სომხეთის გაზეთებში რეგულარულად იბეჭდება სტატიები, რომლებიც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო ბლოკადიდან
გამოსვლის გზების ძიებას.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ Новое время-ში გამოქვეყნებულ სტატიიდან (ავტორი არტემ ერკანიანი):
„მოსკოვი და თბილისი, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთანხმდნენ დღემდე უმოქმედო ტრანსკავკასიური დერეფნების აღდგენაზე. პრაღაში დასრულებული ქართულ-რუსული მოლაპარაკების მორიგი ტური წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ - მხარეები შეთანხმდნენ, რომ შვეიცარიელი პარტნიორები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, ტვირთების გატარების ტექნიკურ საკითხს მოაგვარებენ. ეს პერსპექტივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისათვის - თუ რუსეთთან სტაბილური საავტომობილო მოძრაობა აღდგება, სომხეთი სატრანსპორტო ბლოკადას თავს დააღწევს. (...)
დღეს ერთადერთი სახმელეთო საავტომობილო არტერია, რომელიც სამხრეთ კავკასიას ჩრდილოეთთან აკავშირებს, ზემო ლარსზე გადის. ეს ავტომაგისტრალი კი უკიდურესად არასაიმედოა, თავისი რთული რელიეფისა და არასტაბილური კლიმატური პირობების გამო. დარიალის ხეობაში გამავალი გზის გარდა, კავკასიონს კიდევ ორი დერეფანი კვეთს: ერთი იწყება სოჭთან, გაივლის მთელ აფხაზეთს და ქართულ ქალაქ ზუგდიდთან მთავრდება. მეორე იწყება ჩრდილოოსურ სოფელ ნართან, გაივლის სამხრეთ ოსეთს და გორთან ახლოს მთავრდება. სწორედ ეს ორი უმოქმედო დერეფანი გადაცემათ შვეიცარიელებს სამართავად. როგორც ჩანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანსაც ეს დერეფნები ჰქონდა მხედველობაში, როცა ამ ნახევარი წლის ამბობდა - მალე საქართველოს მიმართულებით ბლოკადას გავარღვევთო.
მხარეთა შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ მისი პრაქტიკული რეალიზებისათვის ბევრი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. ქართული ოპოზიცია რუსეთთან კონტაქტების გაფართოების წინააღმდეგ გამოდის. ცხადია, თუ რუსეთი მოისურვებს, მას შეუძლია აფხაზებსა და ოსებს პრეტენზიები ხალისი გაუქროს. უფრო რთულადაა საქმე აზერბაიჯანთან, რომელიც არ მალავს „ბორბლებში ჯოხის გაყრის“ სურვილს. ბუნებრივია, იმ ინიციატივამ, რომელიც სომხეთს ბლოკადიდან გამოსვლას უქადის, აზერბაიჯანს მოსვენება დაუკარგა. ბაქოელი მმართველები აცნობიერებენ, რომ დღემდე უმოქმედო სატრანსპორტო დერეფნების აღდგენით მათი მცდელობა - ბლოკადაში იყოლიონ სომხეთი - უკვე აზრს კარგავს. ერევანს შესაძლებლობა ეძლევა თავისუფალი და სტაბილური მიმოსვლა ჰქონდეს რუსეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ექსპორტ-იმპორტის სწრაფ ზრდას გამოიწვევს.
გასაგებია, რომ ბლოკადის გარღვევა აუცილებლად დადებით გავლენას მოახდენს სომხეთის პოზიციის განმტკიცებაზე მთიანი ყარაბაღის საკითხში, შეიცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. როცა ამ ყველაფერს ხედავს, ბაქო ცდილობს ყველანაირი ბერკეტი გამოიყენოს საქართველოზე ზეწოლისათვის, რათა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დერეფნების გახსნა არ მოხდეს. ამ საკითხში ბაქო შანტაჟსა და მუქარებზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადავიდა. გავიხსენოთ რა თქვა მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ წევრმა, დეპუტატმა მუსა გასიმლიმ: „თუ საქართველო სომხეთს გზას გაუხსნის, მაშინ აზერბაიჯანი მხარს დაუჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებს. საქართველომ აზერბაიჯანის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. თბილისს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ეკონომიკა აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ პროსომხური პოლიტიკა გაგრძელდება, ბაქო იძულებული გახდება შესაბამისი ნაბიჯები გადადგასო“.
რასაკვირველია, თბილისელ პოლიტიკოსებს ბაქოდან გაჟღერებული მუქარების არ შეეშინდებათ. დერეფნების გახსნა ხომ საქართველოს საკმაოდ საგრძნობ უპირატესობას და მოგებას მისცემს. მოსალოდნელ პლუსებში შედის არა მხოლოდ საბაჟოებზეზე მიღებული მილიონობით შემოსავლები ტვირთების ტრანზიტით, არამედ ისიც, რომ ამჟამად უმოქმედო დერეფნები პერსპექტივაში მეგაპროექტ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ შემადგენელ ნაწილად იქცევა: საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს ევროპიდან და რუსეთიდან ავტოტრაილერების უწყვეტი ნაკადი მოადგება, რომლებიც ირანისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ გაემართებიან. შესაბამისად, მსხვილი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი საქართველოს ხაზინას ზღაპრული რაოდენობის ფულს მოუტანს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფართო პერსპექტივაც, რომელიც ქართველი ექსპორტიორების წინაშე იხსნება - რუსეთის ბაზარზე უფრო აქტიურად და ინტენსიურად გასვლა.
მოკლედ, სასწორის ერთ მხარეს ჩამოთვლილი უპირატესობებია, მეორე მხარეს კი - იაფი აზერბაიჯანული ენერგორესურსები.
