„მწერალმა ერიკა ფატლანდმა ჩრდილოეთ კორეიდან ნორვეგიამდე იმოგზაურა. მისი მიზანი იყო გაეგო, თუ რა გავლენას
ახდენს რუსეთი თავის მეზობლებზე. ერიკა ფატლანდმა თავისი მოგზაურობის შესახებ წიგნი დაწერა“, - ნათქვამია სტატიაში ორიგინალური სათაურით „ნორვეგიელმა მწერალმა ქალმა რუსეთის ირგვლივ მდებარე ქვეყნები შემოიარა: „ვლადიმერ პუტინი რეგიონული მოთამაშეა. იგი გიჟი არაა, პირიქით“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ქრისტინა ნედგორ-ნილსენის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
მწერალი ეწვია ჩინეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას... საქართველოში იგი შეხვდა 80 წლის ქართველ მოხუცს, რომელმაც ერთხელ, ხუთი წლის წინათ, გაიღვიძა და ნახა, რომ რუსები, რომლებიც ადრეც ცდილობდნენ საზღვრის გადაწევას, ახლა ღამით, შეუმჩნევლად გადაწიეს საზღვარი ისე, რომ მოხუცი და მისი სახლი საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა, სამხრეთ ოსეთში. ეს სეპარატისტული რესპუბლიკა წინათ საქართველოს შემადგენლობაში იყო, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით მან 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ერიკა ფატლანდი საქართველოს საზღვრამდე აზერბაიჯანელმა მძღოლმა მიიყვანა. მისთვის ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, რომ საქართველოს საზღვარს უახლოვდებოდა. „მოგზაურობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, საზღვარზე გადასვლისას როგორ შეგხვდებიან და რა ქვეყანაში მოხვდები. ჩემთვის საქართველოს საზღვარი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ქართველი მესაზღვრეები ძალზე მხიარულები აღმოჩნდნენ. ჩემთვის საქართველო საყვარელი ქვეყანა გახდა“, - ამბობს ერიკა, - პატარა ქვეყნებს აინტერესებთ, რას ფიქრობენ უცხოელები მათზე. უკან რომ მოვდიოდი, საზღვარზე კითხვები დამისვეს - რას ფიქრობთ საქართველოზე, როგორ მოგეწონათ ქართული საჭმელები... ალბათ, ასეთი კითხვების დასმა თითქოსდა არასერიოზულია, მაგრამ ეს მოწმობს, რომ ისინი ცნობისმოყვარე და საინტერესო ხალხია. თუ გადაწყვიტეს დახმარება და ზეიმის მოწყობა, ყველაფერს გადადებენ. მე ვიტყოდი, რომ ამ თვალსაზრისით ქართველები ათჯერ იტალიელები არიან. ამიტომ საქართველოში მოგზაურობა ძალიან მხიარული და ადვილია“.
ერიკა ფატლანდის მოგზაურობის განზრახვის დროს დაემთხვა რუსეთის მოქმედება საზღვრების შეცვლის მიზნით. მოსკოვმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთში ომის გაჩაღებას ხელი შეუწყო.
„რუსები ყოველთვის ოპორტუნისტები არიან და თამაშის წესებს ნაკლებად იცავენ, ვიდრე, ვთქვათ, ბევრი დასავლური სახელმწიფო. რუსები ყველა შემთხვევას იყენებენ, რომ მათი ქვეყანა უფრო დიდი გახდეს. ვფიქრობ, მომავალშიც ასე გააგრძელებენ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რეგიონული მოთამაშეა. იგი გიჟი არ არის, პირიქით - ის ყველაფერს აკეთებს, რაც, მისი აზრით, სასარგებლოა თავისი ქვეყნისათვის, თუმცა ხშირად არღვევს საერთაშორისო სამართალს და წესრიგს. ბევრ შემთხვევაში ეს უსინდისობაა“, - ამბობს ერიკა ფატლანდი და იხსენებს რუსეთის მიერ ჩეჩნეთის დაბომბვას 1990-იან წლებში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ომს, ბრძოლას ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინისათვის.
„რუსეთი ყოველთვის შეეცდება უკან დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც მის შემადგენლობაში შედიოდნენ. რუსების ცნობიერებაში ყაზახეთისა და ბელარუსის ტერიტორია რუსული ტერიტორიაა. ამასთან, არა მგონია, რომ რუსეთი გაბედავს და ნატოს წევრ ქვეყანას „უკბენს“, რადგან მისთვის შედეგები სატირელი იქნება. მაგრამ მის მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, უსაფრთხოება გარანტირებული არ აქვთ. ყაზახეთს, სანამ მას პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობს, არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ მისი რეჟიმის მემკვიდრე რუსეთთან ურთიერთობას არ დააბალანსებს, ყაზახეთი შეიძლება შემდეგი მიერთებული ქვეყანა აღმოჩნდეს“.
ყველამ იცის, რომ რუსეთი დიდი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა ბევრად ჩამოუვარდება ჩინეთს. წინა საუკუნეებში პირიქით იყო - რუსეთი ჩინეთთან შედარებით უფრო ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩინეთმა დიდი ნახტომი გააკეთა და მოკლე დროში რუსეთი უკან ჩამოიტოვა. დღეს რუსეთს ძალიან სჭირდება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, პეკინი კი მოსკოვს მხოლოდ ერთ-ერთ და არცთუ ისე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს“, - ამბობს ერიკა ფატლანდი.
„მომავალში რუსეთი, ალბათ, კიდევ შეეცდება გაფართოებას, მაგრამ მას იგივე ბედი ეწევა, როგორიც იმპერიებს, რომლებმაც მეზობლების ტერიტორიები „მოკბიჩეს“. იმპერიები მუდმივები არ არიან, ბევრი იმპერია არსებობდა, შემდეგ კი იშლებოდნენ და ქრებოდნენ. რუსეთში ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. რუსეთის სახელმწიფო არაეფექტურია კორუფციისა და სუსტი ეკონომიკის გამო. ვფიქრობ, რომ რუსეთი კიდევ გაფართოვდება, მაგრამ საბოლოოდ დაიშლება. მე არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის მოხდება მისი დაშლა, მაგრამ მჯერა, რომ 100 წლის შემდეგ რუსეთის საზღვარი ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღესაა. მისი საზღვარი უფრო მოკლე იქნება“.
----------
Berlingske - დანიის ყველაზე ძველი გაზეთი, მისი პირველი ნომერი დაიბეჭდა 1743 წლის 3 იანვარს. ამჟამად ტირაჟით (98 ათასი ეგზ.) მესამე ადგილზეა.
