გავლენიანი გერმანული გამოცემა «Deutsche Welle», საქართველოს მოქალაქეების
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ კიდევ ერთ მასალას აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამალია ოგანჯანიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებმა, კერძოდ, გერმანიამ და შვედეთმა ლაპარაკი დაიწყეს, რომ შესაძლოა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მოქმედება შეჩერდესო. ბერლინ-სტოკჰოლმის ასეთი პოზიციის მიზეზი, ერთი მხრივ, ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მატებაშია, ლტოლვილობის მოტივით.
ლტოლვილთა საკითხების ევროპული სააგენტოს (EASO) მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა 2018 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეებისაგან 1859 განაცხადი მიიღეს ლტოლვილობის რეგისტრირებისა და თავშესაფრის მიღების თხოვნით, რაც რაოდენობით ორჯერ მეტია 2017 წლის იანვართან შედარებით. თანაც მათგან ნახევარი - 745 თხოვნა - სწორედ გერმანიაში წარდგენილი. საქართველოს ხელისუფლება შეშფოთდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს უვიზო რეჟიმის დარღვევების აღმოსაფხვრელად.
როგორ უხსნის საქართველო თავის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის წესებს
საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია უვიზო რეჟიმის წესებისა და მათი დარღვევის შედეგების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მითების გაფანტვას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში თითქოსდა იოლია თავშესაფრისა და დახმარების მიღება, სამუშაოთი და უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებისათვის სპეციალურად შეიქმნა მობილური კალკულატორი, რომელიც ავტომატურად ითვლის შენგენის ზონაში ყოფნის დღეებს.
თბილისს განზრახული აქვს მკაცრი სანქციები მიიღოს უვიზო რეჟიმის დამრღვევების მიმართ, მაგალითად, მათ თვითონ გადაიხადონ დეპორტაციის ხარჯები. უკვე მზადდება კანონპროექტი გვარის გამოცვლაზე მკაცრი კონტროლის შემოღების მიზნით. რადგანაც დღეს საქართველოში გვარის გამოცვლა იოლადაა შესაძლებელი, ამით სარგებლობენ ევროპიდან დეპორტირებულები, გვარებს იცვლიან და ისევ ევროპაში დაბრუნებას ახერხებენ.
ქართველების დეპორტაცია
თბილისი ევროპიდან დეპორტირებულებს უპრობლემოდ და დაუყონებლივ იღებს უკან და ამის გამო ევროპელი პარტნიორებისაგან ქება დაიმსახურა. ამას წინათ საქართველომ მიიღო ავსტრიიდან და გერმანიიდან დეპორტირებულები, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან გამოძევებულთა შორის არიან ისინიც, ვინც შენგენის ზონაში ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის შემოღებამდე წავიდნენ, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და შვილებიც იქ დაებადათ.
როგორ უნდა მოგვარდეს არალეგალური მიგრაციის პრობლემა
„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულ ყურადღებას უთმობს უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და დადებითად აფასებენ მიღებულ ზომებს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად.
თუმცა, როგორც ალ.რონდელის სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი კახა გოგოლაშვილი თვლის, დამრღვევთა მიმართ მკაცრი ზომები შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს და საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიოს. მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების საფრთხე ჯერ-ჯერობით ძალიან მწვავედ არ დგას და არც მათი რაოდენობაა ბევრი, რომლებიც თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. თუმცა, მისი აზრით, სრულიად გასაგებია ევროკავშირის ქვეყნების შეშფოთება მიგრაციის ზრდის თაობაზე.
ბოლო დროს საქართველოში პერიოდულად ისმის ხმები, რომ ევროპული მასმედია, კერძოდ კი გერმანული გამოცემები სპეციალურად ამახვილებენ საზოგადოების ყურადღებას საქართველოდან არალეგალურ მიგრაციაზე და თითქოსდა ამ კამპანიის უკან კრემლი დგას. „რასაკვირველია, ეჭვებს საფუძველი მართლაც აქვს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, - „მაგრამ ყველაფრის რუსულ პროპაგანდაზე დაბრალებაც არ გამოვა. უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ვიმუშაოთ და ევროპას ანტიქართული განწყობებისთვის საფუძველი არ მივცეთ“.
თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მირებული ზომები მოკლევადიანი პერსპექტივისათვის სრულიად ადექვატურია, მაგრამ უფრო სტაბილური შედეგების მისაღწევად სამომავლოდ თბილისმა არალეგალური მიგრაციის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას - ქვეყანაში უმუშევრობის დონე უნდა შეამციროს, უნდა გამოსწორდეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია. საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ხომ უკეთესი ცხოვრებისათვის მიდიან...
კორნელი კაკაჩიას აზრით, თბილისმა უნდა იზრუნოს ქართველებისთვის ევროპული შრომის ბაზრის შესაქმნელად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორმე მოახერხოს და ერთმანეთისაგან გამიჯნოს ის ადამიანები, რომლებსაც ევროპაში მუშაობა და სოციალური დაცვის მიღება სურთ და ისინი, რომლებიც ევროპაში საქურდლად მიზანმიმართულად მიდიან.
