„მე საქართველოში ყოფნით მინდოდა ჭეშმარიტება საკუთარი თვალით მენახა. ეს ქვეყანა ბავშვობიდან მახსოვდა
მხიარული, გულღია ხალხით, მახსოვდა გიორგი დანელიას „მიმინოთი“, სხვა ფილმებით. ვოცნებობდი საქართველოში ჩასვლაზე, რომელიც ოდითგანვე განთქმული იყო თავისი სტუმართმოყვარეობით, ღვინით, სუფრით და ტემპერამენტიანი ქართველებით“, - წერს ყირიმის ოფიციალური გაზეთის „კრიმსკიე იზვესტიას“ რედაქტორის მოადგილე ოლღა საფრონოვა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ჩვენ ავტომობილით შევედით საქართველოში, ამიტომაც, ბუნებრივია, ჩემი აღქმა ქართული სინამდვილისა უფრო ღრმა და ძლიერი იქნებოდა, ვიდრე ეს თვითმფრინავით ჩასულებს აქვთ ხოლმე. საქართველოს სამხედრო გზაზე, ხეობაში არსებულ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტთან მოხუცი მთიელის მკაცრი მზერა შევამჩნიე. მეგონა, ხმალს იძრობს და გამისწორდება-მეთქი. ამგვარი გრძნობა თავიდანვე დამყვა და ვფიქრობდი, ვერაფერი გამიქარვებდა... მაგრამ შემდეგ გზადაგზა შეხედულება შემეცვალა. კავკასიის მთების მკაცრი და იმავდროულად დიდებული პეიზაჟების ფონზე, სადაც სამყაროს შემქმნელის სიბრძნეა გამოხატული, იმ მოხუცის მზერა სრულიად ბუნებრივად და ჰარმონიულად მივიჩნიე“, - წერს სიმფეროპოლელი ჟურნალისტი.
ოლღა საფრონოვა მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს თბილისისა და ბათუმის შესახებ, ხედავს პოზიტიურ და ნეგატიურ მომენტებსაც: „აქ არის ჭეშმარიტად სუპერთანამედროვე თვალისმომჭრელი შენობები, სასტუმროები, ტურისტული ზონები, მყუდრო რესტორან-კაფეები, მრავალსაუკუნოვანი ტაძრები, მაგრამ იქვე მეზობლად თქვენ დაინახავთ ავარიულ სახლებს, ბოძებშეყენებული ძველ შენობებს, უშნოდ მიშენებ-მოშენებულ „ხრუშჩოვკებს“, „ბრეჟნევკებს“, ბეტონის ჩონჩხებს... გაკვირვებული ვარ კონსტრასტებით: ტურისტებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, ყველაფერი კარგადაა მოწყობილი, მაგრამ როგორც კი ახალმშენებლობებისაკენ გაიხედავ, შეამჩნევ, თუ როგორაა მირეულ-მორეული სამშენებლო ტერიტორია, თითქოსდა აქაურობას პატრონი არ ჰყავს, არ არის არქიტექტორი, რომელიც საქმეს ლამაზად გააკეთებს. და მთავარი - თითქოსდა არ არის ის ადამიანი, რომელსაც ურბანული სივრცის პროფესიულად დაპროექტება შეუძლია. ამ მხრივ საქართველოს კურორტები ძალიან ჰგავს ყირიმის კურორტებს.
სამაგიეროდ, ღამით ყველაფერი იცვლება. სიბნელე ძველ შენობებს მალავს, აღარ ჩანს ბზარები და დაბრეცილი ფანჯრები. ქუჩები ძალიან ოსტატურადაა განათებული, რომლებიც არასასიამოვნო რეალობას კი არ გამოკვეთს, არამედ ანეიტრალებს. აქცენტი იმაზე კეთდება, რაც თვალს ესიამოვნება. ასეთ შარა-შუკებში და ლაბირინთებში სეირნობისას თავი სიზმარში გგონია და ნანგრევების სილამაზითაც კი მოჯადოებული რჩები“.
