«Radio Voice of America» (აშშ): ფრანგულ-ბერძნული აპერკოტი ქართულ მაფიას
«Radio Voice of America» (აშშ): ფრანგულ-ბერძნული აპერკოტი ქართულ მაფიას
11:44 19.04.2018
ქართულმა მაფიამ ევროპაში მძლავრი დარტყმა მიიღო. 16-17 აპრილს საბერძნეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთდროულად ჩატარებული ოპერაცია „კავკასია-ნორმანდიის“ ფარგლებში, ქართული მაფიის "ბოსად" წოდებული, რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფების 40-მდე წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს. ლაშა შუშანაშვილის აყვანის ოპერაციაში, რომელიც ქალაქ სალონიკთან ახლოს, პატარა ქალაქ პილაიაში ჩატარდა, საბერძნეთის სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის Ε.Κ.Α.Μ-ის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენი იყო ჩართული.

ბერძნული მედიის ცნობით, ქართველმა კრიმინალებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლებისას ორი ადამიანი დაიჭრა. ამ დრომდე უცნობია დაჭრილთა შორის არის თუ არა თავად ლაშა შუშანაშვილი. საბერძნეთში ასევე დააკავეს კანონიერი ქურდები ნოდარ შუკაკიძე („ნოდო გლდანსკი“), მერაბ ასანიძე („ჩიკორა“) და ქართულ მაფიასთან დაკავშირებული, საქართველოს კიდევ 23 მოქალაქე.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა ბინების ჩხრეკის შემდეგ, 25 000 ევრო, მოპარული ოქროულობა, ელექტრონული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამ ჯუფმა მხოლოდ სალონიკში 56 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ლომბარდი გაქურდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთო ზარალმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა.

ქართული დაჯგუფება საბერძნეთში საფრანგეთის პროკურატურის მიერ გაცემული ევროპული ორდერის (EAW) საფუძველზე აიყვანეს. საფრანგეთი ლაშა შუშანაშვილისა და კიდევ რამდენიმე დაკავებულების ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ ქალაქ რენის პროკურორმა ნიკოლას ჟაკემ განაცხადა: „ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. რენის საგამოძიებო ორგანოში JIRS-ში სპეციალური ჯგუფი 2017 წლის იანვარში შეიქმნა. საფრანგეთსა და საბერძნეთში შედგა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო შეხვედრები ევროპოლის, ევროიუსტის, ეროვნული ჟანდარმერიის OCLDI-ის ოფისის ეგიდით, რის შედეგადაც სექტემბერში პირველი ფრანგულ-ბერძნული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფორმირება მოხდა. ჩატარებულმა ჩხეკამ საშუალება მოგვცა გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ“.
საფრანგეთის ტერიტორიაზე „კავკასია-ნორმანდიის“ საპოლიციო ოპერაციაში, 300-მდე ჟანდარმი იყო ჩართული. მათ კაენში, მონტობანსა და რენში საქართველოს 14 და სომხეთის ერთი მოქალაქე აიყვანეს. მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე („სიუ“), „ქურდული საერთოს“ „მაყურებლები“ პაატა ახალაძე, ელგუჯა შუკაკიძე და ლევან გოჩიაშვილი. დაკავებულია რეპერი და მსახიობი „კაბუც“ - კახა აბუაშვილი, რომელიც პაატა ახალაძის ახლო მეგობარია. დაპატიმრებულთა შორის ოთხი ქალია. ევროპაში ქართული მაფიის ამ განშტოებას ბოლო წლებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბინისა და მაღაზიის გაძარცვაში ედება ბრალი.

საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შსს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში და ყველა დაკავებული მძიმე დანაშაულშია ბრალდებული: „ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას. სხვადასხვა ქალაქში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არაერთი ნივთმტკიცება იქნა ამოღებული. ბრალდებულები საფრანგეთის და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“.

56 წლის ლაშა შუშანაშვილი - ქართული მაფიის ბოსი - არაერთ უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული. ბოლო პერიოდში, პოსტსაბჭოთა სივრცის „ქურდული სამყაროს“ აღიარებული ლიდერებიდან, პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც თავისუფლებას ინარჩუნებდა. ეს იმ ფონზე, როცა „ლაშა რუსტავსკიზე“ ძებნა იყო გამოცხადებული და მის ექსტრადირებას რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, ესპანეთი, რუსეთი და საქართველოც მოითხოვდა.

