რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს მთავრობაში
მომხდარი სტრუქტურული ცვლილებები (ავტორი - იური როქსი).
სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ჟურნალისტი ესაუბრება ქართველ ექსპერტს პეტრე მამრაძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად მიიჩნევს: „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალებისაგან“ გაბერილი მინისტრთა კაბინეტი მიიღო. მიხეილ სააკაშვილი სამთავრობო ელიტის სახით თავის მხარდამჭერებს ქმნიდა. დღევანდელი ხელისუფლება ვალდებული იყო მინისტრთა კაბინეტი ოპტიმალურ მდგომარეობაში მოეყვანა. საკმარისია 13-14 სამინისტრო 20-ის ნაცვლად. ჩვენზე უფრო შეძლებული სახელმწიფოებიც კი არ აძლევენ თავს ნებას 15 სამინისტროზე მეტი ჰქონდეთ, ჩვენ კი ძალიან გადავაჭარბეთ“, - ამბობს პეტრე მამრაძე. იგი სტრუქტურული ცვლილებების 5-წლიან დაგვიანებას იმით ხსნის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა დაიჯერა საბოლოოდ თავისი მდგომარეობის მდგრადი ხასიათი - გასული წლის საპარლამენტო და მიმდინარე წლის მუნიციპალურ არჩევნებში მტკიცე გამარჯვების შედეგად. ეს სამთავრობო რეორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“, - ამბობს ექსპერტი და იქვე დასძენს: მართალია, გამარჯვება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით იქნა მიღწეული, მაგრამ მაინც კარგია, რომ მთავრობის რეორგანიზაცია ხდება. სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს.
ექსპერტი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის როლზე მთავრობის რეორგანიზაციისა და საერთოდ, მიმდინარე პოლიტიკაში: პეტრე მამრაძის აზრით, ოლიგარქი ამჟამად ნამდვილად ჩამოშორებულია ყოველდღიურ სახელმწიფო-პოლიტიკურ საქმიანობას. როცა იგი პრემიერ-მინისტრი იყო, დღეებს ითვლიდა, თუ როდის წავიდოდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან, რომ შემდეგ თვითონაც დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. „ბიძინა ივანიშვილი უკიდურეს შემთხვევაში თუ ჩაერევა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. როცა იგი რწმუნდება, რომ ჩარევა აუცილებელია, მას შეუძლია მუშტი მაგიდას დასცხოს, ანუ მის სიტყვას წონა აქვს. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი მთავრობისათვის ერთგვარ „დამოკლეს მახვილად“ იქცა. სწორედ „მახვილის შიში“ აიძულებს მთავრობას განსაზღვრულ ჩარჩოებში იმოქმედოს“. რაც შეეხება მთავრობის ცვლილებებს: „რასაკვირველია, ვერ ვიტყვი, რომ რეორგანიზაცია მისი წინადადება იყო, მაგრამ ცხადია, რომ მან მოიწონა. უიმისოდ გიორგი კვირიკაშვილი ვერაფერს გაბედავდა - პრემიერი მორჩილ შემსრულებლად რჩება“.
პეტრე მამრაძე ეხება აგრეთვე თბილისის მერად კახა კალაძის არჩევას და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ამ ფაქტისადმი: „ჩემი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად იყო წინააღმდეგი იმისა, რომ კახა კალაძე მერის თანამდებობაზე ყოფილიყო კანდიდატად. მილიარდერი არ თანხმდებოდა და მხოლოდ ბოლო მომენტში მისცა დასტური. დღეს ძალთა განაწილების ასეთი სურათია: კახა კალაძეს თავისი მომხრეები მერიაში მიჰყავს, მთავრობაში კი ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანების კონცეტრირება ხდება“, - ამბობს პეტრე მამრაძე.
სტატიაში კიდევ ერთი ექსპერტის - ხათუნა ლაგაზიძის თვალსაზრისია ასახული: „მმართველ პარტიაში პოლიტიკური ძალისა და პასუხისმგებლობის ორი ცენტრი ყალიბდება - გიორგი კვირიკაშვილისა და კახა კალაძის სახით. ამ ფონზე უკიდურესად საინტერესოა, თუ ვის წამოაყენებს მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ არჩევნებში - იქნება ის ერთ-ერთი ცენტრის წარმომადგენელი ორიდან თუ სულაც მესამე?“, - ამ კითხვას პასუხი მხოლოდ მაშინ გაეცემა, როცა ცნობილი გახდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი საუბრობს აწ უკვე ყოფილ მინისტრებზე - გიორგი მღებრიშვილზე და ალექსანდრე ჯეჯელავაზე. პირველი, როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის საქმემ იმსხვერპლა, მეორე კი თავისმა უცნაურმა მსჯელობებმა, რომლითაც საზოგადოებაში წინააღმდეგობრივ-ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია.
-------
«Независимая газета»-ს ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აგრეთვე სტატია სათაურით „მოსკოვი და თბილისის „სეპარატისტების“ წინააღმდეგ ერთიანდებიან: აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე საეკლესიო იურისდიქციის პრობლემას მოსკოვი და თბილისი აფხაზი და ოსი ხალხის გარეშე გადაწყვეტენ“ (ავტორი - პავლე სკრილნიკოვი), რომელშიც აშკარად პროაფხაზურ-პროოსური პოზიცია ჩანს (http://www.ng.ru/facts/2017-11-15/9_432_kavkaz.html).
