«RFE//RL» (აშშ): ფეთქებადსაშიში ქართული თემა
«RFE//RL» (აშშ): ფეთქებადსაშიში ქართული თემა
11:46 17.04.2018
(იზიდა ჭანია, სოხუმელი ჟურნალისტი, „ნუჟნაია გაზეტას“ მთ.რედაქტორი)

ჩვენს საზოგადოებას სკანდალები რეგულარულად აზანზარებს. ზოგჯერ ლოკალური, რომლებიც ხშირად რომელიმე დანაშაულთან არიან დაკავშირებულნი, უფრო იშვიათად - გრანდიოზული, როცა უკვე გგონია, რომ ქვა-ქვაზე არ დარჩება და ყველაფერი დაემხობა - ხელისუფლებაც, სახელმწიფოც... მაგრამ გადის დრო და სიტუაცია წყნარდება. ასე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის დროს. მოგვიანებით „მიზიდულობის ცენტრად“ პარლამენტი იქცა. დღეს აღარავის ახსოვს, თუ რა მივიღეთ იმ აქციების შედეგად. ვიხმაურეთ და დავიშალეთ. თუმცა, თუ გავაანალიზებთ ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარ ყველაზე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, იოლად შევნიშნავთ, რომ მათი მიზეზი ყველაზე ხშირად საქართველოსთან ურთიერთობა ხდებოდა: კანონი მოქალაქეობის შესახებ (2009 წელს), აფხაზური პასპორტების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე (2014 წელს), საქართველოს მოქალაქის ამნისტია (2018 წელს)... ანუ თბილისთან დამოკიდებულების საკითხი აფხაზეთის საზოგადოების „აქილევსის ქუსლად“ რჩება. შესაბამისად, არცთუ ისე იშვიათად აფხაზი პოლიტიკოსები ქართული კარტით სარგებლობენ, რათა ყბადაღებული „ნავი შეარყიონ“ და ამით საკუთარი მიზნები განახორციელონ.

გასულ კვირას აფხაზები სოციალურ ქსელებში „მიტინგობდნენ“. მათი აღშფოთების მიზეზი გახდა გაჟონილი ინფორმაცია საქართველოში აფხაზი ექიმების ტრენინგის შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მთლიანად უარყო სოციალური ქსელების ანონიმური მომხარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს თბილისში სემინარებზე და ტრენინგებზე არავინ გაუგზავნია. პრესსამსახურის ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების განათლებისა და სპოეციალიზაციის დონის ამაღლებაში მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობს. თუმცა ოფიციალური განცხადების ბოლოში მაინც იყო მითითებული, რომ ზურაბ ლაკერბაიას მიმართეთ, რომელიც, ალბათ, საქმის კურსშიაო.

აუცილებელია განვმარტოთ, რომ ზურაბ ლაკერბაია 1995 წლიდან ერთმანეთისადმი ორი მტრულად განწყობილი ქვეყნის - აფხაზეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარების საკითხებში. ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ იგი დაკავებული იყო სოხუმ-თბილისის მოლაპარაკების ორგანიზებით (ეუთოს, გაეროს, რუსეთის ეგიდით). მართალია, ზურაბ ლაკერბაია თვითონ ეთნიკური აფხაზია, მაგრამ იმავდროულად იგი ორი ქვეყნის - აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, შეიძლება ითქვას, იურიდიული კოლიზეაც, როცა საქართველოს მოქალაქე აფხაზეთის მოქალაქეცაა და თანაც საკმაოდ კანონიერი საფუძვლით.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აფხაზეთის კანონი კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ იმავდროულად ითვალისწინებს მოქალაქეობას ყველა ეთნიკური აფხაზისათვის. სწორედ ეთნიკური აფხაზის ასეთი უფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ზურაბ ლაკერბაია იყოს როგორც აფხაზეთის წარმომადგენელი საქართველოში, ისე საქართველოს წარმომადგენელიც აფხაზეთში - ყველა პრეზიდენტისა და ყველა მთავრობის დროს.

