უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა მიხეილ სააკაშვილს და მისი
გარემოცვას ბრალდება წაუყენეს - „მოსკოვზე მუშაობო“ და ისინი მართალნიც არიან: რა თქმა უნდა, სწორედ ჯერ თვითონ მიხო და შემდეგ რუსეთი არიან იმ პოლიტიკური ცირკის ბენეფიციარები, რასაც უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აწყობს“-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Эксперт»-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გევორქ მირზოიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციაში დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია - იგი არამარტო უბრალოდ არ უყვართ, არამედ სძულთ კიდეც: ექსცენტრიულობისათვის, ჰალსტუხის ღეჭვისათვის, სამხრეთ ოსეთისათვის, რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ მცდელობისათვის... მოკლედ, ბევრი რაღაცის გამო. ამიტომაც მიხეილ ნიკოლოზოვიჩი რუსული საზოგადოების „პატრიოტული ნაწილისათვის“ უკიდურესად ტოქსიკური ადამიანია და ყველაფერი, რაც კი მასთან არის დაკავშირებული, ნეგატიურად აღიქმება. და როცა თვითონ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „ვლადიმერ პუტინის პირად მტერს“ უწოდებს, ჭეშმარიტებისაგან შორს არ არის.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეისათვის მიხეილ სააკაშვილი, არსებითად, უკრაინაში ერთ-ერთ იმ მთავარ პირად ითვლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს. უბრალოდ იმიტომ, რომ მისი პირადი ინტერესები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა - ორივეს პეტრო პოროშენკოს დამხობა სურს.
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მინსკის შეთანხმებების რეალიზების მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს თვითონ უკრაინის ხელისუფლება წარმოადგენს. რუსეთისათვის სამწუხაროდ, პეტრო პოროშენკოს ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ ვერ მართავს. გავლენა კი აქვთ, მაგრამ მას ვერ მართავენ. პეტრო პოროშენკო მოქმედება მის შინაგან ლოგიკას ექვემდებარება: მას ხელისუფლების შენარჩუნება სურს და რაც მეტად იყვირებს „რუსეთის ინტერვენციაზე უკრაინის აღმოსავლეთში“ და რაც უფრო გაამწვავებს სიტუაციას, მით უფრო მოთხოვნადი იქნება მისი ხელისუფლება. ამიტომაც მოსკოვი დაინტერესებულია რაც შეიძლება მაქსიმალურად დაასუსტოს პეტრო პოროშენკო, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ჩათვლით). და ამ დროს სცენაზე გამოდის მიხო.
-------
მიხეილ სააკაშვილი თავისი დაუსჯელობით ყველას აჩვენებს, თუ როგორი სუსტი და უსუსურია უკრაინის „მმართველი“ რეჟიმი. რასაკვირველია, ვიღაც მაინც იტყვის, რომ პეტრო პოროშენკო სუსტი არ არის, უბრალოდ, მას დასავლელმა პარტნიორებმა მკაცრად მოსთხოვეს - მიხეილ სააკაშვილს ხელი არ ახლოო. ნაწილობრივ ეს მართალიცაა - ტყუილად კი არ იყო მიხოს გვერდით საზღვრის „გარღვევის“ დროს უშიშროების ყოფილი შეფი ვალენტინ ნალივაიჩენკო, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურებთან ახლო კავშირები აქვს. თუმცა ხელისუფლებას მაინც ისევ შინაგანი ლოგიკა კარნახობდა - მოსახლეობა უკმაყოფილოა და თუ მიხოს საზღვარზე ხისტ წინააღმდეგობას გავუწევთ, სისხლს დავღვრით, ვაითუ 2013 წლის მაიდანი განმეორდესო. ამიტომ პეტრო პოროშენკოს სხვა გზა არ ჰქონდა - რბილად მოქმედებდა. დასავლეთი ამას ხედავს და მის თვალში პეტრო პოროშენკო პოპულარობას კარგავს. იმ შემთხვევაში, თუ ევროპა და აშშ დასკვნებს გააკეთებენ, უკრაინის თავზე, ალბად, ვადამდელი არჩევნების აჩრდილი სულ უფრო მკვეთრად გამოჩნდება.
-------
რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებას ცდილობს მოსახლეობას ჩაუნერგოს, რომ რეჟიმი და სახელმწიფო ერთიდაიგივეა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა ხელისუფლების (რეჟიმის) წინააღმდეგ - ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა. შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი აცხადებს, რომ თუ უკრაინის სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების ფუნდამენტის მორყევას ვინმე ხელს შეუწყობს, ის რუსი შოვინისტებისა და ევროპელი ნაციონალისტების საქმე გააკეთებსო. მინისტრი მართალია - ასეთი მოქმედება სწორედ რომ რუსეთის ინტერესებში შედის. კრემლი დაინტერესებულია დღევანდელი ანტირუსული პროექტის - „უკრაინის“ დემონტაჟით. კრემლს სურს უკრაინის გადაფორმატება ნორმალურ, მულლტიკულტურულ ფედერაციულ სახელმწიფოდ და რაც უფრო მეტად მოახდენს მიხეილ სააკაშვილი (მისი გარემოცვის ჩათვლით) უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტირებას, მით უფრო მალე მოხდება სახელმწიფოს გადაფორმატება.
დიახ, რასაკვირველია, არსებობს იმის საფრთხე, რომ პეტროპოროშენკოს გვირგვინი მიხეილ სააკაშვილმა მოირგოს. თუ ასეთი როქირება მოხდება, მაშინ მოსკოვი უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა. საბედნიეროდ, როქირების შანსი მინიმალურია: იმიტომ, რომ მიხეილ ნიკოლოზოვიჩი ადამიანი-სპოილერის (ანუ ყველაფრის გამფუჭებლის) როლს ასრულებს. იგი ეფექტურია ტარანის დროს, ეფექტურია პოლიტიკური ქილერის როლის შესრულებისას (ამ შემთხვევაში - პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ), მაგრამ მიხოს უკრაინაში არც კავშირები და არც იმის რესურსები არ აქვს იმისთვის, რომ იგი სახელმწიფოს მეთაური გახდეს (გინდ დე-ფაქტო, გინდ დე-იურე). თუ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია წარმატებით დასრულდება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი სწრაფად მარგინალიზდება და გვერდზე იქნება მიწეული. მას გვერდზე გასწევს იგივე იულია ტიმოშენკო, რომელიც საკმაოდ სწრაფად გამოძებნის საერთო ენას რუსეთთან და ევროპასთან. მას ასეთი ნაბიჯი პირველად არ გადაუდგამს, იულიას ასეთ საქმეებში გამოცდილება აქვს.
--------
შენიშვნა: პუბლიკაციის ავტორი გევორქ მირზოიანი არის რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დოცენტი.
