«Deustsche Welle» (გერმანია): რატომ არ ჩქარობს ბრიუსელი უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთვის?
«Deustsche Welle» (გერმანია): რატომ არ ჩქარობს ბრიუსელი უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოსთვის?
11:11 23.05.2018
"მაშინ როცა მოლდოვას მოქალაქეებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება 2014 წლიდან მიიღეს, ქართველებსა და უკრაინელებს იგივე უფლება მხოლოდ 2017 წლის მარტიდან მიეცათ. მათ ამდენი ხნის ლოდინი არამხოლოდ იმიტომ დაჭირდათ, რომ გვიან შეასრულეს ევროკავშირის მოთხოვნები, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ ევროკავშირი აჭიანურებდა უფლების მიცემას. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობა მოითხოვდა, რომ ბრიუსელს თავდაპირველად უნდა შეემუშავებინა და მიეღო უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების (ან გაუქმების) მექანიზმი, რომელიც აუცილებელი იყო უვიზო რეჟიმის ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად. ეს მექანიზმი გასული წლის მარტში დამტკიცდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს უვიზო რეჟიმი ჯერ თბილისმა, შემდეგ კი კიევმა"-ასე იწყება გერმანული რადიოსადგურის, «Deustsche Welle»-ს მიერ იური შეიკოს ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევებზე ყველაზე მეტად გერმანია წუხდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ბერლინს ქართველების კრიმინალური მოქმედების თაობაზე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა: სწორედ ქართველებმა შექმნეს კრიმინალური დაჯგუფებები ბინებისა და მაღაზიების ძარცვის მიზნით. ამის შესახებ გერმანული მასმედია თითქმის ყოველდღიურად იტყობინებოდა. ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად დღესაც გრძელდება. გარდა ამისა, მაშინაც და ახლაც - ბოლო დრომდე - საკმაოდ ბევრი ქართველი ითხოვს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების უფლებას. ისინი სარგებლობენ გერმანული კანონმდებლობით, განცხადების რეგისტრირების შემდეგ რჩებიან გერმანიაში და დანაშაულებრივი ქმედებით არიან დაკავებულნი. სხვათა შორის, უსაფრთხოების დონის გაურესება და რისკების ზრდა, კერძოდ, დამნაშავეობის ფაქტების მატება სწორედ ის ერთ-ერთი პირობაა იმ ოთხიდან, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს.

ევროკავშირში მოქმედი ორგანიზებული დამნაშავეობის ქართული დაჯგუფებების მხრიდან ვიზალიბერალიზების რეჟიმით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, არც ბრიუსელი და არც ბერლინი თბილისთან მიმართებით მკაცრ ზომებს არ იღებენ.

ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის მთავრობამ მოითხოვა, რომ გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შეეჩერებინა, მაგრამ ბერლინს ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს.

როგორც „დოიჩე ველეს“ ევროკომისიის პრეს-მდივანმა ანიკა ბრაიდჰარდტმა აცნობა, მის უწყებას ჯერ-ჯერობით არანაირი დოკუმენტი ან თხოვნა არ მიუღია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გასაშვებად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ევროკომისია საქმის კურსშია პრობლემის თაობაზე და ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების წინაშე“.

ბრიუსელში ირწმუნებიან, რომ თბილისი მზად არის მიიღოს კონკრეტული ზომები საქართველოდან ევროკავშირში არარეგულირებული მიგრაციის მოწესრიგების თაობაზე. გარდა ამისა, ევროკომისიაში მიესალმებიან საქართველოსა და გერმანიის მთავრობების ორმხრივ კონტაქტებს ამ საკითხში. „ევროკომისია მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად: საგარეო საზღვრების დაცვის ევროსააგენტოსთან ერთად ჩვენ განვიხილავთ ეფექტურ ზომებს არარეგულირებული მიგრაციის საფრთხის შემცირებისათვის“, - აღნიშნა „დოიჩე ველეს“-სთან საუბრისას ანიკა ბრაიდჰარდტმა.

და მაინც, წესით და რიგით, ქართველი მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის პირობათა დარღვევის ფაქტები თითქოსდა საკმარისია ვიზალიბერალიზების შესაჩერებლად, მაგრამ ბრიუსელში რაიმე ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ამბობენ, რომ შეჩერების მექანიზმი საკმაოდ მკაცრია და ამიტომ ევროკავშირი სიფრთხილეს იჩენს.

„დოიჩე ველემ“ სიტუაციის გასარკვევად ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატს კითხვით მიმართა, თუმცა მათ ამ დელიკატურ თემაზე საუბრისაგან თავი შეიკავეს. დათანხმდა მხოლოდ ავსტრიელი ლუკას მანდლი „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციიდან, თუმცა არც მას არ უთქვამს მაინცდამაინც რაიმე კონკრეტული. „ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა გვსურს, რაც ორივე მხარისათვის სასარგებლოა“, - უთხრა მან „დოიჩე ველეს“. პოლიტიკოსმა თავი აარიდა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე - „ხომ არ მოვიდა დრო შეჩერების მექანიზმი საქართველოს მიმართ ამოქმედდესო“ - და აღნიშნა, რომ შეჩერების მექანიზმი სანქციას წარმოადგენს: „კი, ევროკავშირს აქვს უვიზო რეჟიმის შეჩერების უფლება, მაგრამ დარღვევის ფაქტები ჩვენს მიერ უნდა დამტკიცდესო...“.

კითხვას - არის თუ არა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ნამდვილად კარგი ზომა პროფილაქტიკისათვის - ლუკას მანდლმა ასე უპასუხა: „როგორც კი შეჩერების მექანიზმს გავუშვებთ, ის თავის ეფექტურობის დემონსტრაციას ყველა მიმართულებით მოახდენს. ყველა დაინახავს და დარწმუნედება იმაში. რომ ევროკავშირი არა მარტო ამბობს, არამედ აკეთებს კიდეც".


ბეჭდვა