„vz.ru“(რუსეთი): საქართველომ რუსი დიპლომატი აშშ-სა და ბრიტანეთის ელჩების ზეწოლით გააძევა
„vz.ru“(რუსეთი): საქართველომ რუსი დიპლომატი აშშ-სა და ბრიტანეთის ელჩების ზეწოლით გააძევა
14:43 31.03.2018
ქართული მხარის მიერ რუსი დიპლომატის გაძევებას რუსული გამოცემა «Взгляд»-ი, ევგენი კრუტიკოვის სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ასეთი სურათი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში რიგითი თბილისელები და საერთოდ, საქართველოს მცხოვრებლები რუსეთის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ: კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ ქართველების გრძნობებზე ძალიან იმოქმედა. ამასთან დაკავშირებით, რუსი დიპლომატის გაძევება საქართველოდან მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპასა და აშშ-ში მომხდარი ანალოგიური ისტორიებისაგან.

საქართველომ ერთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება (შვეიცარიის საელჩოდან) „დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად“ მიიღო. თბილისისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ მძიმე იყო. თბილისი ყოყმანობდა, დროს იგებდა. საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად ვინმეს გაძევება განზრახული არც იყო..

„ჩაის სმა“ ჭავჭავაძეზე

„ვზგლიად“-ის ხელთ არსებული მონაცემებით, გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩების ზეწოლით მოხდა. იმავდროულად საქართველო მათ რამდენიმე დღეზე შეევაჭრა - იქნებ ცოტა ხანი მადროვოთ, ასე უცებ რომ გავაძევო, უხერხული იქნებაო. საქმე იმაშია, რომ თბილისის მოსახლეობა (და არამარტო რუსულენოვანი) აქტიურად გამოხატავდა რუსი ხალხისადმი თანაგრძნობას კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, მცირე მემორიალიც კი გაჩნდა. თვით სექციაში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, სექციის ხელმძღვანელი ევგენი კონიშევი პირადად ხვდებოდა სტუმრებს და ადგილობრივ თუ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კეთილგანწყობილ ინტერვიუებს აძლევდა.

ჰოდა, ასეთ ატმოსფეროში საქართველოს მთავრობამ რუსი დიპლომატების გაძევება, უბრალოდ, ვერ გაბედა. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი სიტუაცია საკმაოდ მომგებიანად გამოიყურება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯთან შედარებით, რომლებიც თავიანთ თავს ძალიან დემოკრატიულ და გულშემატკივარ-თანამგრძნობ ქვეყნად მიიჩნევენ. დიახ, ასე ჩანს იმის მიუხედავადაც კი, რომ გაძევების დროის გადადება შესაძლოა ნაკარნახევი იყო არა ემოციებით, არამედ შედეგების რაციონალური შეფასებით.

გასაგებია, რომ ექსცესები თავიდან ვერ იქნა აცილებული, თუმცა საყურადღებოა, რომ ამ ექსცესების ინციატორები ფაქტიურად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები იყვნენ, ე.წ. „მიშისტები“, რომლებთაც ყველაფერი „ერთ ადგილზე ჰკიდიათ“. მაგალითად, „ნაციონალმა“ აქტივისტმა გივი კუბლაშვილმა ორთაჭალაში, ერთ-ერთ სასტუმროსთან შეხლა-შემოხლა მოაწყო და ფლაგშტოკიდან რუსული ალამის ჩამოხსნა მოითხოვა:

„ჩვენ, ქართველი პატრიოტები, თბილისის ცენტრში რუსული დროშის ფრიალს ვერ მოვითმენთ, ოკუპანტი ქვეყნის დროშა ყველა ქართველისადმი შეურაცხყოფაა. მოხსენით, თორემ ჩვენ თვითონ მოვალთ და მოვხსნით“, - განაცხადა მან სასტუმროს მენეჯერთან ლოდინში. მენეჯერი მოვიდა და გივი კუბლაშვილი ცხრასართულიანით „ერთ ადგილზე“ გაგზავნა. რაღას იზამდა გივი, იგი იძულებული გახდა იქიდან წასულიყო. აი, სულ ერთადერთი ინციდენტი ბოლო დღეებში.

შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების სექცია სულ რაღაც ათიოდე აკრედიტებულ რუს დიპლომატს ითვლის, ევგენი კონიშევის ჩათვლით, რომელმაც თავისი თანამდებობა წელიწადზე ცოტა ნაკლები ხნის წინ დაიკავა. იგი საქართველოში სომხეთიდან ჩავიდა, სადაც გიუმრიში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობდა.

მან სექციის შემადგენლობა სრულიად განაახლა. სხვათა შორის, საქართველოში ამ სექციას ძველებურად „საელჩოს“ ეძახიან, თუმცა მას მხოლოდ ფორმალური საკონსულო ფუნქციების შესრულება ევალება. რასაკვირველია, არსებობს შეხვედრების ტრადიცია-პრაქტიკა რუსეთის მოქალაქეებთან და საერთოდ, რუსულენოვან მოსახლეობასთან, რაზედაც საქართველოს ხელისუფლებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს. სექციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვადიმ გორელოვმა დააფუძნა ე.წ. „ჩაის სმის“ ტრადიცია, რომლის ვიდეოჩანაწერი „ფეისბუქშიც“ ქვეყნდებოდა. ჰოდა, ამ არასტანდარტული პრაქტიკის ირგვლივ ტიპიური ქართული ხმაური ატყდა, რომლის დროსაც ადგილობრივი აქტივისტები (უმეტესად სომხები და რუსები) მოღალატეობასა და კორუფციაში დაადანაშაულეს.

