„kaspiy“(აზერბაიჯანი): ვისთან ხარ საქართველო? სომხეთმა ზემო ლარსის ალტერნატივა უნდა დაივიწყოს
„kaspiy“(აზერბაიჯანი): ვისთან ხარ საქართველო? სომხეთმა ზემო ლარსის ალტერნატივა უნდა დაივიწყოს
15:15 21.01.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც, 2011 წლის მოსკოვს-თბილისის ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების შემოწმებას ითვალისწინებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გოშგარ ალიევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:

„ტვირთების მონიტორინგის თაობაზე საქართველოს მიერ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან შეთანხმების გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთისთვის უკვე გაჩნდა ზემო ლარსის ალტერნატივა. თბილისში და ერევანში სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, რომელთა თანახმად, სომხეთს კიდევ დიდი ხნის ლოდინი მოუწევს. საქართველოში თვლიან, რომ თუ აღნიშნული შეთანხმება ამოქმედდება, საფრთხის შემცველი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში. ამასთან, საჭირო გახდება ცვლილებების შეტანაც კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. თავის მხრივ, რადგან საქართველო არ თანხმდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთი იძულებული გახდება მათზე ზეწოლა განახორციელოს და კომპრომისს მიაღწიოს.

საინტერესოა, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად (სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თბილისში ვიზიტის დროს), გიორგი კვირიკაშვილმა არ გამორიცხა ფორს-მაჟორულ სიტუაციებში აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი გზების ამოქმედება, რაც აზერბაიჯანში ზურგში დანის ჩარტყმად იქნა აღქმული.

გასაგებია, რომ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი ახალი მარშრუტების (სავაჭრო დერეფნების) ამოქმედებით სომხეთისათვის მომგებიანი სიტუაცია იქმნება. გარდა ამისა, ერევანი ითხოვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სომხური ტვირთების გადატანას. ბუნებრივია, აზერბაიჯანი არანაირად არ დაუშვებს სომხეთისათვის პოზიტიური და ხელსაყრელი სიტუაციის შექმნას.

სხვათა შორის, ბევრი არც საქართველოში არ აღფრთოვანებულა პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელმაც ქართულ პრესაში საკითხის აქტიური განხილვა გამოიწვია. ხშირად ისმის აზრი, რომ „ზემო ლარსის“ ალტერნატიული გზის გახსნა საქართველოსთვის წამგებიანი იქნება და რომ სომხეთს მაინცდამაინც დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს მიერ შვეიცარიულ კომპანიასთან დადებული კონტრაქტის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.

ამრიგად, საქართველო უნდა გაარკვიოს და გადაწყვიტოს, ვისთან სურს დარჩენა - აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომლებიც თბილისს მეგობრობის ხელს უწვდიან, მძიმე წუთებში ეხმარებიან, მასთან თანამშრომლობენ თუ უმადურ სომხეთთან, რომელსაც პრეტენზიები აქვს და ქართულ მიწებზე თვალი უჭირავს? იმ სომხეთთან, რომელიც ყოველ წუთში მზადაა გაყიდოს თავისი მეზობელი, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია?

ბეჭდვა