საბერძნეთში, სადაც ლაშა შუშანაშვილი 10 წელზე მეტია ცხოვრობს, მას „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერობისთვის“ 2013 წელს 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა დიავატის ციხეში, სადაც კონდიციონერით აღჭურვილ საკანში იჯდა და პირადი მზარეული ემსახურებოდა, ლაშა შუშანაშვილმა მცირე დრო დაჰყო და 2015 წლის ბოლოს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გირაოთი გათავისუფლდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლაშა შუშანაშვილი ორჯერ მოხვდა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქცირებულთა „შავ სიაში“, პირველად 2012 წელს, ძმასთან, ასევე „კანონიერ ქურდ“ კახა შუშანაშვილთან ერთად, რომელიც ამჟამად ესპანეთში 20 წლიან სასჯელს იხდის და მეორედ 2017 წელს, უკვე როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. თავად ლაშა შუშანაშვილი აცხადებს, რომ „კეთილსინდისიერი ბიზნესმენია და მაფიასთან არაფერი აკავშირებს“.
--------
დოსიე: ლაშა შუშანაშვილი

(იგივე „ლაშა რუსტავსკი“, „ტოლსტი“, „შანაში“, „ესკობარი“)

დაიბადა 1961 წლის 25 ივლისს რუსთავში, პირველი სასჯელი 18 წლის ასაკში მოიხადა. საქართველოს ტერიტორიაზე 1979-1991 წლებში სხვადასხვა დანაშაულის გამო რამდენჯერმე იქნა გასამართლებული. ლაშა შუშანაშვილი „კანონიერ ქურდად“ გოგი ჩიქოვანმა აკურთხა - კრიმინალურ სამყაროში გავლენიანმა „ქურდმა“.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ლაშა შუშანაშვილი საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გადავიდა, მალევე პოსტ-საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ბოსის, თბილისელი „ქურდის“ ასლან უსოიანის იგივე „ბაბუა ჰასანის“ მარჯვენა ხელი გახდა. 2002 წელს რუსეთის მოქალაქობის სასარგებლოდ, საქართველოს მოქალაქობაზე უარი თქვა.

2006 წელს ზაქარია კალაშოვის („შაქრო მოლოდოი“) დაპატიმრების შემდეგ, ლაშა შუშანაშვილისა და მისი ძმის კახა შუშანაშვილის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა, 2008 წელს რუსეთი ორივეს დაატოვებინეს, ძმები ევროპაში გადაბარგდნენ და ესპანეთ-საბერძნეთის "მიმართულებას" აკონტროლებდნენ.

ლაშა შუშანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ერთის მხრივ, „ქუთაისელებისა“ (ტარიელ ონიანი) და „სოხუმელების“ (მერაბ ჯანგველაძე) და მეორეს მხრივ, „თბილისელთა“ (ასლან უსოიანი, ზაქარია კალაშოვი) და „რუსთაველთა“ (შუშანაშვილები) მრავალწლიან განგსტერულ ომში, რომელსაც ორივე მხრიდან არაერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის, „ბაბუა ჰასანიც“ შეეწირა.

ავსტრიის პოლიციისა და ევროპოლის ცნობით, 2009-10 წლებში ლაშა შუშანაშვილი საქართველოში ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ცდილობდა, მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით. მაშინ ოფიციალური თბილისი ლასა შუშანაშვილს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. მან მოგვიანებით ბრალდებები უარყო.

2013 წლიდან, ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ, მისი ქურდული იმპერიის რამდენიმე მილიარდიან ფინანსურ აქტივებს სწორედ ლაშა შუშანაშვილი განაგებდა და პოსტ-საბჭოთა „ქურდული ოფისის“ დროებით მმართველად მიიჩნეოდა. სწორედ ლაშა შუშანაშვილის ინიატივით მოაწერა ხელი 40-მდე "კანონიერმა ქურდმა" ტარიელ ონიანის სასიკვდილო განაჩენს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ ორი „გენერალისიმუსის“ ვიაჩესლავ ივანკოვისა („იაპონჩიკი“) და ასლან უსოიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ლაშა შუშანაშვილის მთავარი კონკურენტი და დაუძინებელი მტერი ტარიელ ონიანი 10-წლიანი სასჯელის მოხდას ამთავრებს და ციხეს აპრილის ბოლომდე დატოვებს.

ბეჭდვა