თბილისში, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ განხორციელებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ საკმაო გამოხმაურება ჰპოვა უცხოურ მასმედიაში. ინფორმაციები
გავრცელდა როგორც დასავლური, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრესის, რადიო-ტელევიზიის და საინფორმაციო სააგენტოების მიერ. ბუნებრივია, ყველაზე მეტად აქტიურობდა რუსეთის მასმედია, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული მასალები დღის პირველ ნახევარში მხოლოდ ფაქტებს შეიცავდა და უმთავრესად ქართული მედიის ინფორმაციებს ეყრდნობოდა, კომენტარების გარეშე. მოგვიანებით, ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, გავრცელდა ვითარების ამსახველი ვრცელი მიმოხილვები, ავტორისეული სტატიები და სპეციალისტთა კომენტარებიც.
ევროპული და ამერიკული მასმედია: სროლები თბილისში
ფრანგული „ფრანს-პრესი“ იყო ის პირველი დასავლური მედიასაშუალება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ყველას „დაასწრო“ და ისანში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს დილაუთენია აუწყა. სხვათა შორის, ამას დიდი ბრიტანეთის „ბი-ბი-სი“-ც ადასტურებს თავის მასალაში, როცა წერს - „ფრანს-პრესის“ ჟურნალისტი იტყობინება, ისანში ინტენსიური სროლები და აფეთქებები ხდება, პოლიციას ქუჩები აქვს გადაკეტილიო“. იგივე „ბი-ბი-სი“ იმავე მასალაში სათაურით „სროლები თბილისში“ იმოწმებს ქართულ ტელეარხების პირდაპირ რეპორტაჟებს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის განცხადების ციტირებას ახდენს. პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია: „საქართველოში ბოლო წლებში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, როგორც ამბობენ, საცხოვრებელ ბინაში გამაგრებული პირები ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი და პანკისის ხეობიდან არიან, სადაც ძირითადად ჩეჩნური წარმოშობის მოსახლეობა ჭარბობს. მათგან ზოგიერთები, დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდა, სირიაში მოქმედ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს მიუერთდა“ (წყარო: http://www.bbc.com/news/world-europe-42082451)
უფრო ვრცელია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ მომზადებული მიმოხილვა სათაურით „რა არის ცნობილი თბილისში მიმდინარე ძალოვან ოპერაციაზე“, რომელშიც, მდგომარეობის საკმაოდ დეტალურ გადმოცემასთან ერთად, ციტირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრისას. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია სპეცოპერაციის შედეგებიც, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით (წყარო: http://www.bbc.com/russian/news-42088314)
„როიტერმა“ გაავრცელა საკუთარი კორესპონდენტის მასალას სათაურით „ქართული პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციიის დროს დაიღუპა ერთი პოლიციელი და სამი ტერორიზმში ეჭვმიტანილი“. სტატია მომზადებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე (წყარო: https://www.reuters.com/article/us-georgia-crime/georgian-policeman-three-terrorism-suspects-killed-in-police-operation-state-security-idUSKBN1DM288)
გერმანულმა ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველემ“ რამდენიმე მასალა გაავრცელა სპეცოპერაციის დაწყებისა და დასრულების თაობაზე. მასალებს ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა (წყარო: http://www.dw.com/ru/a-41477911)
ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემა „ევრაზიანეთ“-მა გამოქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „კონტრტერორისტული ოპერაცია სასიკვდილო სროლებში გადაიზარდა“ (ავტორი - ბრედლი ჯარდინი). პუბლიკაცია მომზადებულია ქართული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე და ერთგვარ სიტუაციურ მიმოხილვას წარმოადგენს: მასში ასახულია სპეცოპერაციის მიმდინარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის შთაბეჭდილებები, აშშ-ის ელჩის იან კელის კომენტარი და სპეცოპერაციის სამწუხარო შედეგი - სპეცრაზმელის დაღუპვის ფაქტი. ასევე აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულნი არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები (წყარო: http://www.eurasianet.org/node/86141)
