«De Telegraaf»(ჰოლანდია): „ოჯახის გაერთიანების“ მოტივი-სააკაშვილს ჰოლანდიაში ჩასვლა სურს
«De Telegraaf»(ჰოლანდია): „ოჯახის გაერთიანების“ მოტივი-სააკაშვილს ჰოლანდიაში ჩასვლა სურს
13:20 22.12.2017
ჰოლანდიური გამოცემა «De Telegraaf»-ი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილს ჰოლანდიაში ჩასვლა სურს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პიტერ ვატერდინკერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას:

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მხრიდან საფრთხის ქვეშ მოექცა, ქართველ ექს-ლიდერს ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში) წასვლა სურს.

ნიდერლანდების უშიშროებისა და იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი გაზეთის კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ფაქტიურად აპატრიდია, კიევში მდებარე ჰოლანდიის საელჩოში ვიზა მიიღო, „ოჯახის გაერთიანების მიზნით. 50 წლის მიხეილ სააკაშვილი დაქორწინებულია ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

ეპატაჟური ქართველი, რომელიც 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, 2013 წელს იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა - მას ბრალდება წაუყენეს უფლებამოსილების გადაჭარბებაში. ორი წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.

რადგან ქართველმა ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქობა მიიღო, მან უარი თქვა საქართველო მოქალაქეობაზე და საქმეს ენერგიულად შეუდგა. მაგრამ მალე დაუპირისპირდა თვით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - მილიარდერს, ტკბილეულის მწარმოებელს - და იგი დანაშაულებრივ კლანებთან კავშირში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და ნათლიმამობა ჰყვავის. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული ფულის დახმარებით უკრაინის ხელისუფლების დამხობას ცდილობს.

ბოლო ხანებში მიხეილ სააკაშვილი კიევში ორჯერ დააპატიმრეს: გენპროკურორის მტკიცებით, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი „დანაშაულებრივი ორგანიზაციის“ წევრია. რაც შეეხება თვით მიხეილ სააკაშვილის თვალსაზრისს, მან სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პეტრო პოროშენკოს მიერაა ინიცირებული, რომ იგი პატიმარი კი არა, არამედ ოლიგარქების - პოროშენკოსა და პუტინის „სამხედრო ტყვეა“ და რომ უკრაინის გათავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

უფრო ადრე კიევს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება სურდა, სადაც იგი დაუყონებლივ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა.



ბეჭდვა