„Golosarmenii“ (სომხეთი): რით აწყენინა გიგი წერეთელმა სომხებს
„Golosarmenii“ (სომხეთი): რით აწყენინა გიგი წერეთელმა სომხებს
11:17 20.11.2017
„საქართველოს წარმომადგენელი გიორგი-გიგი წერეთელი რამდენიმე დღის წინათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, რომლის ფუნქციებს 2018 წლის ზაფხულამდე შეასრულებს, ანუ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. გიგი წერეთელი საქართველოს ოპოზიციუირი პარტიის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, იგი ადრეც, 2012 წელსაც იყო ეუთოს ასამბლეის ამ მაღალ პოსტზე არჩეული, 2015-ში და ვადა გაუგრძელდა. ახლაც შეიძლებოდა გაგვხარებოდა მისი წარმატება, ბოლოს და ბოლოს, სომხეთი და საქართველო ხომ ერთ რეგიონში მდებარეობენ, მივულოცავდით მეგობრული საქართველოს წარმომადგენელს, რომ არა ერთი „მაგრამ“, - აღნიშნულია სომხურ გამოცემა „გოლოს არმენიის“ მიერ მარინა გრიგორიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

რა გამოიხატება ამ „მაგრამ“-ით?

როგორც «Голос Армении» წერს, თურმე გიგი წერეთელს ძალიან მოსწონს და მხარს უჭერს აზერბაიჯანული სპეცსამსახურებისა და პროპაგანდის მიერ შეთხზულ „მშვიდობის პლატფორმას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, რომელსაც სომხეთში და არცახში საერთოდ არ ახსენებენ, იმდენად ზიზღისმომგვრელი და აღმაშფოთებელია.

„ჩვენ სულაც არ გვინდოდა ხელის გასვრა ბაქოს ჭუჭყიან პროპაგანდასთან შეხებით, გიგი წერეთელს რომ არ გაეკეთებინა განცხადება, რომლითაც აზერბაიჯანული პრესა პირდაპირ აღფრთოვანებულია. თურმე ქართველ პოლიტიკოსს მხარი დაუჭერია ბაქოს მშვიდობიანი ინიციატივებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. ეს კიდევ არაფერი: გიგი წერეთელი უფრო შორს წასულა და უთქვამს, ორივე მხარის სამოქალაქო საზოგადოებამ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა გააქტიუროს, დემოკრატიის შემდგომი განვითარების მიზნითო. ვინ-ვინ და ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანმა გიგი წერეთელმა უნდა იცოდეს, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი აზერბაიჯანში არსებული სამოქალაქო საზოგადოება. იგი ფრთხილად უნდა მოეკიდოს მსგავს განცხადებებს. განა გიგი წერეთელმა, ქართველმა პოლიტიკოსმა, არ იცის, თუ როგორი სიძულვილითაა სავსე სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის ე.წ.„სამოქალაქო საზოგადოება“? განა მან არ იცის, რომ აზერბაიჯანი, ილჰამ ალიევის [დიქტატორული] რეჟიმის გამო, გარიყულია საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობისაგან? განა მას არ სმენია და არ გაუგია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ადექვატური წარმომადგენლები ილჰამ ალიევის რეჟიმს ციხეში ჰყავს გამოკეტილი და მათ „სახელმწიფოს ღალატს“, „სომხეთის აგენტობას“ აბრალებს?

მოკლედ, ისე ჩანს, რომ ბატონ გიგი წერეთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ რეალიებში დერიოზული „ლიკბეზი“ („ლიკვიდაცია ბეზგრამოტნოსტი“ - გაუნათლებლობის აღმოფხვრა) ესაჭიროება. ასე რომ არ იყოს, იგი მსგავს გამონათქვამებს არ დაუშვებდა. მოკლედ, სომხეთის დელეგაციას მოუწევს გიგი წერეთელთან შეხვედრა, რათა მას „მშვიდობის პლატფორმის“ შესახებ სომხეთის პოზიცია განუმარტოს. გვახსოვს, თუ როგორი სიცხვილი ჭამა ერთ-ერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა თავისი დაუფიქრებელი განცხადებით, მერე კი ბოდიშების მოხდა დაგვიწყო (იგულისხმება ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მალენ მარდი). ასე რომ, ბატონი გიგი-გიორგი წერეთელი ფრთხილად იყოს, რომ იმ თავის მაღალ პოსტზე იგივეთი დაწყება არ მოუწიოს“, - აღნიშნავს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

ბეჭდვა