გავლენიანი ამერიკული ტელეკომპანიის, CNN-ის მიერ, ჯანლუკა მეცოფიორეს ავტორეობით
გასულ სიუჟეტში ნაჩვენებია მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოში მდებარე კურორტ გუდაურში მწყობრიდან გამოსულ საბაგირო გზის (საწევარას) ლიფტებიდან ხტებიან.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სიუჟეტის რეზიუმეს:
ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ ცოტა 10 ადამიანი დაშავდა იმ დროს, როცა კურორტზე მოქმედმა საბაგირო გზამ მაღალი სიჩქარით მოძრაობა საწინააღმდეგო (უკუღმა) მიმართულებით დაიწყო. როგორც CNN-ს მოთხილამურეები მოუყვნენ, მათ თავის გადარჩენის მიზნით მწყობრიდან გამოსული საბაგირო გზის ლიფტიდან გადმოხტომა მოუწიათ,.
32 წლის ბელორუსელი იური ლეონტიევის თქმით, იგი საბაგიროს ლიფტის სკამზე თავის ორ მეგობართან ერთად იჯდა, როცა ინციდენტი მოხდა. იგი თოვლზე გადმოხტა და სხვებსაც ეხმარებოდა: „საწევარა ჯერ გაჩერდა, შემდეგ მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო“, - უთხრა მან CNN-ს, - „იძულებულნი გავხდით გადმოვხტარიყავით, რადგან ბორცვის ქვემოთ, სადგურთან, საფრთხე გველოდა. იქ უკვე ყველაფერი ერთმანეთზე იყო მიყრილი და რკინის ნაგვად ქცეული. გადმოვხტით, სხვებს მივეხმარეთ, შემდეგ უსაფრთხო ადგილზე დავდექით და მოკლე ვიდეოკადრები გადავიღეთ“.
კიდევ ერთი თვითმხილველი, უკრაინის მოქალაქე ირინა ლადაკი, საბაგიროს ლიფტში თავის ბოიფრენდთან ერთად იჯდა: „საწევარა უეცრად გაჩერდა, შემდეგ კი უკან დაიწყო მოძრაობა“, - უყვება იგი CNN-ს, - „სიჩქარე სწრაფად მატულობდა. აშკარა იყო, რომ საბაგირო გზა კონტროლიდან გამოვიდა და აღარ ჩერდებოდა. ხალხი სხვადასხვა სიმაღლიდან ხტებოდა, დაიწყო პანიკა... ბევრმა გადახტომა ვერ მოასწრო და ქვემოთ, სადგურთან, დარტყმისაგან ლიფტის სკამებიდან გადმოვარდნენ“.
როგორც საქართველოს სამთო კურორტების განვითარების სააგენტომ CNN-ს აცნობა, შემთხვევის ადგილზე სათხილამურო პატრული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაგზავნეს, დაშავებულები ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო საბაგირო გზა „საძელეს“ მწყობრიდან გამოსვლის გამო, ათმა ადამიანმა სხეულის საშუალო დონის დაზიანება მიიღო. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ის დაუკავშირდა სამთო-სათხილამურო გზის მწარმოებელ Doppelmayr Garaventa-ს, მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიზნით.
