რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება თბილისში განხორციელებული
სპეციალური ოპერაციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს - ვინ იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები, როგორ შემოაღწიეს მათ საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხი სურს როგორც საზოგადოებას, ასევე პარლამენტის წევრებსაც - ოპოზიციური უმცირესობისა და სახელისუფლებო უმრავლესობის წევრ დეპუტატებს (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
„დღეისათვის უკვე ზუსტადაა დადგენილი, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული სწორედ საყოველთაოდ ცნობილი აჰმედ ჩატაევია - „ცალხელა აჰმედმა“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“-ის) სტრუქტურებში ავტორიტეტულ ფიგურად ითვლებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მან თავი აიფეთქა. შემთხვევის ადგილზე ფეხის პროთეზის ფრაგმენტი იპოვეს, რაც მის სიკვდილს ადასტურებს.
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას კითხვებს უსვამს - როგორ შეძლეს აჰმედ ჩატაევმა და მისი ჯგუფის წევრებმა იარაღის მთელი არსენალის შეუმჩნევლად შემოტანა საქართველოს დედაქალაქში? რატომ გაათავისუფლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს ციხიდან აჰმედ ჩატაევი? ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა და ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ. უმრავლესობის წარმომადგენლებმა უმცირესობის წევრ კოლეგებს მოუწოდეს, რომ პროვოკაციულ კითხვებისაგან თავი შეიკავონ.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები, საერთაშორისო ანტიტერორისტული ცენტრის მონაწილეობით, საქართველოში შემოიტყუეს. მისი აზრით, სპეცოპერაციის მიზანი იყო ჩატაევის ცოცხლად შეპყრობა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა. „მაგრამ რატომ ფიქრობდნენ ოპერაციის ორგანიზატორები, რომ აჰმედ ჩატაევი მათ ცოცხლად ჩაბარდებოდა? თვით ოპერაციაც დაგეგმილს არ ჰგავდა, რადგან დაგეგმილი ოპერაციები 20 საათს არ გრძელდება“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს და შედეგები ყველასათვის ცნობილი გახდება. ქართველ გამომძიებლებს ამერიკელი კოლეგებიც დაეხმარებიან - აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტებს გამოგზავნის. სხვათა შორის, თურმე აშშ-საც აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა საერთაშორისო ძებნაში მყოფი აჰმედ ჩატაევი საქართველოში“.
