«Le Figaro» (საფრანგეთი): საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში პოლიციელებმა დააკავეს, მომხრეებმა კი გაათავისუფლეს
«Le Figaro» (საფრანგეთი): საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში პოლიციელებმა დააკავეს, მომხრეებმა კი გაათავისუფლეს
17:57 06.12.2017
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი გახდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შედეგად, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის პირადი პოლიტიკური მეტოქე გახდა“, - წერს გავლენიანი ფრანგული გაზეთის «Le Figaro»-ს მიმომხილველი იზაბელ ლასერი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

ქარიზმატული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, 5 დეკემბერრს, სამშაბათს კიევში უსაფრთხოების სპეცსამსახურის ნიღბიანმა აგენტებმა დააპატიმრეს. იმ დროს, როცა ათობით შეიარაღებულმა პოლიციელმა მისი სახლის მისადგომები გადაკეტა, როცა ბინაში შეიჭრნენ და ჩხრეკა დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილმა იდროვა და სწრაფად ავიდა სახლის სახურავზე. მას ჰქონდა შესაძლებლობა სიურეალისტური ფოტოსურათებიც კი გადაეღო და რეალურ დროში კონვეიერულ რეჟიმში გაავრცელა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. საბოლოო ჯამში იგი მაინც დააკავეს, სახურავიდან ჩამოიყვანეს და პოლიციის ფურგონში ჩასვეს... მაგრამ რად გინდა - სანამ პოლიციას სახურავზე ამძვრალი პრეზიდენტყოფილი დაბლა ჩამოჰყავდა, ქუჩა მისი მხარდამჭერებით გაივსო, რომლებმაც პოლიციის ავტომობილი ჯერ დაბლოკეს, შემდეგ კი დააზიანეს - საბურავები დაუჭრეს, ადგილიდან დაძვრა რომ არ შეძლებოდა.

ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი „სისხლის სამართლის საქმის“ გამო იდევნება, მაგრამ ხელისუფლებას, უპირველესად, მისი თავიდან მოშორება სურს - ოპოზიციონერისა, რომლის პოპულარობა ცალკეულ წრეებში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. სხვათა შორის, უკრაინის მეთაურის რეიტინგი უკვე რამდენიმე თეეა განუხრელად ეცემა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რეფორმები გაატარა და ქვეყანა დასავლეთის სტანდარტებს დაუახლოვა, შემდეგ კი მისმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები დამაჯერებლად წააგო. პრეზიდენტობის ვადაამოწურული ექს-მეთაური და მისი რამდენიმე ყოფილი მინისტრი, უკრაინის რეფორმირების მიზნით, კიევში მიიწვიეს. მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე, თუმცა იგი იძულებული გახდა საქართველოს მოქალაქეობა დაეტოვებინა და უკრაინის მოქალაქეობა მიეღო (უკრაინული ენა კარგად იცის, რადგან კიევში სწავლობდა საბჭოთა პერიოდში). ერთი წლის მან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ეფექტურად დატოვა: პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გააკრიტიკა - რეფორმების გატარებაში ხელს მიშლიდა, რადგან თვითონ ოლიგარქია და კორუციასთან ბრძოლაც არ სურსო. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა და განაცხადა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, კორუფციით შეჭმული უკრაინის რეფორმირებას მოახდენს. „მე მინდოდა პრემიერ-მინისტრი ვყოფილიყავი, - განუცხადა მან Le Figaro-ს ჟურნალისტს ინტერვიუში 3 დეკემბერს, კვირა საღამოს, - ეს ქვეყანა ოლიგარქებს მძევლად ჰყავთ აყვანილი. უკრაინის რეფორმირება ძალიან რთული ამოცანაა. შესაძლოა, ეს მისია შეუსრულებელია, მაგრამ ეს ჩემი მისიაა“.


ბეჭდვა