სომხურ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი
კარასინის პრაღის შეხვედრების მორინგი რაუნდის შედეგები. მასალაში განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა შვეიცარიული კომპანია SGS-ის მონაწილეობას საბაჟო რეგულირების საკითხში - რუსეთს, საქართველოს და ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
საქმე ეხება სატრასპორტო დერეფნის აღდგენას. რადგანაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ამიტომ საბაჟო საკითხების გადაწყვეტა შვეიცარიულ ნეიტრალურ კომპანიას შესთავაზეს. ეს ჯერ კიდევ 2011 წელს მოხდა, როცა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრიანდებოდა. საბაჟო კონტროლისათვის რამდენიმე კოორდინატი დადგინდა (გეოგრაფიული დასახელების გარეშე): ერთი მხრივ - რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მეორე მხრივ - აფხაზეთ-საქართველოს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე, ანუ ტვირთების შესვლა-გამოსვლის წერტილებზე, რომელთაგან ზოგიერთი საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებული ტერიტორიებზე მდებარეობენ. მას შემდეგ თითქმის 7 წელი გავიდა და როგორც იტყვიან ხოლმე, „ურემი ისევ იქ დგას“: შვეიცარიელი მებაჟეები არ გამოჩენილან, თბილისი და მოსკოვი კი ერთმანეთს აბრალებენ.
როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ტექნიკური მხრით პრობლემა არ არსებობს, შვეიცარიულ კომპანიას შეიძლება თვალდახუჭული ენდო, მისი ავტორიტეტი მაღალია. თუ რატომ ვერ დაიწყეს შვეიცარიელმა მებაჟეებმა ფუნქციების შესრულება, ამისთვის პოლიტიკური მიზეზები არსებობს. „ქართულ მხარეს საზოგადოებრივი რეაქციისა ეშინია - ვაითუ ყველაფერი ისე ვერ გააკეთოს, როგორც საჭიროა. საკითხი ეხება ეკონომიკური სივრცის აღიარება-არაღიარებას. იმისათვის რომ გადაწყვეტილება მიიღო და იმოქმედო, ამისათვის პოლიტიკური ნება უნდა გაგაჩნდეს და საკუთარი ავტორიტეტით უნდა გარისკო. სამწუხაროდ, გარისკვა არავის სურს, ამიტომაც გრძელდება ეს კატა-თაგვობანას თამაში“.
ამასთან, გია ხუხაშვილი პასუხიმგებლობას მხოლოდ ქართულ მხარეს არ აკისრებს: „მოლაპარაკების პროცესში დეტალები არსებობს. ვფიქრობ, რუსული მხარე ცდილობს რაღაც ეტაპზე მოლაპარაკების სამართლებრივ საკითხებში ჩართოს ის მხარეები, რომლებსაც ჩვენ არ ვცნობთ - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ნათელია, რომ ჩვენ არანაირ შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, რომლებშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ ლეგალიზებას. თუმცა თუ ინტერესი იქნება, გამორიცხული არაა, რომ პრინციპში შეიძლება ყველა ეს საკითხი მოგვარდეს“.
ალბათ, სწორედ დაუინტერესებლობაა იმის მიზეზი, რომ მხარეები 2011 წლიდან ჯერაც ვერ გადასულან სიტყვიდან საქმეზე. საერთოდ, კი ყველაზე მეტ დაინტერესებას ამ საკითხისადმი სომხეთი იჩენს, რადგან თვით საქართველოს მიმართულებები არ აკლია, მას აფხაზური და სამხრეთოსური მიმართულებების გარდა, სხვაც ბევრი აქვს. „საქართველო სომხეთის ტრანზიტულ ტვირთებს ხელს არ უშლის, ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს, მაგრამ საზღაო გზა საკმაოდ ძვირია. სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთზე გამავალ რკინიგზაზე მოძრაობა აღდგეს, მაგრამ საქართველოს რომ აზერბაიჯანის წინაშე ვალდებულება აქვს? ამიტომაც, თუ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა ამუშავდება, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს: რკინიგზით გადაიზიდება მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტვირთები თუ სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების? საქართველომაც ერთმნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს, რომ ამ დერეფნით სამხედრო დანიშნულების ტვირთები გადაზიდული არ იქნება“.