ამერიკული რადიოსადგურის „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ ეთერში ისაუბრეს ქართველმა პოლიტოლოგებმა გია ხუხაშვილმა და თორნიკე შარაშენიძემ (წამყვანი - ვადიმ დუბნოვი). გია ხუხაშვილის აზრით, ქართული სპეცსამსახური ამ ოპერაციისათვის კარგად არ იყო მომზადებული, ვერ იქნა გამოყენებული „მოულოდნელობის ფაქტორი“. „სამომავლოდ, ეს ფაქტი ჩვენი ხელისუფლებისათვის გაკვეთილი უნდა იყოს“, - ამბობს პოლიტოლოგი და იმედს გამოხატავს, რომ ქართული სპეცსამსახურები საქმიანობას გაამჯობესებენ: „ჩვენს სპეცსამსახურებსა ინტენსიურად მოუწევთ მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებული მრავალვექტორული რისკების განეიტრალების მიზნით“. თორნიკე შარაშენიძემ ყურადღება დაუთმო რუსეთის სავარაუდო რეაქციას: გამორიცხული არაა, რომ მოსკოვმა თბილისი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულოს.
საუბრის დასარულს წამყვანი შეეხო საქართველოს ტელევიზიებით სპეცოპერაციის პირდაპირ რეპორტაჟებს: „როგორი იყო მასმედიის მოქმედება? საჭიროა თუ არა ასეთ დროს პირდაპირი ტელერეპორტაჟები?“. ამ კითხვაზე თორნიკე შარაშენიძე პასუხობს: „რას ვიზამთ... ჩვენ ჯერ კიდევ „მოუმწიფებელი“ სახელმწიფო ვართ. მით უმეტეს, რომ ასეთი ინციდენტი თბილისში პირველად მოხდა... უნდა შევურიგდეთ, თავისუფალი პრესის პრინციპებიდან გამომდინარე“ (წყარო: www.ekhokavkaza.com/a/28870586.html
პაკისტანის პრესა: ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა
პაკისტანის გაზეთის Daily Times დღევანდელ, 23 ნოემბრის ნომერში მსოფლიოს ამბების რუბრიკაში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „საქართველოში მომხდარი ანტიტერორისტული რეიდის დროს ჯარისკაცი დაიღუპა“. პუბლიკაცია ემყარება დასავლური და ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მასალებს. „ბანდიტები თბილისში, შავიზღვისპირა ქვეყნის დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმალებოდნენ. მათ უარი განაცხადეს დანებებაზე. ოპერაციის დროს ერთი ქართველი სპეცრაზმელი დაიღუპა“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც თან სპეცოპერაციის ამსახველი ფოტოსურათი ახლავს (წყარო: https://dailytimes.com.pk/145333/soldier-killed-georgia-anti-terror-raid).
რუსეთის პრესა: ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში
რუსული ელექტრონული მედია - რადიო, ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები - აქტიურად გამოეხმაურა საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. რაც შეეხება გაზეთებს (ბეჭდვურ გამოცემებს), ჯერ-ჯერობით მხოლოდ „ნეზავისიმაია გაზეტა“-შია დაბეჭდილი სტატია სათაურით „თბილისში ტერორისტული ჯგუფი გაანეიტრალეს. საცხოვრებელი შენობის ალყა და შტურმი თითქმის ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა“ (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში გადმოცემულია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული მოვლენები და ფაქტები. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურმა ოპერაცია ჯერ კიდევ ადრე დილით დაიწყო, მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია იმ სახლიდან, რომელშიც საეჭვო პირები იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ამოცანის სწრაფად შესრულება ვერ მოხერხდა: სპეცოპერაციის დროს, რომელიც 20 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, დაიღუპა ერთი სპეცნაზელი და სამი სავარაუდო ტერორისტი“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ძირთადად საინფორმაციო ხასიათისაა.
