"novayagazeta"(რუსეთი): საქართველოსთან სომხეთს რაიმე მტკივნეული პოლიტიკური პრობლემა არ აქვს, თუმცა ქართული კომპანიები სომხური ტვირთების გადასაზიდად მაღალ ტარიფებს აწესებენ
"novayagazeta"(რუსეთი): საქართველოსთან სომხეთს რაიმე მტკივნეული პოლიტიკური პრობლემა არ აქვს, თუმცა ქართული კომპანიები სომხური ტვირთების გადასაზიდად მაღალ ტარიფებს აწესებენ
12:31 25.04.2018
სომხეთში ხელისუფლების მკვეთრი ცვლილების შემდეგ დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგება: როგორი იქნება ერევნის ურთიერთობა მოსკოვთან? რა ბედი ელოდება ყარაბაღის პრობლემას და როგორ მოიქცევა ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთის ახალი ხელისუფლების მიმართ? შეიცვლება თუ არა საქართველოსთან დამოკიდებულება? რა ნაბიჯებს გადადგამს თურქეთი?

რუსული გამოცემის, «Новая газета»-ს კითხვებს პასუხობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პოლიტიოლოგი ალექსანდრე კარავაევი:

ა) რუსეთთან სომხეთის სტრატეგიული დონის ურთიერთობა გაგრძელდება. ამასთან, არაა გამორიცხული ერევანმა წამოჭრას საკითხი, რომ რუსეთმა გიუმრის სამხედრო ბაზით სარგებლობისათვის იჯარის ფასი უნდა გადაიხადოს. ამჟამად სომხეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს ფულს არ ახდევინებს, რადგან ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკაში რუსული კომპანიების როლს. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ქუჩაში გამომსვლელ და კაბინეტებში მომუშავე პოლიტიკოსებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სომხეთში შეიძლება ქუჩაში ერთი იძახონ, მაგრამ კაბინეტებში მეორე გადაწყვიტონ.

ბ) ევროპამ სომხეთის „რუსული ვექტორი“ გარკვეულწილად უკვე „შეავიწროვა“: ერევანი სულ უფრო მეტად აღრმავებს ევროკავშირთან ურთიერთობას. გავიხსენოთ, რომ გასულ წელს ხელი მოეწერა „ასოცირების შეთანხმებას“ - ეს ხდება „ევრომიზიდულობის“ ფონზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეიმჩნევა. გარდა ამისა, ევროპა მზადაა სომხეთის პროდუქციისათვის კვოტები დააწესოს, ახალი ტექნოლოგიები შესთავაზოს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთადერთი, რის გაკეთებაც ვაშინგტონს შეუძლია, ისაა, რომ შეეცადოს რუსეტს „სტრატეგიული მოკავშიურე“ წაართვას, მაგრამ დღეს ამის გაკეთება რთულია. ამერიკას სომხეთში ინტერესები ნაკლები აქვს, ვაშინგტონს აზერბაიჯანი უფრო აინტერესებს. სხვათა შორის, აშშ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებაში მონაწილეობისაგანც დისტანცირებს.

გ) საქართველოსთან სომხეთს რაიმე ისეთი მტკივნეული პოლიტიკური პრობლემები გადასაწყვეტი არ აქვს, თუმცა არსებობს ერთი მაკროეკონომიკური საკითხი: ქართული სატრანსპორტო კომპანიები სომხური ტვირთების გადასაზიდად მაღალ ტარიფებს აწესებენ, რაც აზერბაიჯანს სავსებით აკმაყოფილებს. ერევან-ბაქოს ურთიერთობაში „დათბობა“ გამორიცხულია, სანამ მთიანი ყარაბაღის პრობლემა არსებობს. სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული თურქეთთან ურთიერთობაც.


ბეჭდვა