დღეს ზურაბ ლაკერბაია ჰუმანიტარულ-სამედიცინო პროექტებით არის დაკავებული. იმ ფაქტის შემდეგ, რაც მისმა სახელმა საქართველოში აფხაზი ექიმების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით ზემოთ აღწერილ სკანდალში გაიჟღერა, ზურაბ ლაკერბაიამ განმარტა, რომ საქართველოში არავითარი სასწავლო სემინარი არ ყოფილა, საკითხი ეხება ჰოლანდიიდან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების - რეანომობილების მოწოდებას, რომელიც ჰოლანდიიდან საქართველოშია ჩატანილი და ამიტომ სამი აფხაზი ექიმი თბილისში ჩავიდა რეანომობილის გასაცნობად და მის წამოსაღებადო. ზურაბ ლაკერბაიასათვის გაუგებარია, რატომ მიექცა ამ ფაქტს ესოდენ დიდი ყურადღება.

ზურაბ ლაკერბაიასთან საუბრის შემდეგ დავინტერესდი, ვინ გაავრცელა პირველად ინფორმაცია აფხაზი ექიმების თბილისში ყოფნის თაობაზე და ჩემდა გასაკვირად, „ქართული კვალი“ აღმოვაჩინე. ანუ მორიგი ქართულ-აფხაზური სკანდალი ვირტუალურ ქსელში ჯერ საქართველოდან იქნა პროვოცირებული, შემდეგ კი აფხაზმა მომხმარებლებმა მზადყოფნით აიტაცეს. შესაძლოა დამთხვევაა, ან არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის „მშვიდობიანი ინციატივების“ შემდეგ. იმავე დროს ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია აფხაზეთის იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებმაც სამედიცინო დახმარება საქართველოში მიიღეს, აგრეთვე იმ თანხების შესახებ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ დახარჯა „სეპარატისტული რეგიონების“ (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) მოქალაქეებზე. ინფორმაციას რომ ისეთი კომენტარები არ ჰქონოდა, რომელთა მიხედვით, ქართველებს სულაც არ სიამოვნებთ საკუთარი მთავრობის ქველმოქმედება, მე არც დავიჯერებდი, რომ „უმადურ“ აფხაზებს ამ ყველაფერს „ცხვირწინ უტრიალებენ“.

არ დავიწყებ ამ ინფორმაციის წყაროს ჭეშმარიტი მიზნებისა და განზრახვების ძიებას, რადგან ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის საინტერესოა ჩემი ქვეყანა და ჩემი ხელისუფლების მოქმედება, რომელმაც მეოთხედი საუკუნის მანძილზეც კი ვერ შეძლო მკაფიო და ნათელი სტრატეგიის ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ - ისეთისა, რომელიც აფხაზეთის ყოველი მოქალაქისათვის იქნებოდა გასაგები: ითვლება თუ არა იგი სამშობლოს მოღალატედ, როცა მკურნალობას იწყებს მტრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა აფხაზეთში საქონელი საქართველოდან შემოაქვს, როცა ქართულ ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობს და ფეხბურთის საყურებლად საქართველოში დადის?

დავიჯერო მეოთხედი საუკუნე არაა საკმარისი იმისათვის, რომ შემუშავებულიყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მოწყობილიყო აფხაზეთ-საქართველოს სრულფასოვანი სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი „ენგური“ ყველა ატრიბუტით? ანდა შესაძლოა საზღვრის გაუგებარი მდგომარეობა, რომლის მეშვეობითაც კონტრაბანდა უწყვეტად მოედინება, იმის „საფუძვლის ჩაყრას“ ნიშნავს, რომ 2019 წლის არჩევნების დროს მასობრივი პროტესტები მოეწყოს? ხოლო „ექიმების ტრენინგი“ არჩევნებისწინა მოთელვაა?

მაგრამ მაშინ, თავაზიანად რომ ვთქვათ, როგორი არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ „ასეთი „ფეთქებადსაშიში თემით“ ისარგებლო - იმის ნაცვლად, რომ ცხვირწინ არსებული პრობლემა გადაწყვიტო? იმავდროულად ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა ისინიც დავინახოთ, ვინც [ჩვენთან] სუვერენული აფხაზეთის ნორმალური საზღვრების წინააღმდეგ გამოდის.

ბეჭდვა