ყველა ქვეყანაში, რომელსაც ტურისტი ეწვევა, მთავარი ხალხია - როგორ გხვდებიან, როგორი შთაბეჭდილება გრჩება მასპინძლებზე... საქართველოში ყოფნისას ჩემში ერთმანეთს ორნაირი გრძნობა ებრძოდა: დიდი სიმპათიები და სრული გაუგებრობა. არ მინდა პოლიტიკაში გადავვარდე, უბრალოდ, მთავარს ვიტყვი: ყოველთვის შეიძლება საერთო ენის მოძებნა ახალი საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საბჭოთა დროს დაიბად-გაიზარდნენ. ჯერ ერთი, რომ ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ რუსულად, მეორე კი - სიამოვნებით იხსენებენ აწ უკვე იმ შორეულ დროს, როცა რუსეთთან ერთად კარგად ცხოვრობდნენ. უფროს თაობას არ რცხვენია რუსეთის ქება, ხშირად ნოსტალგიურად იხსენებენ წარსულს და პირად საუბარში ცდილობენ გვერდი აუარონ ოკუპაციის ისტორიებს, რომელსაც თბილისის იგივე სახელის მქონე მუზეუმში ჰყვებიან. რუსთაველზე სეირნობისას ამ მუზეუმის აბრა რომ არ მენახა, თავს მართლაც ნამდვილად სახლში ვიგრძნობდი. საერთოდ კი, ქართველებს რუსი ტურისტების მოზღვავება მოსწონთ და ოკუპაციის გამოვლინების ფაქტებზე ვილაპარაკებთ, ეს სასტუმროებია, რომლებიც მართლაც ოკუპირებულია რუსების მიერ.
ქართველთა ახალგაზრდა თაობამ რუსული ენა არ იცის - ძნელია იპოვო ისეთი, ვისაც შეეკითხები და გიპასუხებს. საბაგირო გზით ნარიყალაზე ავდივართ, კაბინაში ხუთნი ვართ: მე და ჩემი მეგობარი ქალი, 30-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კაცი და მოზარდები - ბიჭი და გოგონა. ისინი თითქოსდა ყურადღებით გვისმენენ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. შემდეგ რაღაცას ვეკითხებით და გვანიშნებენ, რუსული ენა არ ვიცითო. ახალგაზრდა კაცმა კი გვითხრა, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი ესმის, მაგრამ რუსულს ცუდად ფლობს.
ერთ-ერთ კაფეში კი პირიქით, სასიამოვნო ფაქტის მომსწრენი გავხდით: ოფიციანტი თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულ ენაზე: „ჩემი მშობლები მოსკოვში ხშირად დადიან, რუსულიც იქ ვისწავლე. მარტალია, დღეს ჩემნაირები ცოტაა, მაგრამ გეტყვით, რომ რუსული ენით დაინტერესება თანდათან მატულობს, რადგან სამსახურის მოძებნა იოლდება“.
„დიახ, ეს ბუნებრივი პროცესია: ყველაზე მეტი ტურისტი ჩვენთან სწორედ რუსეთიდან ჩამოდის“, - მეუბნება ჩემი ახალი თბილისელი ნაცნობი.
რასაკვირველია, რუსებს და რუსეთს ყველა ქართველი ტოლერანტულად არ უყურებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ ახსოვს განვითარებული საქართველო საბჭოთა პერიოდში, ან თვალს ხუჭავს ისტორიაზე და იმდროინდელ პერიოდს დამცინავად „სოვკობას“ უწოდებს.
რას ვიზამთ, ეს ყველაფერი დრომ მოიტანა: ის ქარხანა-ფაბრიკები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და რომლითაც რესპუბლიკის ეკონომიკა ვითარდებოდა, დღეს გაჩერებულია ან ნანგრევებადაა ქცეული. დარჩა მხოლოდ ერთი მიმართულება - ტურიზმი. საქართველო დღეს აქცენტს ტურიზმზე აკეთებს. ეკონომიკის ეს დარგი კი, როგორც ცნობილია, პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი ხალხები ერთმანეთს მაინც დაუახლოვდებიან. ნუ იქნება კინოფილმები, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთის ძმები ვართ, მაგრამ ვიყოთ კეთილი მეზობლები. ქართველები ამბობენ, რომ მათ, ისევე როგორც რუსებს, გონებით კი არა, მხოლოდ გულით გაუგებ. გულით გაგება კი ხშირად სისხლის ნათესაობაზე უფრო მტკიცეა“, - წერს გაზეთ „კრიმსკიე იზვესტიის“ ჟურნალისტი.
