«Dünya Bülteni»(თურქეთი): აშშ-ს, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს მხარს უჭერდა და ამხნევებდა, რუსეთის ჩარევის შემდეგ თბილისისთვის სიტყვიერი რიტორიკის გარდა არაფერი გაუკეთებია
«Dünya Bülteni»(თურქეთი): აშშ-ს, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს მხარს უჭერდა და ამხნევებდა, რუსეთის ჩარევის შემდეგ თბილისისთვის სიტყვიერი რიტორიკის გარდა არაფერი გაუკეთებია
13:39 27.04.2018
თურქული გამოცემის, «Dünya Bülteni»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ტუგრულ ოქტემის ავტორობით გამოქვეყნებული მასალიდან:

„1999 წელს - მაშინ, როცა რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ქვეყანას კორუფცია, კრიზისები და კონფლიქტები ღრღნიდა, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად დაინიშნა, შემდეგ კი პრეზიდენტად იქნა არჩეული. პირველ რიგში ახალმა ლიდერმა მძაფრი ბრძოლა დაიწყო ოლიგარქებთან, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებდნენ: „ან სახელმწიფოს მხარეზე იქნებით, ან რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა ოლიგარქებს. მან მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: რუსეთის ეკონომიკამ აღმავლობა დაიწყო, რაშიც ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნავთობზე და გაზზე მსოფლიო ფასების მატებამ. ასე იყო თუ ისე, ამ ყველაფერმა ვლადიმერ პუტინის პოზიციები განამტკიცა.

ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე რუსეთის ხელისუფლებამ მკაცრი ბრძოლა დაიწყო ჩეჩნური ტერორიზმის წინააღმდეგ - იმ ამერიკული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ვაშინგტონმა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ შეიმუშავა. აქაც ვლადიმერ პუტინმა აშკარა წარმატებებს მიაღწია, ხოლო ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგებით მან რუსეთის მოსახლეობაში ნდობა და ავტორიტეტი განიმტკიცა.

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ პრეზიდენტმა მეტი ყურადღება დაუთმო საგარეო პოლიტიკას, დასავლეთს და საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგა. მოსკოვი იმ დროს, 2004-2007 წლებში ძალიან იყო შეშფოთებული ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესით. უკვე დღის წესრიგში დგებოდა საკითხი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თაობაზე. რადგანაც ორივე რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან, მოსკოვმა ჩათვალა, რომ ნატოს რუსეთის ალყაში მოქცევა სურდა. ვლადიმერ პუტინმა მიიჩნია, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოს სამხედრო ბლოკში (და ევროკავშირშიც) გაწევრიანება რუსეთისათვის გეოპოლიტიკურად მიუღებელი იყო და დასავლეთს სიგნალი მისცა კრემლის საგარეო პოლიტიკის ცვლილების შესახებ, რაც მან მიუნჰენის უსაფრთხოების 43-ე კონფერენციაზე, 2007 წელს გააჟღერა. რუსეთის ლიდერმა გააკრიტიკა აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების პოლიტიკა, ნეგატიურად შეაფასა ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების მცდელობა და, დაეყრდნო რა რუსეთის გაზრდილ პოტენციალს, ბრძოლისათვის მზადყოფნა გამოაცხადა.

მიუნჰენში ვლადიმერ პუტინის ისტორიული გამოსვლა მართლაც გახდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური ტრანსფორმაციის მანიშნებელი. მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი „ფერადი“ რევოლუციების შემდეგ მათ წინააღმდეგ მიმართული შემაკავებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომლის მთავარ მიზანს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის დამუხრუჭება და შემდეგ შეჩერება წარმოადგენდა. შესაბამისად, რუსეთი 2008 წელს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერია და, ბუფერული ზონის სახით, მის ტერიტორიაზე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის [მარიონეტული] სახელმწიფოები შექმნა. დასავლეთს და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კრიზისამდე საქართველოს მხარს უჭერდა და ამხნევებდა, რუსეთის ჩარევის შემდეგ თბილისისათვის არაფერი გაუკეთებია, სიტყვიერი რიტორიკის გარდა. (...)

