«Milliyet» (თურქეთი): რკინიგზა, რომელიც მოგების მომტანია სამი სახელმწიფოსათვის
«Milliyet» (თურქეთი): რკინიგზა, რომელიც მოგების მომტანია სამი სახელმწიფოსათვის
11:07 05.03.2018
თურქული გამოცემის, «Milliyet»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება თურქეთის ქალაქ ყარსში გამართული სამუშაო თათბირის შედეგებს, რომელზეც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის ექსპლოატაციის საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც გაზეთი იტყობინება, თათბირში მონაწილეობდნენ თურქეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრი ახმედ არსლანი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი, აგრეთვე აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელები ჯავიდ გურბანოვი და დავით ფერაძე.

სტატიაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის ახმედ არსლანის გამოსვლა თათბირზე: „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ის მომგებიანია მასში მონაწილე ქვეყნებისთვის - თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოსთვის. რკინიგზა კიდევ უფრო განვითარდება ყარსში ლოჯისტიკის ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ. დაგეგმილია რკინგზის განშტოებების გაყვანაც - ყარსი-იგდირის მიმართულებით, ნახჭევანისკენ“.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა თათბირის მონაწილეებს გაახსენა, რომ რკინიგზა გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა და მასში მონაწილეობა სამივე სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. „ეს ფაქტი პროექტის მნიშვნელობას ადასტურებს, ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით. რკინიგზის ექსპლოატაციისაგან მიღებული მოგებით სამივე ქვეყანა ისარგებლებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს წარმომადგენლის დავით ფერაძის გამოსვლასაც. მან მადლობა გადაუხდა თურქ მინისტრს ყარსში მიწვევისათვის: „მე ყარსში პირველად ვარ. ნამდვილად სასიხარულოა, რომ პროექტს ყველა მონაწილე ქვეყნებისათვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. საქართველო ყველაფერს გააკეთებს პროექტის წარმატებისა და სამომავლო თანამშროებლობის გაფართოებისათვის“.

თათბირის მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ისინი ეწვივნენ აგრეთვე ყარსის ციხე-სიმაგრის ახლოს მდებარე ერთ-ერთ კაფესაც, - აღნიშნულია სტატიაში.


ბეჭდვა