საერთოდ კი, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსული სექცია თბილისში საკმაოდ აქტიურად მოქმედებს, ამიტომაც რუსი დიპლომატები ხშირად პროვოკაციების ობიექტები ხდებიან, ძირითადად საეჭვოდ დაინტერესებული ბლოგერების მხრიდან.

ჟენევური არდადეგები

ოფიციალური თბილისი გაძევებული რუსი დიპლომატის გვარს არ ასახელებს, თუმცა მის რანგს და თანამდებობას ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობისათვის ეს ნაბიჯი დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს, რომლის თავიდან აცილება მან ვერ შეძლო, გარე ძალებზე დამოკიდებულების გამო.

არადა, მიმდინარე წელიწადში თბილისი დაბეჯითებით ცდილობდა რაიმე მკვეთრი ნაბიჯი არ გადაედგა მოსკოვის მისამართით, რაც მას მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდა - ორმხრივი ურთიერთობის სპეციფიკისა და ქართული მენტალიტეტის გამო. მოსკოვისადმი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაც კი, რომელიც შემრიგებლური ტონით იყო ჩაფიქრებული, ისეთი გამოვიდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა დიპლომატიურად, მაგრამ მაინც საკმაოდ მკვეთრად ეპასუხა. მოსკოვი კატეგორიულად წინააღმდეგია საქართველომ რაიმე წინასწარი პირობები წამოაყენოს სახელმწიფოთაშორისო დიალოგის აღდგენის მიზნით და თბილისს ჟენევისაკენ მიუთითებს, სადაც 2008 წლიდან დაუსრულებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბოლო 43-ე რაუნდი 27-28 მარტს ჩატარდა და ისეთნაირად დამთავრდა, როგორსაც ელოდებოდნენ - უშედეგო შედეგით. (...) მთავარი მიზნის - ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ეს საკითხი უკვე პინგ-პონგის პარტიად გადაიქცა (...).

რუსეთისათვის აშკარად მძიმე ტვირთია ჟენევის კონსულტაციები, რადგან თბილისმა მოლაპარაკება თეატრად გადააქცია და, როგორც სამინისტრო აცხადებს, „თავისი იდეოლოგიური კლიშეების გასაჟღერებლად იყენებს“. „საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე - დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების მიერ საზღვარგარეთ კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა და გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, - ხაზს უსვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მაგრამ, თუ გულწრფელები ვიქნებით, თბილისი ამ კანონს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააუქმებს - უცხოპლანეტელების შემოსევის დროს.

პროფესიონალი რუსი დიპლომატები ჟენევის კონსულტაციებს ჩვეულებრივი მოლაპარაკების მაგიდად მიიჩნევენ, სადაც ისეთი კლასიკური დიპლომატია რეალიზდება, რომელიც „მგიმო“-ში უსწავლიათ. ის ადამიანები კი, რომლებსაც მონათესავე ან სხვა პროფესია აქვთ, ჟენევას დიდი ხანია რაღაც რიტუალად თვლიან, რომლის უარის თქმისთვის ხელის აწევა ძნელია და იძულებულნი არიან ინერციით ნახევრადცოცხალ მდგომარეობაში შეინარჩუნონ. შუალედური პოზიცია ამ მიდგომებში არ არსებობს.

როგორც ჩანს, „სუფთა დიპლომატიური ძალებით“ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი შეუძლებელია, სხვა ინსტრუმენტები კი არ არსებობს. ამიტომაც იძულებულნი ვართ ისეთ პარტნიორებთან თამაშში ჩავებათ, რომელთა ქცევაც კი გამაღიზიანებელია, მათ პოლიტიკურ პოზიციებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვისაც კი ჟენევაში „საქმის წარმოების“ ქართული მეთოდები საკმაოდ გამოუცდია, ერთხელ და სამუდამოდ ფორმატის დახურვას მოითხოვს, ახალბედები კი ერთ-ორ წელიწადს კიდევ გაუძლებენ.

იმავდროულად მოსკოვში ჯერ კიდევ ძლიერია იმათი პოზიციები, ვინც თვლის, რომ „ჟენევის მოლაპარაკებას პერსპექტივა აქვს, რაღაც მიღწევები არის. გარდა ამისა, ჟენევა თბილისთან მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატიაო“. ცხადია, ამ პოზიციას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ უფრო მეტად პერსპექტიული იქნება მოლაპარაკების ფორმატის შეცვლა თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი კონტაქტების ფორმატით, რაც არსებული ფორმატის გაუქმებას ითხოვს.

ეს ჩიხი უფრო მეტად იდეოლოგიურია, ვიდრე პოლიტიკური. კონსულტაციები შვეიცარიაში შეიძლება უსასრულოდ გააგრძელდეს. ზურგსუკან დელეგაციები ამ შეხვედრებს უკვე „ჟენევურ არდადეგებს“ უწოდებენ, მაგრამ თანამედროვე პირობებშიც კი „სუფთა დიპლომატიას“ ჯერ კიდევ ვერ ჩავთვლით უკვე დრომოჭმულ პრაქტიკად. ტრადიციები ხომ საერთოდ წმიდათა წმინდაა.

ბეჭდვა