრი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპოლის ოპერაციის შემდეგ იგი სწრაფად გაათავისუფლეს.

ზურაბ ჯ., იგივე „ზურა“, გამოძიების დოკუმენტებში „ძმის“ (ანუ რაჟდენის) „მარჯვენა ხელად“ არის მოხსენიებული.

„დღეს ზურაბ ჯ.-მ აღიარა თავისი ხელმძღვანელი როლი დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. მისი საქმიანობა ჰოლივუდის მიერ თრილერის გადაღების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს, - აღნიშნა ნიუ-იორკის სამხრეთ ოკრუგის ფედერალურმა პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა, - ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება ქრთამავდა სამართალდამცავ ორგანოებს, იყენებდა ქალებს მსხვერპლთა საცდუნებლად და მათგან ფულის გამოძალვის მიზნით. მათ გაიტაცეს აგრეთვე 4,5 ტონა შოკოლადიც... თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ზურაბ ჯ.-მ თავი დამნაშავედ ცნო და ახლა მას საპყრობილეში დიდხანს ჯდომა მოუწევს“.

პროკურატურის მონაცემებით, დაჯგუფება რაჟდენ შ.-სა და ზურაბ ჯ.-ს ხელმძღვანელობით, შემდეგ კრიმინალურ საქმეებში მონაწილეობდა: დანაშაულებრივი თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში; რეკეტში და ბრაიტონ-ბიჩის იატაკქვეშა ბანქოს სათამაშო სახლების „დაკრიშვაში“ (მფარველობაში); მევალეებისაგან ფულის ძალადობით ამოღებაში; ბიზნესმენთა გატაცებაში; ღამის კლუბების ორგანიზებაში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა მიმდინარეობდა; ძარცვაში (კრიმინალური სინდიკატის წევრი ქალები წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს თავს მსუქბუქი ყოფაქცევის ქალებად - „პროსტიტუტკებად“ წარუდგენდნენ, შემდეგ კლიენტებს ქლოროფორმით აძინებდნენ და ჯიბეებს უცარიელებდნენ); სავაჭრო ტვირთების გატაცებაში; კაზინოებში ჩადენილ თაღლითობაში (ისინი ფილადელფიაში და ატლანტიკ-სითიში მდებარე სათამაშო ავტომატებს ჰაკერული სპეცაპარატურის მეშვეობით „ტეხდნენ“ და უკანონო მოგებებს იღებდნენ); კონტრაფაქტური (ყალბი) ნაკეთობებით ვაჭრობაში; ყალბი პასპორტების, ჩეკებისა და ფინანსური დოკუმენტების დამზადებაში; ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სიგარეტის კონტრაბანდაში; ამერიკელი სამართალდამცველი პირების მოქრთამვაში და ა.შ.

ზურაბ ჯ.-ს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ერთობლიობით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და საპყრობილეში ჯდომა ელოდება. განაჩენს მოსამართლე ქეთრინ ფორესტი გამოუტანს ნიუ-იორკში, 30 ნოემბერს.

რაჟდენ შ., დანაშაულებრივი სინდიკატის სხვა სავარაუდო წევრთან - კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ავთანდილ ხ.-სთან ერთად, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე 4 ივნისს წარსდგება. რაჟდენ შ.-ს სასამართლო ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როცა „კანონიერი ქურდები“ ყოფილი საბჭოეთიდან აშშ-ში იქნებიან დასჯილნი. გამოძიების დასკვნით, რაჟდენ შ.-ს 65 წლით პატიმრობა ელოდება.



წყარო: «Radio Voice of America – радио Голос Америки» (აშშ)

ბეჭდვა