შვედური გამოცემის, «Svenska Dagbladet»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია
ინციდენტი საქართველოში კონცერტების ჩასატარებლად ჩამოსული ბერძნული მეტალ-ჯგუფ Rotting Christ-ის წევრებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისის აეროპორტში დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით, ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე.
Rotting Christ-ის ფრონტმენი საკის ტოლისი ჰყვება:
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში 12 აპრილს, დილით ადრე ჩავფრინდით. აეროპორტიდან გამოსვლისას პოლიციამ მე და ჩემი ძმა - ფემიდ ტოლისი გაგვაჩერა და დოკუმენტების კიდევ ერთხელ შემოწმება დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ გვიბრძანეს ისევ აეროპორტში გავყოლოდით დაკითხვის მიზნით, თუ რატომ ჩამოვედით საქართველოში. ჩამოგვართვეს დოკუმენტები - პასპორტები, მობილური ტელეფონები და ჩაგვსვეს საკანში. როცა დაკავების მიზეზის განმარტება მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ინფორმაცია „კონფიდენციალურია“. ჩვენმა იურისტებმა მოგვიანებუით გვაცნობეს, ჩვენ თურმე შეყვანილი ვყოფილვართ სიაში, რომელშიც ეროვნული უსაფრთხოებისათვის არასასურველი პირები შედიან. ისე გამოვიდა, რომ [საქართველოს პოლიციამ] ჩვენ სატანისტებად შეგვრაცხა, შესაბამისად, ტერორიზმში ეჭვმიტანილებად.
წინასწარი გაფრთხილებისა და ყოველგვარი ოფიციალური ბრალდების გარეშე ჩვენ აღმოვჩნდით საპყრობილეში, ჩაგვკეტეს პატარა და საკმაოდ ჭუჭყიან საკანში, არ გვქონდა გარესამყაროსთან, იურისტებთან და საბერძნეთის საელჩოსთან დაკავშირების შესაძლებლობა თითქმის 12 საათის განმავლობაში. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით, ამ ხნის განმავლობაში ჩვენთვის რაიმე ინფორმაცია არავის არ შეუტყობინებია.
საბედნიეროდ, [არაკეთილსაიმედო ადამიანთა] სიაში დაფიქსირებული იყო მხოლოდ ჩემი სახელი „ტოლისი“. შესაბამისად, ჯგუფის დანარჩენმა ორმა წევრმა და ადგილობრივმა პრომოუტერმა დიდი ძალისხმევა გასწიეს საპყრობილედან ჩვენი გათავისუფლების მიზნით. საქმეში ჩაერიენ იურისტები, ჟურნალისტები და ქართველი აქტივისტები...
დიდად მადლობელნი ვართ ყველას მიმართ, რომლებმაც ამ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ მათი დახმარებით შევძელით მიზნის შესრულება - საკონცერტო შოუს ჩატარება. ეს ფანტასტიკური რამე იყო. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს - ქართველ მეტალ-ძმებს აქტიური მხარდაჭერისათვის“.
Rotting Christ-ის წევრებმა საქართველო რაიმე გართულების გარეშე დატოვეს და სომხეთში გაემგზავრნენ.
----------
თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ მასალები გამოქვეყნდა კიდევ ერთ შვედურ გაზეთ Helsingborgs Dagblad-ში, აგრეთვე ამერიკულ მასმედიაშიც, რომელიც მუსიკის სფეროს მოვლენებს აშუქებს. წყაროები:
https://www.hd.se/2018-04-16/musiker-fangslade-i-georgien-for-satanism;
https://www.loudersound.com/news/rotting-christ-frontman-arrested-in-eastern-europe;
http://thequietus.com/articles/24395-rotting-christ-terrorism-arrest-georgia
