ბრიტანული «The Independent»-ი, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, სასამართლო პროცესსა და გათავისუფლებას, გამოცემის დიპლომატიური რედაქტორის, კიმ სენგაპტას
სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
სანამ კიევში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა დასავლეთის სახელმწიფოებს დახმარებისათვის მიმართა და განაცხადა, რომ მისი მეუღლე უსაფუძვლოდაა დაკავებული ბრალდებით, თითქოსდა რუსეთის ხელშეწყობით იგი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დამხობას გეგმავდა.
სანდრა რულოვსის აპელირება დასავლეთისადმი იმ მომენტში გახდა ცნობილი, როცა უკრაინის მოსამართლემ ლარისა ცოკოლმა პროკურატურის შუამდგომლობა უარყო და ორი თვის შინაპატიმრობის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მეგობარი და მხარდამჭერი იყო მანამ, სანამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს საჯაროდ არ დაუპირისპირდნენ. მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მწვავე უთანხმოება საბოლოოდ ყოფილის დაპატიმრებით დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ლიდერი იყო ცხრა წლის განმავლობაში, იგი ქვეყანას რუსეთთან ომის დროს ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ ყოველთვის ვლადიმირ პუტინის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა.
პეტრო პოროშენკო უკრაინის ამჟამინდელი ლიდერია. მისი ქვეყანა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაშია ჩაბმული. მან მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც თავის სამშობლოში ბრალს სდებენ მრავალი დანაშაულის ჩადენაში, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მოგვიანებით ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად გადაიქცნენ.
(სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ავტორის საუბარი სანდრა რულოვსთან).
