„სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრია, ვაშინგტონი გამოვიდა ირანთან დადებული
ბირთვული შეთანხმებიდან, საქართველოში საპროტესტო აქციები გაიმართა. ერთი შეხედვით, პარალელური მოვლენებია და ერთმანეთთან თითქოს კავშირი არ აქვთ, მაგრამ... ისინი საერთო სურათის ელემენტები არიან. მოსალოდნელია ომი“, - ასე თვლის პოლიტოლოგი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ნადანა ფრიდრიხსონი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს რუსული გამოცემის, «Взгляд»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან:
თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ განხორციელებული ანტინარკოტიკული რეიდი პროტესტის მასობრივი აქციით დასრულდა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნებიც გაისმოდა. გიორგი კვირიკაშვილი კრიტიკის ობიექტი ჯერ კიდევ მარტში გახდა, როცა მან რუსეთის ხელმძღვანელებს ღია წერილი გაუგზავნა. იმ დროს მის ოპონენტებს ეჭვი გაუჩნდათ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის კავშირშიო, მარტიდან კი ქართულ მასმედიაში გაჟღერდა - შეიძლება პრემიერ-მინისტრი გადადგესო. ეს ყველაფერი ხდებოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტის ფონზე, სადაც მან არაორაზროვნად მიანიშნა, რომ საქართველო მზადაა „პლაცდარმად იქცეს დასავლური ალიანსებისათვის, კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგისათვის“.
საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს „კრემლის აგენტს“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ვერც მის წერილს ჩავთვლით იმ მზადყოფნის დამადასტურებლად, რომ მას რუსულ-ქართული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია, ანუ მისი იდეა „ახალ რეალიებს“ მაინც არ პასუხობს. უფრო მეტიც - შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია იგივე ვაშინგტონისთვის შეიძლება საფრთხე იყოს.
ირანთან აშშ-ის სრულფასოვანი სავარაუდო ომის შემთხვევაში რუსეთს საქართველოს ტერიტორია სახმელეთო ტრანზიტის სახით დაჭირდება. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა მიზნად დაისახა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზების ინიცირება. ღიად რჩებოდა მხოლოდ კითხვა: რის გამო შეიძლებოდა ქუჩაში ხალხის გამოყვანა?
მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მოძრაობა უკვე დიდი ხანია დისკრედიტირებულია, ახალი ოპოზიციური ლიდერი კი საქართველოში ჯერ არ ჩანს. ამიტომაც ფსონი დაიდო ახალაგაზრდობაზე და თავისუფლების იდეის მანიპულირებაზე, თანაც მისი ყველაზე ფართო და შეიძლება ითქვას, აბსტრაქტული გაგებით. მალე, ალბათ, „თამაშში ჩაერთვებიან“ მასმედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების მძაფრ კრიტიკას დაიწყებენ და ამით ცეცხლზე ნავთს დაასხამენ.
ამ ფონზე სრულიად კანონზომიერად მოჩანს დიდ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. როგორც მასმედია აღნიშნავს, პარტიულ ყრილობაზე იგი დაბნეული ჩანდა და განაცხადა, რომ „პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება რთული იყო და ჩემს გეგმებში არ შედიოდაო“.
საქართველოში სიტუაცია დაძაბული იქნება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ბიძინა ივანიშვილი თავის კანდიდაურას წარადგენს და, ალბათ სწორედ მის მიერ დასახელებული კანდიდატი გაიმარჯვებს კიდეც, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას უკვე ამოცანა დაუსახა - მომავალი პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული დამრტყმელი ძალების განლაგებაზე უნდა დათანხმდეს. „რუხი კარდინალი“ გრდემლსა და უროს შორის აღმოჩნდა: მისი თანხმობა თეთრი სახლის მოთხოვნაზე აუცილებლად გამოიწვევს მოსკოვის მკვეთრ რეაქციას. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი: მისი ვაჟი, რეპერი ბერა, პროტესტანტი ახალგაზრდების მხარეზე დადგა. ბერა რომ მხოლოდ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი იყო, მისი გადაწყვეტილება შეიძლება პირად ინტერესად მიჩნეულიყო, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ეს აშკარად არაგამჭვირვალე მინიშნებაა მის პოლიტიკურ ქვეტექსტზე.
როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონის მოთხოვნას შეასრულებს და საქართველოში აშშ-ის სამხედრო ძალები განლაგდებიან. ანუ როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა აშშ-ში, „პლაცდარმად იქცევა დასავლური ალიანსებისათვის, კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგისათვის“. რუსეთს კი საბოლოოდ წაერთმევა ირანში სახმელეთო ტრანზიტის შანსი“.