აშშ-ის მიერ მოგვიანებით ინიცირებული ეკონომიკური სანქციები არ აღმოჩნდა ისეთი შედეგიანი, როგორსაც ელოდებოდნენ რუსეთის შეჩერების მიზნით. გარკვეულწილად იმიტომ, რომ დასავლეთის ბევრი სახელმწიფო, უმთავრესად კი ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისაგან ნავთობსა და ბუნებრივ საწვავ გაზს ყიდულობენ. ამ ფონზე რუსეთმა, შეიძლება ითქვას, თავისი მთავარი მიზანი შეისრულა - არ დაუშვა ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ვაშინგტონის რეპუტაცია კი სერიოზულად დაზარალდა. მოკლედ, რუსეთმა უპირატესობა მიიღო და ამით დასავლეთის სისუსტე გამოავლინა.

მოსკოვმა აჩვენა, რომ მას, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლია. სამხრეთ კავკასიის შემდეგ რუსეთმა ძალისმიერი აქცია განახორციელა უკრაინაშიც, განსაკუთრებით დონბასისა და ყირიმის საკითხში. უკრაინის მიერ კონტროლირებული ნახევარკუნძულის ანექსიამ სტატუს-ქვო შავი ზღვის აკვატორიაშიც შეცვალა, სადაც რუსეთმა დომინირება დაიწყო. მოსკოვმა დაგეგმა და ახორციელებს საზღვაო ფლოტის რეორგანიზაციას, მის გაძლიერებას ახალი გემებით (...).

მას შემდეგ, როცა რუსეთმა ახლო საზღვარგარეთში ვითარება თავის სასარგებლოდ შეცვალა, 2015 წლიდან სულ უფრო მეტად დაიწყო სირიის კრიზისში ჩარევა. ტარტუსის, სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის გარდა, მოსკოვმა ლატაკიაში, ბასილ ალ-ასადის სახელობის ხმეიმის აეროდრომიც მიიღო, სადაც სირიის ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, თავისი ავიაცია განალაგა. ამ მომენტიდან სირიის კრიზისის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა - ოპოზიციამ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ პოზიციები დაკარგეს, ხოლო სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა კვლავ ძალის მოკრება დაიწყო.

შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა, რომელიც ადრე თავს დასავლეთის ალყაში მყოფად მიიჩნევდა, საქართველო-უკრაინის ამბებში ჩარევით „ალყა“ გაარღვია, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ანუ რუსეთისაგან საკმაოდ მოშორებულ რეგიონში, დასავლეთს კონკურენტის სახით დაუპირისპირდა. სირიის ამბებში წარმატების მიღწევის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ რუსეთი ზესახელმწიფოდ ჩათვალა. რასაკვირველია, ასეთი შეფასება შეიძლება მთლად რეალისტური არაა და სინამდვილეს არ ასახავს, მაგრამ აშკარაა, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთმა საერთაშორისო არენაზე 1990-იან წლებში დაკარგული პრესტიჟი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაიბრუნა.

რუსეთი, რომელსაც თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე სახმელეთო სახელმწიფოს უწოდებდნენ, დღეს თავისი ფლოტის წყალობით სულ უფრო მეტად საზღვაო სახელმწიფოდ მოჩანს, კერძოდ, შავიდან ხმელთაშუა ზღვამდე. რუსეთი, რომლის შესახებაც საუკუნეთა განმავლობაში ლაპარაკობდნენ როგორც თურქეთის ჩრდილოელ მეზობელზე, დღეს მის სამხრეთითაც იმყოფება, სირიის ნაპირებზე. ასეთი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია უახლოეს ხანში შეიძლება საინტერესოდ აისახოს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.





ბეჭდვა