მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პოლიტოლოგი ანდრეი
სუზდალცევი, რუსული რადიოსადგურის, «Радио Эхо Москвы»-ს ვებ-გვერდზე, საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფასებს და მის მიერ გახმაურებული იმ მესიჯების შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც, „ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარია“.
ავტორი სკეპტიკურად უყურებს ვარაუდს, რომ ლუკაშენკომ საქართველოში მოსკოვის გზავნილები ჩამოიტანა და წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს შუამავლად ლუკაშენკო არ სჭირდება.
„თბილისში ყოფნისას ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინის მიმართ ისეთი ეპითეტები იხმარა, რომ კრემლმცოდნეობის სპეციალისტს შეშურდებოდა: „მე რუსეთის პრეზიდენტთან მაგარი ურთიერთობები მაქვს, ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ არ მოგვეგვარებინაო“. რასაკვირველია, ალექსანდრე ლუკაშენკო ის კაცი არაა, ვინც შექმნილი ვითარებიდან დივიდენდებს არ ელოდება! ჰოდა, ქართველებს იმედიანად უთხრა: „რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას რუსეთთან, მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ყველა პრობლემას გადაგიწყვეტთ“.
საინტერესოა, ბელარუსის ლიდერმა წინასწარ თუ ჰკითხა მოსკოვს - უნდა რუსეთს „საქართველოსთან ყველა პრობლემის „გადაწყვეტა“? სხვათა შორის, თბილისს და მოსკოვს თავიანთი პოლიტიკური საკომუნიკაციო არხები აქვთ და საეჭვოა, მათ ბელორუსული „გაფუჭებული ტელეფონი“ სჭირდებოდეთ! აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისი, მოსკოვთან დიალოგის დაწყების მთავარ პირობად რუსეთის მხრიდან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებას და მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ითხოვს! აქედან გამომდინარე კითხვა: შეუძლია ალექსანდრ გრიგორევიჩს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოს?“-წერს სუზდალცევი.
p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: NSP.GE
