ბელარუსის მასმედიის მთავარ თემას გასულ კვირაში ქართული ელფერი დაჰკრავდა: პრესაში და განსაკუთრებით
ტელევიზიაში ფართოდაა გაშუქებული ქართველი ელჩის დავით კოტარიას მიღება პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ. საქმე იმაშია, რომ დავით კოტარია მინსკში ხუთწლიან დიპლომატიურ მისიას ამთავრებს, მისი ელჩობის დროს კი ბელარუს-საქართველოს მეგობრობამ თავის მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა შეხვედროდა ქართველ დიპლომატს და პირადად დამშვიდობებოდა. ეს ფაქტი ქვეყნის მთავარი ტელეკომპანიების - «СТБ – Столичное телевидение»-სა და «ОНТ – Общенациональное телевидение»-ს საღამოს ახალი ამბების მთავარი თემა გახდა.
-------
«СТБ – Столичное телевидение»-ს კორესპონდენტის ანასტასია ივანნიკოვას მიერ მომზადებულ ტელესიუჟეტში ყურადღება აქვს დათმობილი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას ქართველ ელჩთან შეხვედრისას: ალექსანდრე ლუკაშენკო იხსენებს, თუ როგორ აჩუქა კარტოფილი თავის კოლეგა გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, ერთი ტომარა კარტოფილიდან ხუთი ტომარა მოსავალი მიიღო, ანუ ბელარუსულმა პროდუქტმა გაამართლა. „ჩვენ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიქნებით. ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი შრომისმოყვარე და მშვენიერი ხალხის მხარდასაჭერად“, - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი. ტელეეთერი ეთმობა საქართველოს ელჩსაც: „ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისურმა ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას მძლავრი იმპულსი მისცა“, - ამბობს დავით კოტარია.
მართლაც, ტელესიუჟეტში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული ქართულ-ბელარუსული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობა: „კავკასიურ რესპუბლიკაში უკვე კარგად იცნობენ ბელარუსულ პროდუქციას - ფქვილს, ძეხვეულს, რძის პროდუქტებს - ყველს და კარაქს. საქართველოში ყველგან შეხვდებით ბელარუსულ ტექნიკას - ტრაქტორებს, ლიფტებს... მალე საქართველოში გაიგზავნება ავტობუსები, ტროლეიბუსები და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ელექტრომატარებლებიც კი. ამჟამად საქართველოში 19 ბელარუსული კომპანია მუშაობს“, - ამბობს ტელეკორესპონდენტი, -„ საქართველოდან კი ბელარუსი იღებს ღვინოს და მინერალურ წყალს“.
ტელესიუჟეტში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქართველი ბიზნესმენ-მეწარმეების საქმიანობას ბელარუსში, მაგალითად, მინსკში გახსნილ ქართულ რესტორანს, რომლის მფლობელი ლია გახარია გახლავთ. ყურადღებაა გამახვილებული ტურიზმზეც - ბელარუსი ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილი აჭარაა, შავი ზღვის კურორტები.
ტელერეპორტაჟის დასასრულს ხაზგასმითაა აღნიშნული: „ქართულ ენაში სიტყვები დიდი ასოებით არ იწყება, რაც თითქოს სიმბოლურად გვაჩვენებს - თბილისს მინსკთან თანასწორი თანამშრომლობა სურს. ორმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში შეხვედრისას განაცხადეს, რომ მომავალში საქონელთბრუნვამ 200 მილიონს უნდა მიაღწიოსო. ჰოდა, ამ ციფრის შემოწმების შესაძლებლობა მათ მალე ექნებათ: მომავალი წლის პირველ ნახევარში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კვლავ ეწვევა“.
--------
«ОНТ – Общенациональное телевидение»-ს რეპორტაჟში მთავარი ყურადღება დაეთმო ბელარუს-საქართველოს ურთიერთობის ეტაპების მიმოხილვას: აღინიშნა, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ერთგვარი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი, კავშირები მინიმუმამდე იყო დაყვანილი, მაგრამ 2015 წლიდან ურთიერთობაში მკვეთრი დათბობა მოხდა, „ყინული გალღვა“, რასაც ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიური ზრდა მოჰყვა. განსაკუთრებით გაცხოველდა ურთიერთობა პრეზიდენტ ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ.
«ОНТ»-ს კორესპონდენტები ალექსანდრ ზლობინი და ანა ვოლკოვეცი, ისევე როგორც მათი კოლეგა «СТБ»-დან, ვრცლად მიმოიხილავენ ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველ ფაქტებს. თუმცა ტელესიუჟეტში არის როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებული თემებიც: მინსკის ერთ-ერთი ქართული რესტორნის თანამშრომელის ზურაბ გომარელთან საუბრის შემდეგ ტელემაყურებელი გადაერთვება ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძარზე, რომლის ჩაქრობაშიც ბელარუსმა მაშველებმა და მათმა გიგანტურმა ვერტმფრენმა „მი-26“-მა ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტები კულტურის თემასაც ეხებიან: სამიოდე კვირის წინათას წინათ მინსკში დიდი წარმატებით ჩაიარა ფესტივალმა „თბილისობამ“, რომელმაც კავკასიური გულუხვობით გამოირჩეოდა და ათასობით სტუმარი მიიზიდა მდიდრული ქართული სუფრით, 15 ნოემბრიდან კი თბილისი ბელარუსული კულტურის დღეებს უმასპინძლებს.
------------
ბელარუსის პრეზიდენტისა და საქართველოს ელჩის შეხვედრის ამსახველი მასალები გამოქვეყნებულია დღევანდელ, 15 ნოემბრის ბელარუსულ გაზეთებშიც - «Беларусь Сегодня», «Беларусские новости» და ა.შ.
