გიორგი მარგველაშვილი: ევროპასთან კონფრონტაცია თვით რუსეთისთვისაა საზიანო
გიორგი მარგველაშვილი: ევროპასთან კონფრონტაცია თვით რუსეთისთვისაა საზიანო
10:35 02.11.2017
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანული ტელერადიოკომანია „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) ჟურნალისტს ჟანა ნემცოვას, რომელიც გადაიცა პროგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“ ეთერში. პრეზიდენტმა პასუხი გასცა კითხვებს სეპარატიზმის თაობაზე, ისაუბრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რუსეთის პოლიტიკაზე, ნატო-ევროკავშირთან დამოკიდებულებაზე და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დასავლეთს რომ უფრო ხისტი რეაქცია გამოეხატა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე და თბილისსაც რომ უფრო მეტი აქტიურად ემოქმედა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის - ყირიმის ანექსირების თავიდან აცილება.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ 2008 წელს არასაკმარისად აქტიურად ვმოქმედებდით... მოსკოვის პოლიტიკისათვის რომ უფრო მკაცრად გვეთვა „არა“, მაშინ უკრაინის აღმოსავლეთით გაჩაღებული ომი და ყირიმის ანექსია თავიდან იქნებოდა აცილებული, - ამბობს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი. მისი აზრით, საქართველოში მომხდარ მოვლენებსა და ყირიმს შორის ბევრი რამ მსგავსია: „ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მოსკოვმა ყირიმი რუსეთის ნაწილად ოფიციალურად აღიარა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“, - ხაზს უსვამს გიორგი მარგველაშვილი. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თქმით, არავინ არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ რუსეთი იგივე პოლიტიკას სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართაც არ გაატარებს. „რუსეთის მეზობლებმა უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ მოსკოვის პროვოკაციებს და ხრიკებს არ წამოეგონ“.

კითხვაზე, „როგორია საქართველოს სტრატეგიუოლი არჩევანი - ევროკავშირი-ნატო თუ რუსეთთან დაახლოება“, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „მე ვერ დავეთანხმები ისეთ მტკიცებას, რომ საქართველოს თანამშრომლობა ბრიუსელთან მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული და ამით რუსეთის საგარეოპოლიტიკური ინტერესები ილახება“. პრეზიდენტის აზრით, „ევროპასთან კონფრონტაცია თვით რუსეთისთვისაა საზიანო, მოსკოვი თავისი პოლიტიკით საკუთარ თავს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზარალს აყენებს“.

ბეჭდვა