სომხური გამოცემა «Առավոs//არავოტი» რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებთან
დაკავშირებით ემა გაბრიელიანის სტატიას აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
აშკარაა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ისიც ნათელია, რომ სომხეთის სატრანსპორტო-კომუნიკაციურ იზოლირებაში მონაწილეობა ჩვენმა მეგობარმა საქართველომაც მიიღო. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე აშშ-მა და ევროკავშირმა ეს პროექტი არ დააფინანსეს სწორედ იმის გამო, რომ სომხეთს გვერდს უქცევდა.
ამჟამად განიხილება საკითხი - რამდენად შეზღუდავენ და დააბრკოლებენ სომხეთის მონაწილეობას ამ პროექტში, შექმნიან თუ არა ბარიერებს ამ რკინიგზისთ სარგებლობაში არა მარტო სომხეთისათვის, არამედ ჯავახკის მოსახლეობისათვის?
ერევანს და ბაქოს ერთმანეთთან სიტყვიერი შეხლა-შემოხლა აქვთ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს - „თუ სომხეთს რკინიგზით სარგებლობა სურს, მაშინ ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს და ჯარები გაიყვანოსო“. თავის მხრივ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პასუხობს: „თუ აზერბაიჯანს სურს, რომ სომხეთი ბთყ-ს მიუერთდეს, მაშინ ბაქომ არცახის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროსო“.
რასაკვირველია, ბაქო ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ ერევანს ტრადიციული მინიშნებები გაუგზავნოს: „გინდა ჩემს მიერ დაფინასებული რკინიგზით შენი ტვირთების გადატანა? კეთილი ინებე და ყარაბაღი დატოვეო“. ერევანი შეუვალია, ძველ აზრზე დგას და „სხვაგვარად არ ძალუძს“, მაგრამ ისიც ფაქტია: სომხეთი, რომელიც ცდილობდა ევრაზიის ხიდი გამხდარიყო, დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი - რეალურ ხიდებს სხვები აშენებენ.
გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა ის-ის იყო იწყებოდა, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტისადმი მიმართვაში თავგამოდებით აცხადებდა, რომ სომხეთ-ირანის რკინიგზის მშენებლობა ეს-ესაა დაიწყება, ყველაფერი მზად არისო. შეადარეთ: დღეს ირანისაკენ არანაირი ძვრა არ არის, თურქეთისაკენ კი რკინიგზა უკვე მუშაობს. სწორედ ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე გვეწყინოს საქართველოსაგან ან ირანისაგან: ისინი, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების რეალიზებას წარმატებით ახდენენ.
რა თქმა უნდა, ჩვენს მნიშვნელოვან მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ გვაქვს, მაგრამ საქმე ისაა, თუ რამდენად თანმიმდევრულნი და მიზანმიმართულნი ვართ ასეთი პროექტების რეალიზებაში? და საერთოდ, გვაქვს კი რაიმე გეგმები რეგიონის ეკონომიკური განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად?
