უკრაინულ გამოცემა «Гордон»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ქათამაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ამჟამად კი უკრაინის გადასახადის
გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი, საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე, უკრაინის განვითარების პერსპექტივებზე და ა.შ. იგი თავის თვალსაზრისს გამოხატავს ბოლო ხანს გავრცელებულ სავარაუდო პროექტის მიმართაც - უკრაინისადმი დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც პირობითად „მარშალის ახალი გეგმა“ უწოდეს: „ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს, როცა უკრაინის დასახმარებელ „მარშალის გეგმაზე“ ვლაპარაკობთ. განა უკრაინა ომისშემდგომ გაპარტახებულ გერმანიას ჰგავს? ფული გარეთ არ უნდა ვეძებოთ, ფული ქვეყნის შიგნითაც ბევრია“, - ამბობს ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელსაც გამოცემის კორესპონდენტი ნატალია დვალი ესაუბრება.
გრიგოლ ქათამაძე ინტერვიუში საქართველოს გამოცდილებას იხსენებს. საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს:
„უკრაინაში ცხოვრებისას „დეჟა ვიუს“ განცდა მაქვს, თითქოსდა ისევ 1990-იან წლებში აღმოვჩნდი, თანაც იმდროინდელი საქართველოს სინამდვილეში. ეს ჩემი სამშობლოსათვის ერთობ ტრაგიკული პერიოდი იყო: ომი აფხაზეთში, ე.წ. დაზავება, კრიმინოგენური სიტუაციის მკვეთრი გაურესება... 90-იანი წლების საქართველოში მოსახლეობას უამრავი იარაღი ჰქონდა. ქუჩებში ყოველდღე სროლა ისმოდა, იტაცებდნენ ავტომანქანებს, ადამიანებს ძარცვავდნენ, არანაირი უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობდა. პოლიტიკურ ლიდერებზე ტერაქტებს აწყობდნენ... მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია. ასევე ტერაქტი მოაწყეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზეც.
როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, თბილისში მოსული უცხოელი დიპლომატები მეკითხებოდნენ - „ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც ქვემოთ ბოტასები და ჯინსები აცვიათ, ზემოთ კი სამხედრო კამუფლირებული ფორმა, მხარზე კი ავტომატები აქვთ გადაკიდებულიო“. ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს ჩვენი არმიაა, მოხალისეები, მაგრამ არ გამომდიოდა...“.
კითხვაზე, თუ „როდის შეიცვალა კარდინალურად სიტუაცია საქართველოში, როდის იგრძნეს ადამიანებმა უსაფრთხოება“, გრიგოლ ქათამაძე პასუხობს: „არცერთი ხელისუფლების პოპულარიზაციით არ ვყოფილვარ დაკავებული, ჩემს ქვეყანაზე ყოველთვის გულწრფელად ვლაპარაკობ, ვცდილობ საგნებს თავის სახელს ვუწოდო. სიტუაცია გამოსწორდა 1990-იანი წლების ბოლოს, რასაც უაღრესად დიდი შრომა და ძალისხმევა დაჭირდა. ბევრი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი ციხეში აღმოჩნდა. ისინი, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ, არმიაში გაერთიანდნენ. ძნელი იყო ამის გაკეთება, მაგრამ მაინც გაკეთდა“.
ყოფილი ელჩის თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა 2004 წლის შემდეგ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა: დაიწყო ახალი სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობა, მოიმატა ხელფასებმა, გატარდა რეფორმები სამართალდამცველ უწყებებში და ა.შ.
