"ვაშინგტონი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის Javeli-ის მიყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის უსაფრთხოების განმტკიცებასაცო“ და
ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ძირითადი სამხედრო ძალების ბალანსი არ დაირღვევაო. მაგრამ მართლაც ასეა თუ არა? როცა პენტაგონი ამბობს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული, ეს ძალიან არადამარწმუნებლად ჟღერს: სად ვაშინგტონი და სად თბილისი?"-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Свободная пресса»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
როგორც ჩანს, ამერიკელებს სხვა უფრო მკაფიო მიზანი აქვთ - რუსეთისათვის რაღაც ცუდის გაკეთება უნდათ. ბოლო დროს ვაშინგტონი ჩვენს საზღვრებთან აქტიურობს, თანაც არამხოლოდ თავისი სატელიტების მეშვეობით, არამედ ისეთი ქვეყნებითაც, როგორიც საქართველო და უკრაინაა. სხვათა შორის, კიევი დიდი ხანია ნატრობს ქართველებისთვის მიყიდულ Javeli-ს და შეიძლება დონალდ ტრამპმა მალე უკრაინაც გაახაროს... ახლა საკითხი მხოლოდ ასე შეიძლება დაისვას: რა მოხდება შემდეგ?
„მე მგონია, რომ Javeli-ის საქართველოსთვის მიყიდვა ერთგვარ სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენს, თბილისისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციას“, - ამბობს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის („მგიმო“) სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი მიხეილ ალექსანდროვი, - თანაც ისეთი დემონსტრაცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ კომპანიებისთვისაა მომგებიანი. ფულს ხომ სწორედ ისინი მიიღებენ. როგორც ვიცით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ბიუჯეტი და სამხედრო შეკვეთები გაიზრდებოდა... გარდა ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა საქართველოსაც ეხმარება. შეიძლებოდა მათი მიწოდება სირიის ოპოზციისა და ავღანელებისათვის, მაგრამ სირიაში ომის ცხელი ფაზა უკვე მთავრდება, ავღანელ თალიბებს კი ტანკები არ აქვთ. გამოდის, რომ Javeli-ები ამერიკას საწყობში აქვს „ჩაწოლილ საქონლად“, „მკვდარ ტვირთად“ შენახული. იფიქრეს, ვის მივცეთო და ბოლოს გადაწყვიტეს: „მოდით, საქართველოს გადავცეთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთო“. საერთოდ კი, ჩვენთვის საქართველო, სამხედრო თვალსაზრისით, საფრთხეს არ წარმოადგენს. არც ჩვენ არ ვგეგმავთ მასზე თავდასხმას. ასე რომ, Javeli-ები ჩვენს ტანკებს არ დაემუქრება. სხვა საქმეა, თუ ამ იარაღს ამერიკა უკრაინასაც მიაწოდებს, ამით დონბასში სიტუაცია გამწვავდება“.
როგორც ჟურნალ „სამშობლოს არსენალის“ რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ალექსი ლეონკოვი ამბობს, Javeli-ები თბილისისისთვის და კიევისათვის სრულიად სხვადასხვა მომენტებია. „საქართველოს ამჟამად არავისთან არ აქვს კონფლიქტი და არც საკუთარ ხალხს არ ებრძვის უკრაინისაგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. დონბასელებს ბევრი ტანკი აქვთ და ცხადია, გასაგებია, ვის წინააღმდეგ გამოიყენებს კიევი ამერიკულ Javeli-ებს. ამასთან, მართალია, თბილისისათვის Javeli-ების მიწოდება პირდაპირი მადესტაბილიზებელი ფაქტორი არ არის, მაგრამ მას სომხეთი და აზერბაიჯანიც ესაზღვრება, რომელთა შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ალექსი ლეონკოვი.
რუსი ექსპერტი ერთმანეთს ადარებს სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს შეიარაღებას: „სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, იქ ორი რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს. ერევანი საკმაოდ თანამედროვე რუსულ იარაღს იღებს. აზერბაიჯანის არმია დღეს ყველაზე ძლიერი არმიაა რეგიონში, მას თურქეთიც ეხმარება და ისრაელიც. რაც შეეხება ქართულ არმიას, ის შედარებით მორიდებულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკა ასპონსორებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ჰქონდათ იმის საბაბი, რომ ქართული არმიის დაფინანსება ძველებურად აქტიურად გაეგრძელებინათ. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით თავშეკავებულ პოლიტიკას ატარებს. ეტყობა, რაღაც ძვრები მოხდა აშშ-ის გეოპოლიტიკურ ხედვებში. ისინი ახლა აქტიურად ქმნიან ე.წ. „ბუფერულ სარტყელს“, თავიანთი მოკავშირეების სახით. ჰოდა, საქართველოც იძულებულია მისი გავლენის სფეროში მოექცეს“, - ამბობს ალექსი ლეონკოვი.
