„Sohu“ (ჩინეთი): 2008 წლის აგვისტოს ომმა მოდერნიზებული რუსული მოიერიშეების არაეფექტურობა წარმოაჩინა
„Sohu“ (ჩინეთი): 2008 წლის აგვისტოს ომმა მოდერნიზებული რუსული მოიერიშეების არაეფექტურობა წარმოაჩინა
11:31 14.05.2018
ჩინური გამოცემის, «推荐 - Sohu»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია რუსეთის სამხედრო ავიაციის განვითარების საკითხები, კერძოდ, მოიერიშე თვითმფრინავის Су-25-ის მოდერნიზება მისი ახალი ვარიანტის - Су-25СМ3-ის სახით, რომელზეც 1,6 მილიარდი რუბლი დაიხარჯება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე 2019 წლის ნოემბრისათვის 4 მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი უნდა მიიღოს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ლი ჟენის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია Су-25 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზებასთან დაკავშირებული პრობლემები: „მიუხედავად იმისა, რომ პავლე სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო, რომელიც Су-25 თვითმფრინავებს ქმნიდა, რუსეთში მდებარეობს, თვითმფრინავის მწარმოებელი ქარხანა საქართველოშია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს საქართველოსთან ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, ამიტომაც მოსკოვმა ვერ შეძლო თავის დროზე განეხორციელებინა Су-25-ის გაუმჯობესება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს Су-25 ტიპის 200 თვითმფრინავი დარჩათ, შესაბამისად, რუსებს არ შეეძლოთ მდიდარი მემკვიდრეობის იგნორირება. როცა ავიაგამანადგურებელ МиГ-27-ის უტილიზაცია განხორციელდა, რუსეთმა დარჩენილი Су-25-ების მოდერნიზებაზე ფიქრი დაიწყო. პირველი მოდერნიზება მხოლოდ 2002 წელს განხორციელდა (121-ე სარემონტო ავიაქარხანაში) და 2005 წლისათვის რუსეთის სამხედრო ავიაციამ გაუმჯობესებული Су-25СМ-ები მიიღო.

მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, Су-25СМ-ებს ნაკლი აღმოაჩნდათ: 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს (ერთი მხრივ - საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ - რუსეთს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს შორის), Су-25СМ-ებმა არაეფექტურობა გამოავლინეს: ჯერ ერთი, რომ მათ არ ჰქონდათ თანამედროვე რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა და მეორე - მოძველებული აღმოჩნდა მათი სამიზნე კომპლექსი. Су-25СМ-ების ამ ნაკლმა გამოიწვია ის, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებმა სამი მოიერიშე ჩამოაგდეს, რამდენიმე კი დააზიანეს, რომლებმაც ძლივს მოახერხეს საბაზო აეროდრომზე დაბრუნება.

ცხადია, ამგვარი არასასიამოვნო შედეგი რუსებისათვის კონფუზი იყო, მათი იმიჯის შელახვა. ამიტომაც, სამხედრო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა Су-25СМ-ების მოდერნიზება და მის საფუძველზე Су-25СМ3-ების შექმნა გადაწყვიტეს. მიზანი წარმატებით განხორციელდა: თვითმფრინავი აღიჭურვა თანამედროვე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსით, რომელიც მოწინააღმდეგეს სატელევიზიო და თბოვიზორული არხებით „იჭერს“, მის ბორტზე დამონტაჟდა რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩამოგდებული თვითმფრინავების პრობლემა თვით ამ ტიპის (ანუ Су-25-ების) თვითმფრინავებში კი არ მდგომარეობდა, არამედ იმაში, რომ ზოგადად, სხვა საშუალებების განვითარების კვალობაზე, მოიერიშე „მძიმე“ ავიაციის გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, სირიაში, სადაც სწორედ უახლესი ტექნიკით მოდერნიზებული Су-25СМ3-ები მონაწილეობენ, მათ მაინც არ შეუძლიათ ყველა რაკეტის „დაჭერა“ და მათი განადგურება. ნიშანდობლივია, რომ ისრაელი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და აშშ ახლო მანძილზე ავიაშეტევებისათვის წარმატებით იყენებს უპილოტო ავიაციას, რაც ნიშნავს, რომ ის ერა, როცა მოიერიშე და მოიერიშე-ბომბდამშენი ავიაცია ჰყვაოდა, დღეს უკვე თავის დაისს მიუახლოვდა.

სამწუხაროა, რომ რუსეთს, რომლის წინააღმდეგ დასავლური სანქციები მოქმედებს, თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა არ შეუძლია. მართალია, ისინიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ მფრინავის მსხვერპლის თავიდან აცილების გარანტიას იძლევა. რუსეთი საკუთარ უპილოტო თვითმფრინავებს ქმნის, მაგრამ მუშაობა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომაც რუსებს სხვა გზა ჯერ-ჯერობით არ აქვთ - გააგრძელონ თავიანთი მოიერიშეებით სარგებლობა.


ბეჭდვა