ნორვეგიული გამოცემის, «VG - Verdens Gang»ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში
გადმოცემულია 34 წლის ნორვეგიელი ანთროპოლოგისა და მწერლის ერიკა ფატლანდის მოგზაურობა რუსეთის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ მდებარე ქვეყნებში, რომლის საფუძველზეც დაიწერა 600-გვერდიანი წიგნი სახელწოდებით „საზღვარი“. წიგნმა კრიტიკოსების დადებითი შედასება დაიმსახურა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი - მეტე ფელჰეიმი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
ნორვეგიაში ოთხი კომპანია, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან დაკავებულნი, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებად მიიჩნევენ. ერიკა ფატლანდი წიგნში მკითხველს საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებსაც უზიარებს:
„საქართველო საოცარი ქვეყანაა, რომელიც კავკასიის მთებში მდებარეობს. ბოლო წლებში იქ ბევრი რამ მნიშვნელოვანი მოხდა. საქართველოში ყველაფერია: დიდებული ბუნება, მთები, თბილი ზღვა და პლაჟები, უგემრიელესი კერძები, ძალიან სტუმართმოყვარე და იმპულსური მცხოვრებლები. საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის, ბოლო დროს ეს ქვეყანა მსოფლიოს სხვა ნაწილებისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამიტომ იქ მცირე დროში ბევრი რამის ნახვას მოასწრებთ.
რუსეთთან საზღვარზე ევროპის ყველაზე მაღალი მთა მდებარეობს - იალბუზი, სადაც ზამთარ-ზაფხულ შეგიძლიათ ასვლა. გარდა მისა, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და დაათვალიეროთ უძველესი, ათასწლოვანი თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მომხიბვლელია, თუმცა ალაგ-ალაგ ცოტა მოუვლელიც. რაც შეეხება საჭმელებსა და ღვინოს, თბილისში თქვენ კმაყოფილი იქნებით - აქ ყველაფერი ბრწყინვალე დონეზეა, ღვინო სულ უფრო უკეთესი ხდება. საქართველოში შეგიძლიათ ვენახში ყურძნის კრეფაც.
კავკასიის რეგიონში საქართველო ჩემთვის ყველაზე საყვარელი, მიმზიდველი ქვეყანაა და ამაში არასოდეს არ დავეჭვდები“, - წერს თავის წიგნში ერიკა ფატლანდი.
