«Lragir» (სომხეთი): თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიხსნა; საქართველო უარს იტყვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებაზე?
«Lragir» (სომხეთი): თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიხსნა; საქართველო უარს იტყვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებაზე?
10:17 29.11.2017
საქართველოს დედაქალაქში კონფერენციის - "თბილისი; ახალი აბრეშუმის გზა" გახსნას, სომხური გამოცემა «Lragir»-ი, პოლიტიკური მიმომხილველის, აკოფ ბადალიანის სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი: აბრეშუმის გზა“ გაიხსნა, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია - ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფორუმში მონაწილეობას იღებს ორი ათასი დელეგატი იღებს 60 ქვეყნიდან, რომლებიც 500 საერთაშორისო კომპანიას წარმოადგენს. საქართველო მათ სატრანსპორტო შესაძლებლობებს შესთავაზებს - პოტენციალს, რომლის მეშვეობით ჩინეთი ევროპას დაუკავშირდება.

როგორც ცნობილია, „აბრეშუმის გზა“ ჩინეთის „საუკუნის პროექტია“, რომლისთვისაც პეკინმა 100-მილიარდიანი საინვესტიციო ბაზა შექმნა. საქართველო ცდილობს, რომ ამ გრანდიოზულ პროექტში თავისი ადგილი იპოვოს. ეკონომიკის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთიდან ევროპაში ყველაზე მოკლე გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის: „სახმელეთო გზით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველომდე მოსვლას 10 დღე დაჭირდება, ხოლო საქართველოდან ევროპულ ნავსადგურებმადე - 5 დღე“.

როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრო ჩინეთიდან ევროპამდე უმოკლეს გზად შავი ზღვის სანაპიროს მიიჩნევს, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველო უარს ამბობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობაზე, ანუ თბილისი უპირატესობას საზღვაო გზას ანიჭებს. საერთოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც 30 ოქტომბერს გაიხსნა, საქართველოში ბევრი კითხვა გააჩინა. რიგი ექსპერტების აზრით, რკინიგზა საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების კონკურენტი იქნება. ახლა თბილისი ჩინელებს სწორედ თავის პორტებს სთავაზობს და ცდილობს აჩვენოს, რომ მას თურქული მარშრუტის ლობირება არ აინტერესებს. ფაქტიურად, თბილისი თავის საკუთარ სატრანსპორტო პოლიტიკას აანონსებს. გამოდის, რომ საქართველო, მართალია, აზერბაიჯან-თურქულ სარკინიგზო მარშრუტს მიუერთდა, მაგრამ თავის სატრანსპორტო პოლიტიკას სუვერენულად წარმართავს, ბაქოს და ანკარას არ უქვემდებარებს.

საქართველოს ამგვარი მიდგომა ძალზე მნიშვნელოვანია, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოზე გადის სომხეთისათვის სატრანზიტო გზები - როგორც რუსეთის, ასევე ევროპის მიმართულებით, არამედ უფრო იმიტომ, რომ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთმა სავარაუდო მარშრუტმა სომხეთზე და ირანზე უნდა გაიაროს. და თუ თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას განახორციელებენ, მაშინ აბრეშუმის გზის სამხრეთი მარშრუტის რეალიზება პრობლემატური გახდება.

საქართველოს სუვერენული სატრანსპორტო პოლიტიკა სომხეთისათვის იმითაც არის მომგებიანი, რომ თბილისს შეუძლია გახსნას ეკონომიკური დერეფნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, მოსკოვთან 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. მთავარია, რომ საქართველომ თავი დააღწიოს თურქეთ-აზერბაიჯანზე დამოკიდებულებას, რომელიც გამორიცხულია არაა სამომავლოდ ისეთ პოლიტიკურ ფაქტორად იქცეს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დემუქრება.

როგორი წინადადების შეთავაზება შეუძლია ერევანს კონფერენციაზე? სამწუხაროდ, სომხეთის პაკეტი „წონადი“ არაა. კიდევ კარგი, რომ ეს პაკეტი 24 ნოემბერს ევროკავშირთან დადებული შეთანხმებით შეივსო.

ბეჭდვა