"novoye vremya"(აზერბაიჯანი): ნატოში საქართველოს გაწევრიანება თურქეთს ალიანსისათვის უსარგებლო ქვეყნად აქცევს
"novoye vremya"(აზერბაიჯანი): ნატოში საქართველოს გაწევრიანება თურქეთს ალიანსისათვის უსარგებლო ქვეყნად აქცევს
11:18 18.04.2018
აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время», ეხმიანება თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას მხარს უჭერს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

სირიის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ შექმნილ მწვავე პოლიტიკურ ფონზე თურქეთის ნაბიჯები, კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. „ანკარა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ კავკასიაშიო, ბრძანა მევლუდ ჩავუშოღლუმ.

განა თურქეთის ინტერესებია ნატოს გაფართოება? ძალიან საეჭვოა და აი, რატომაც.

როგორც ცნობილია, თურქეთი ნატოს წევრი 1952 წლიდანაა. სხვათა შორის, ალიანსში მისი მიღება ნატოს პირველ გაფართოებად ჩაითვალა, მანამდე კი სამხედრო ბლოკში მხოლოდ 12 დამფუძნებელი ქვეყანა იყო. იმ პერიოდიდან თურქეთი ნატოს სამხრეთ ფლანგს იცავდა. მაგრამ წლები გადიოდა და „დრონი იცვალენ“: თუ ადრე აშშ და ნატო თურქეთს მოკავშირედ მიიჩნევდნენ, დღეს ვაშინგტონი და ბრიუსელი ანკარას ლამის მტრად თვლიან.

სირიის მიმართულება, სადაც ერთი მხრივ - აშშ-სა და ნატოს და მეორე მხრივ - თურქეთს საერთო მიზნები აქვთ (არცერთს არ სურს პრეზიდენტად ბაშარ ასადის დარჩენა), ანკარისთვის დამამშვიდებელი მომენტი არ უნდა იყოს. მართალია, თურქეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი სირიის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო დარტყმას, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის კონფლიქტური სიტუაცია სწორედ სირიის მოვლენების გამო ჩამოყალიბდა: თეთრმა სახლმა ღიად დაუჭირა მხარი სირიაში მებრძოლ ქურთების სამხედრო ქვედანაყოფებს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლის. ამგვარმა გარემოებამ აშშ-სა და თურქეთს შორის „განხეთქილების ვაშლის“ როლი შეასრულა.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტს არ გაუფუჭებია ვაშინგტონ-ანკარის ურთიერთობა. თურქეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დავიწყებია აშშ-ის მიერ გამოხატული მდუმარე თანხმობა 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიმართ. თავის მხრივ, ჯერ კიდევ დღის წესრიგშია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ნატოს ბაზა „ინჯირლიყის“ ბედის გადაწყვეტა... ისმის ოფიციალური პირების ხმამაღალი განცხადებები ნატოდან თურქეთის შესაძლო გასვლის თაობაზეც.

ამის პარალელურად სწრაფად უარესდება თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირთან, რომლის წევრად მიღებას ანკარა დიდი ხნის განმავლობაში წარუმეტებლად ცდილობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთის ფრონტი თურქეთის და საერთოდ, მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ არის მიმართული - ეს უკვე იმდენად აშკარად ჩანს, რომ ამის დამალვას არავინ არ ცდილობს. ხშირად ხდება, რომ ევროპის დედაქალაქებს და მთავრობებს ანტითურქული ისტერია მოიცავს ხოლმე. სხვათა შორის, თურქეთი ვალში არ რჩება.

რეჯებ ერდოღანი ხშირად აცხადებს, რომ დასავლეთი მსოფლიოს რიგ ქვეყნებში მუსულმანური უმცირესობის „ეთნიკურ წმენდებს ვერ ამჩნევენ“. პრეზიდენტის ნათქვამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ თურქეთი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირით, მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას. საიდუმლოს არ გავამხელთ, თუ ვიტყვით, რომ ნატოში საქართველოს მიღება (ანუ ალიანსის მოსვლა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში) ჩვენს რეგიონში ძალიან სახიფათო დაძაბულობას შექმნის.

იმავდროულად ნატოში საქართველოს გაწევრიანება და შესაბამისად, ალიანსის გამოჩენა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, თვითონ თურქეთს ნატოსათვის უსარგებლო ქვეყნად აქცევს.

არასტაბილურობის რკალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან იწყება, უეჭველია, სამხრეთ კავკასიასაც გადაფარავს. რა თქმა უნდა, მოსკოვი მდუმარედ არ დააკვირდება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებას მის საზღვრებთან: რუსეთი იძულებული იქნება ადექვატურად უპასუხოს ალიანსის ნაბიჯებს.

აქსიომაა ისიც, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ერთმნიშვნელოვნად მოახდენს სიტუაციის დესტაბილიზებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისედაც დენთის კასრს წარმოადგენს აქ არსებული კონფლიქტური პრობლემების გამო. ეს წამგებიანია როგორც აზერბაიჯანის, ისე თურქეთის ინტერესებისათვის.

წუთიერმა გეოპოლიტიკურმა სარგებელმა, რომელიც სირიას უკავშირდება, არ უნდა დაჩრდილოს თურქეთის რესპუბლიკის გლობალური ინტერესები, რომლებიც, როგორც ბოლო მოვლენები ადასტურებს, გამოხატულია ანკარის ნატოსაგან და ევროკავშირისაგან დამოუკიდებელ პოზიციაში და თურქეთის საგარეოპოლიტიკური ვექტორების შეცვლაში დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.


ბეჭდვა