რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს
რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს
12:03 01.11.2017
მოსკოვი არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოს მოქალაქეთათვის, თუმცა ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების პროცესი მიმდინარეობს. მოსკოვმა უკვე გაუგზავნა თბილისს შესაბამისი კონკრეტული წინადადებები, კერძოდ, ვიზების გაუქმება ავიაეკიპაჟებისათვის (სამგზავრო თვითმფრინავების მომსახურე პერსონალისთვის). თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „იზვესტიასთან“ საუბარში დააზუსტა, რომ ეს თემა განხილული იქნება პრაღის მორიგ ორმხრივი შეხვედრის დროს, 15-16 ნოემბერს.

------

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, თუმცა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონტაქტები გრძელდება და პოზიტიურად ვითარდება. დღეისათვის ქართულ-რუსული ორმხრივი კონტაქტების განსახორციელებელ მთავარ არხად „კარასინ-აბაშიძის ფორმატი“ ითვლება, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პრობლემა - სავიზო პრობლემაა. მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად ვიზა არ ჭირდებათ, საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში შემოსასვლელად ვიზა აუცილებელია. ამიტომაც თბილისისათვის რუსეთთან უვიზო რეჟიმის საკითხი ძალიან აქტუალურია.

„პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შემოღებას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით საქმე წინ ნელი ტემპით მიდის. უპირველეს ყოვლისა ხელს გვიშლის ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. როგორც ცნობილია, ეს თბილისის ინიციატივით მოხდა. გარდა ამისა, მასზე გავლენას ახდენს მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციაც, რომელიც ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების, მაგალითად, არალეგალური იმიგრაციის ზრდაში გამოიხატება“, - განუმარტა „იზვესტიას“ გრიგორი კარასინმა. რუსმა დიპლომატმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში რუსეთმა საქართველოს მიმართ „სავიზო რეჟიმის არსებითი ლიბერალიზება მოახდინა“. ასე, მაგალითად, 2015 წლის დეკემბრიდან ყოველ ქართველ მოქალაქეს უფლება აქვს შეუზღუდავად ეწვიოს რუსეთს - მოქალაქის, ორგანიზაციის თუ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელის მიწვევით.

„სიამოვნებით ავღნიშნავ, რომ 2016 წელს თბილისში, შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმოგდა და 40 ათასს მიაღწია. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მაღალი იქნება“, - ხაზი გაუსვა ინტერვიუში გრიგორი კარასინმა.

მოსკოვი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაიოლების პროცესს და თბილისს ურთიერთსასარგებლო ინიციატივებს სთავაზობს. მინისტრის მოადგილემ „იზვესტიას“ უთხრა, რომ რუსეთმა ქართულ მხარეს განსახილველად გადასცა „კონკრეტული წინადადებები უვიზო რეჟიმის შესახებ ავიაეკიპაჟების წევრებისათვის“.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემს მორიგ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, ჩვენს წინადადებებზე პასუხს მივიღებთ“, - დაამატა გრიგორი კარასინმა.

თავის მხრივ ზურაბ აბაშიძემ „იზვესტიის“ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ საორიენტაციოდ, 15-16 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქში მხარეები სავიზო საკითხს განიხილავენ და შესაბამისად, მოლაპარაკების დღის წესრიგში შეტანილი იქნება რუსეთის წინადადება ავიაეკიპაჟებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზეც: „არის ზოგიერთი ტექნიკური ასპექტი, რომლეთა გადაწყვეტა რთულია. როცა ორივე მხრის შესაბამისი საავიაციო სამსახურები ამის შესახებ თავიანთ წინადადებებს გადმოგვცემენ, მაშინ მე უკვე ხელში უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება“, - უთხრა „იზვესტიას“ ზურაბ აბაშიძემ.

ქართველმა დიპლომატმა გაიხსენა, რომ თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი 2011 წელს გააუქმა - „მას შემდეგ საქართველოში ყოველწლიურად ერთ მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდის“. „რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ, ყოველგვარი ვიზის გარეშე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში წასვლა საკმაოდ რთულია. ამასთან, ავღნიშნავ, რომ 2016 წლის იანვრიდან ვიზების გაცემის პროცედურა გამარტივდა: ადრე საქართველოს მოქალაქის მიწვევა რუსეთში მხოლოდ ახლო ნათესავს შეეძლო, ახლა კი ნათესაური კავშირების არსებობა სავალდებულო არ არის“, - ხაზი გაუსვა ზურაბ აბაშიძემ.

ყველა შემთხვევაში მოსკოვი და თბილისი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პროცეში უთანხმოების აღმოფხვრის კურსს აგრძელებენ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი ორი მეზობელი ერთმანეთს კარს არ უხურავს და რთული სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებენ.


ბეჭდვა