„კრიზისულმა წლებმა რუსი ტურისტები აიძულა უფრო ახალი და მაქსიმალურად იაფი და
იმავდროულად შთამბეჭდავი სამოგზაურო მიმართულებები ეძებნათ. საქართველო და სომხეთი ბოლო ორ წელიწადში ტურისტულ ჰიტებად გადაიქცნენ. ორივე ქვეყანა თავის პოპულარობას ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა რუსები ნაჩვევ ევროპულ კურორტებს უბრუნდებიან. რუსი მოგზაურებისთვის კიდევ ერთი ტურისტულ ფავორიტს აზერბაიჯანი წარმოადგენს. ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, თუ რით იზიდავს რუს ტურისტებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები“, - ასე იწყება ჟურნალ «КоммерсантЪ-Деньги»-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ალექსანდრა მერცალოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკური რესურსის - Skyscanner-ის მონაცემებით, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში სამოგზაურო ქვეყნების ოცეულში საქართველოს მე-8 ადგილი უკავია (46%-ით მეტი მსურველი გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით), მე-10 ადგილზეა აზერბაიჯანი (+118%), სომხეთი - მე-18-ზე (+4%). ამავე დროს, როგორც ტურიზმის დარგის ექსპერტი დიმიტრი ხევანსკი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში საქართველომ და აზერბაიჯანმა ადგილები გაცვალონ: „რუსმა ტურისტებმა თბილისი უკვე „აღმოაჩინეს“, მათთვის ახლა სიახლეს ბაქო წარმოადგენს. თანაც, მგზავრობა საკმაოდ იაფია, აქტიურად ხდება განჯისა და სხვა ქალაქების აეროპორტებით სარგებლობა“.
მგზავრთა გადაყვანის კიდევ ერთი სტატისტიკური რესურსის - Momondo-ს წარმომადგენლის ირინა რიაბოვოლის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის ზამთრის კურორტებზე მსურველების რაოდენობა შესაბამისად 74 და 29%-ით გაიზარდა, თუმცა მათთან შედარებით აზერბაიჯანი „ფეთქებად“ შედეგებს აჩვენებს - 2015 წლიდან 141%-იანი ზრდა! „ჩვენი მონაცემებით, დღეს აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარობით მე-4 ადგილზეა, მაგრამ პროგნოზის მიხედვით, რომ 2018 წელს აზერბაიჯანი მეორეზე გადაინაცვლებს“.
როგორც OneTwoTrip-ის წარმომადგენელი არკადი გინესი ამბობს, მათი კომპანიის მონაცემებით, საქართველოში საახალწლოდ წამსვლელთა რაოდენობა 29%-ით გაიზარდა. „საქართველო მოგზაურებისთვის საინტერესო ქვეყანაა. იქ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, განთქმულია ქართული სამზარეულო, საზაფხულო და საზამთრო კურორტები“, - აღნიშნავს არკადი გინესი.
რამდენად გაგრძელდება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში „ტურისტული ბუმი“? არიან თუ არა ისინი რუსეთის კონკურენტები?
ტურისტული სააგენტო „დელფინის“ გენერალური დირექტორის სერგეი რომაშკინის აზრით, ტურიზმის დარგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კონკურენტები არ ჰყავს. „მათ საკმაოდ დაცული ნიშა აქვთ, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ფართო შემეცნებითი პროგრამით. პირობითად თუ ვიტყვით, თურქეთი უფრო სოჭის კონკურენტია, ვიდრე საქართველოსი. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ტურისტების ზრდას მათი შიდა დრაივერი უზრუნვეყოფს: მაგალითად, საქართველოს შეთხვევაში საქმე გვაქვს ძველი ინტერესის რეანიმაციასთან - ეს ქვეყანა ადრეც საინტერესო იყო რუსებისათვის, შემდეგ, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, იქ ვერავინ ჩადიოდა, ახლა კი ისევ გააქტიურდნენ“, - განმარტავს სერგეი რომაშკინი.
მომავალში სწორედ საერთაშორისო სიტუაციამ შეიძლება შეუშალოს ხელი ინტერესის ზრდას პოსტსაბჭოთა კურორტების მიმართ. ასეთი ტენდენცია შეინიშნება უკრაინაში.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა პლაჟური მიმართულებით გაიზრდება.
