"რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი
კი - საქართველოს მთავარი მოკავშირე“. ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის კომიტეტების დახურულ სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა, რომელიც პირველად გამოვიდა ანგარიშით პარლამენტში - თავდაცვა-უშიშროების, საგარეო ურთიერთობებისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტების წევრების წინაშე, სამი წლის მუშაობის შედეგებით, აგრეთვე ინფორმაციით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
„რასაკვირველია, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დახურული იყო და მოხსენებიდან ბევრი რამ არ გამოქვეყნებულა. ალბათ, საინტერესოა, თუ რა ითქვა სომხეთ-აზერბაიჯანის შესახებ. რაც შეეხება რუსეთს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ მტრად, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, ქართველთა ნეგატიური დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლისადმი თანდათან მცირდება.
თურქეთის საქართველოს მოკავშირედ დასახელება, როგორც ეს დავით სუჯაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი და გასაკვირი არ არის. მართალია, საბჭოთა კავშირის დროს თურქეთი ქართველებისათვის სისხლისმსმელ აგრესორად იყო წარმოჩენილი, მაგრამ გასაგებია, რომ კომუნისტურ რეჟიმისათვის [ნატოს წევრი] თურქეთის ასეთი ნეგატიური სახით წარმოდგენა მომგებიანი იყო. ამასთან, ბოლო ათწლეულებმა ქართველებს აჩვენა, რომ სწორედ თურქეთი ითვლება ერთ-ერთ იმ მეზობლად, რომელსაც შეიძლება საქართველო ბევრ საკითხში ენდოს. საქართველოს ხომ თურქული ბიზნესი მნიშვნელოვნად ასაზრდოებს, ქართული ეკონომიკა რომ არ იძირება, ეს ხომ ბევრად სწორედ თურქული ინვესტიციების წყალობითაა. თურქული სამშენებლო, სავაჭრო და ტურისტული კომპანიები საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს დასაქმებით უზრუნველყოფს. ანუ ქართველებს უცხოეთში სამუშაოს საძებნელად წასვლა არ ჭირდებათ. სწორდ ამიტომ საქართველოს სტრატეგიებსა და დოქტრინებში მთავარ პარტნიორთა შორის ანკარაც ფიგურირებს“.
(...)
დავით სუჯაშვილის მოხსენების ფონზე ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სპეცსასამხურები ზედმეტად ასაიდუმლოებენ თავიანთ საქმიანობას. ბესიკ ალადაშვილის თქმით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი კონტროლი სპეცსამსახურების საქმიანობისადმი“ ხელმძღვანელია, პოზიტიურად აფასებს პარლამენტში დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დეპუტატების შეხვედრის ფაქტს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ „შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისათვის არ უნდა იყოს. უფრო მეტი ინფორმაციიის გაჟღერებაა საჭირო ღია წყაროების მეშვეობით. დაზვერვის სამსახურის უფროსის ანგარიში პარლამენტის წინაშე წინაშე შეიძლება შეფასდეს როგორც კონტროლის განხორციელების მცდელობას საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლიც სპეცსამსახურებისადმი“.
