„დღეს ჟენევაში მარავალმხრივი დისკუსიების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველო
განსაკუთრებული ყურადღებით და ერთგვარი შეშფოთებითაც კი უყურებს. პოლიტიკურ წრეებსა და მასმედიაში მუსირებს ინფორმაცია - მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ თუ ზეპირად უნდა მიიღონ დეკლარაცია ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. საქმე ეხება ერთობლივ განცხადებას, რომელსაც მოლაპარაკების ყველა მონაწილე დაეთანხმება - საქართველო, რუსეთი, აშშ, ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აგრეთვე გაერო, ევროკავშირი და ეუთო“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ქართული ოპოზიციის აზრით, დეკლარაციაზე თანხმობა ნიშნავს, რომ საქართველო ფაქტიურად აღიარებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, რადგანაც ისინიც იგივე უფლებას და დონეს იღებენ, როგორიც საქართველოს დელეგაციას აქვს. სიტუაციის შერბილების მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ „არავინ არაფერზე ხელს არ აწერს, მოლაპარაკება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულაო“, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ დაუჯერეს.
ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალურია, რომ ასეთი შეთანხმება (ანუ ძალის გამოუყენებლობის შესახებ) მხოლოდ რუსეთთან დაიდოს. ოპოზიციისათვის მიუღებელია, რომ დოკუმენტში ექს-ავტონომიების წარმომადგენლების ხელმოწერა ფიგურირებდეს, თუმცა მთავარი ესეც არ არის: „სტატუსის საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, განა ჩვენ მათი თავდასხმისა გვეშინია? საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული და საფრთხე სწორედ ოკუპანტის მხრიდან მოდის. სწორედ რუსეთმა უნდა მოგვცეს თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის გარანტია“, - ამბობს სერგი კაპანაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ამჟამად კი პარლამენტის წევრია „ევროპული საქართველოდან“. მაგრამ რუსეთისათვის ეს მიუღებელია, რადგან ამგვარი მიდგომით მოსკოვი კონფლიქტის მხარე ხდება. ბუნებრივია, რუსეთი კატეგორიულად აცხადებს, რომ კონფლიქტის მხარეები მხოლოდ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან და შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის მიზნით სწორედ მათ შორის უნდა დაიდოსო.
სხვათა შორის, საქართველოში არიან ისეთი ექსპერტები, რომელთა თვალსაზრისი სხვა დანარჩენი ქართველი ექსპერტებისაგან განსხვავდება. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ადრე კონფლიქტების დარეგულირების (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის) სახელმწიფო მინისტრი იყო, ახლა კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი აზრით, საქართველომ ამ შეთანხმებას ხელი აუცილებლად უნდა მოაწეროს. „ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი მიდგომა: ვინმეს წინაშე დათმობაზე წასვლა კი არ არის საჭირო, არამედ საკუთარი თავისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის არის – აფხაზეთის და ოსეთის მხარეებთან მოლაპარაკებები, და იმის გარკვევა, თუ რა სჭირდებათ მათ. რუსეთს კი უნდა უთხრან, რომ განზე „გაიწიოს“. თანახმა ვარ, რომ არც ისე მარტივია ეს ყველაფერი. ერთი მხრივ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, მეორე მხრივ – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. მაგრამ, თუკი საქართველო-რუსეთის დონეზე არაფერი გამოვა, იქნებ საქართველო-აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის დონეზე მაინც მივაღწიოთ თუნდაც რაიმე პროგრესს. რას იგებს საქართველო დროის გაწელვით, ან იმით, რომ არაფერი ხდება? იქნებ ღირდეს ჩვენს პოლიტიკას გადავხედოთ, და რაიმე ისეთი მიმართულება ავირჩიოთ, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებებისთვის მისაღები აღმოჩნდება, და ნაბიჯების გადადგმა ამ წერტილიდან გავაგრძელოთ.
თუ ჩვენ ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკებებზე უარს მხოლოდ იმიტომ ვამბობთ, რომ რუსეთ ასე უნდაო, მაშინ კიდევ ერთი ათი წლით ყველაფერი ძველებურად დავტოვოთ, მაგრამ იმაზე ვინ აგებს პასუხს, რომ ეს ხალხი სულ უფრო მეტად შორდება საქართველოს? რასაკვირველია, რუსეთს სურს, მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ის არაფერ შუაშია, მაგრამ აფხაზებთან და ოსებთან მსჯელობის დაწყება – სულაც არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი არაფერ შუაშია“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და საქართველოს ხელისუფლების გასაგონად აცხადებს: „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იმას ამბობს, რომ საქართველომ მოლაპარაკებების ეს სხვადასხვა დონე უნდა დაიწყოს“.
