გერმანიის შს მინისტრი: ვსწავლობთ საკითხს, რამდენად სწორი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება; მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი
გერმანიის შს მინისტრი: ვსწავლობთ საკითხს, რამდენად სწორი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება; მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი
13:08 09.05.2018
გერმანიაში გამოქვეყნდა მონაცემები 2017 წელს ჩადენილი დანაშაულებათა შესახებ. „დოიჩე ველე“ შეეცადა იმის გარკვევას, დაზარალდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოება ლტოლვილთა მოზღვავების გამო და რატომ აქვს დაკავებული განსაკუთრებული ადგილი ქართველებს სტატისტიკურ მონაცემებში.

„გერმანიაში 2017 წელს 5 მილიონ 762 ათასი დანაშაულია ჩადენილი - ეს ყველაზე მცირე რაოდენობაა 1992 წლის შემდეგ“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა 8 მაისს ბერლინში, სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების მიერ მომზადებული 2017 წლის კრიმინალური სტატისტიკის წარდგენის დროს, - „და თუ დანაშაულის ამ რაოდენობას ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე გადავანაწილებთ, ასეთი [პოზიტიური] მდგომარეობა (7 ათასი დანაშაული ყოველ ასი ათას მცხოვრებზე) გერმანიაში უკვე 30 წელია არ ყოფილა“, - დაამატა მინისტრმა.

მაგრამ იცით, პარადოქსი რაში გამოიხატება? დანაშაულის რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მოსახლეობას კი სხვაგვარი შეგრძნება აქვს - ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბოლო დროს გერმანიის ქალაქების ქუჩებში სიარული სახიფათო გახდა.

იქნებ ლტოლვილები არიან დამნაშავენი? მაგრამ ლტოლვილებს გერმანიის მოქალაქეთა შიშებში ბრალი არ მიუძღვით. ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელიც ადრე ყოველთვის აკრიტიკებდა გერმანიის კანცლერის, მისი აზრით, ზედმეტად ლიბერალურ მიგრაციულ პოლიტიკას, გუშინ, 8 მაისს, სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ კრიმინალის დონის დაკლება გამოიწვია ჩადენილი დანაშაულის შემცირებამ როგორც გერმანელების, ასევე მიგრანტების მხრიდან, მათ შორის, ლტოლვილებს შორისაც.

მთლიანობაში, გერმანიაში 2017 წელს ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 9,6%-ით შემცირდა. მკვლელობათა საქმეების გახსნის დონე 95,6%-ს შეადგენს, სოციალური დახმარებით ბოროტად სარგებლობის - 99,1%. კლებულობს ბინების ძარცვა, ჯიბის ქურდობა, ველოსიპედების მოპარვის ფაქტები.

ჰორსტ ზეეჰოფერის აზრით, საცხოვრებელი ბინების ძარცვის ფაქტების შემცირება იმით აიხსნება, რომ პოლიცია უფრო მეტად ყურადღებიანი გახდა, ქალაქის ქუჩებს და საცხოვრებელ რაიონებს უფრო ხშირად პატრულირებს. ასევე თვითონ მოსახლეობაც უფრო ფხიზლადაა, შედარებით უფრო კარგად იცავს თავის ბინას - კარს და სარკმელებს ორ-სამ საკეტს უკეთებს.

მინისტრის თქმით, დანაშაულის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გერმანია ფართოდ თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლის მოქალაქეები გერმანელების ბინებს ძარცვავდნენ. მაგალითად, საქართველოსთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლის უფლება მიეცათ, გერმანიაში მკვეთრად იმატა იმ ქართველების რაოდენობა, რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღება მოისურვეს. საქმე იმაშია, რომ ეს მოქალაქეები, თავიანთ „თხოვნაზე“ პასუხის მიღების მოლოდინში, ბინების გატეხვით იყვნენ დაკავებულნი.

ბერლინმა თბილისს ზომების მიღება მოსთხოვა და, რა დასამალია, უვიზო რეჟიმის შეჩერება-გაუქმებითაც კი დაემუქრა.

იმოქმედა თუ არა ამ მუქარამ? „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის ამ კითხვაზე ჰორსტ ზეეჰოფერმა ასე უპასუხა: „საქართველოდან მიგრანტების ნაკადი ტალღისებურია. ზოგჯერ არის შემაშფოთებელი პიკები, თუმცა შემდეგ ხდება ნაკადის შემცირება. ამიტომ მე არ შემიძლია სიტუაციის ზუსტი პროგნოზი გავაკეთო... თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემი სამინისტრო სწავლობს საკითხს, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი“.

რასაკვირველია, თვითონ ბერლინს არ აქვს იმის უფლება, რომ საქართველოსთვის კვლავ სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ეს ევროკავშირის პრეროგატივაა. მაგრამ ჰორსტ ზეეჰოფერი გვპირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიტანს საქართველოს ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გერმანიის ხელისუფლებას უფლება ექნება საქართველოს მოქალაქეების განცხადებები თავშესაფრის მიღების თაობაზე გამარტივებული პროცედურით განიხილოს და სწრაფად მოახდინოს მათი დეპორტი სამშობლოში.

პრეს-კონფერენციის დროს მინისტრს კონკრეტული ციფრები ხელთ არ ჰქონდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტებს საჭირო მონაცემები სამინისტროს თანამშრომლებმა გადმოუგზავნეს. როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა მიერ 2017 წელს ჩადენილი დანაშაულის წილი საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,1%-ს შეადგენს, თანაც ქართველების რაოდენობა ყველა ქვეყნებიდან მაძიებელთა შორის მხოლოდ 0,7%-ია. საერთოდ კი, დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების 75% ძირითადად ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.




წყარო: «Deutsche Welle» (გერმანია)

ბეჭდვა