მონაკოს ნაცვლად - ბათუმი. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს კარგი პერსპექტივები
აქვს რუსულ ტურისტულ ბაზარზე. ამ მიმართულების პოპულარობას ექსპერტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: პირველი - ქართული კურორტებით მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ისარგებლო და მეორე - საქართველოში დასვენების რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეიძლება. რუსებისათვის ყველაზე მოთხოვნადი თვეებია ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ისინი საქართველოში საშუალოდ 7-9 დღის განმავლობაში რჩებიან.
მოდით. უფრო გულახდილად ვილაპარაკოთ: ღირს თუ არა შვებულების გატარება საქართველოში? რა პლუსები და მინუსები აქვს ქართულ კურორტებს?
ამის შესახებ გადაცემა რუსული რადიოს, „Радио КоммерсантЪ FM“-ის ეთერში გადაიცა, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„უნდა ვაღიაროთ: დღეს ქართული კურორტები მართალაც კარგი ალტერნატივაა ბევრი უცხოური მიმართულებისათვის“, - ამბობს ტურისტული ჰოლდინგის Jet Travel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მასიმ პრისტავკო, - შეიძლება ვთქვათ, რომ რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოს მიმართულებით მატულობს. ეს ქვეყანა ბევრ მოსწონს და უყვარს: თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, არის სამთო-სათხილამურო ბაზები, ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, მშვენიერი სამზარეულო, არ იგრძნობა რუსებისადმი აგდებული დამოკიდებულება. საქართველოში ყოფნა სასიამოვნო და კომფორტულია. ჩვენს კლიენტებს მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები რჩებათ“.
საქართველოში ექვსდღიანი ტური თვითმფრინავით დაახლოებით 500-600 დოლარი ღირს, რაც, თუ თურქეთში დასვენების ღირებულებას შევადარებთ, უფრო ძვირი გამოდის, მაგრამ მოთხოვნების რაოდენობა არ მცირდება. რატომ, რა მიზეზით?
ტურიზმის დარგის მიმომხილველი პეტრ ვორონკოვი რადიო «Коммерсантъ FM»-თან საუბრისას საქართველო პოპულარობის მიზეზებს განმარტავს. იგი დარწმუნებულია, რომ ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სამზარეულოს სიყვარულით მიეშურება - იქაური გემრიელი ხორცის კერძებისა და ღვინის შემყურე გულგრილი ვერ დარჩები. „თვით ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ ისეთი გემრიელი ხორცის კერძები, როგორიც საქართველოშია, მას სხვაგან არსად მიურთმევია. ცხადია, მას მხედველობაში ჰქონდა მწვადი, რომელსაც ქართველები ვაზის წალამზე წვავენ და უგემრიელესი გამოდის... კიდევ რამდენიმე კერძია, რომლებიც ჩვენს თანამემამულეებს ძალიან მოსწონთ. მაგალითად ისეთი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ „მატრიოშკას“: ერთმანეთში ფენა-ფენადაა ჩალაგებული ხბოს, ცხვრისა და ინდაურის ხორცები, ამატებენ სანელებლებს, წამოაგებენ შამფურზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე წვავენ. ისეთი არომატი აქვს, რომ ჰაერის ჭამაც კი მოგინდება. გარდა ამისა, მსოფლიოში ცნობილია ქართული ხაჭაპური, რომელზეც ლექსის და პოემის დაწერაც კი შეიძლება“, - ამბობს პეტრ ვოროკოვი.
ტუროპერატორთა მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების აპარტამენტებში ცხოვრება ამ სეზონში დღე-ღამეში 80 დოლარი ღირდა. რადგანაც მიმდინარე წელს საქართველოს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია, სასტუმროებმად ფასი გაზარდეს.
ამასთან, ზოგიერთი ტურისტი რეკომენდაციას იძლევა, რომ სანამ საქართველოს პლაჟებზე დასასვნებლად წასვლას გადაწყვეტთ, მანამ კარგად უნდა დაფიქრდეთ: „იქაურ ზღვას სუფთას ვერ უწოდებ, მომსახურებაც ნაკლებად ხარისხიანია, რაც თქვენს გუნება-განწყობაზე ნეგატიურად აისახება და შევებულებას ჩაგიშხამებთ“, - ამბობს პეტრ კოსენკო, ტურისტული რადიოპროგრამის წამყვანი, - „ოჯახი ბათუმში წავიყვანე დასასვენებლად, სადაც სასტუმროში დავბინავდით. მომსახურება „სამიანზე“ შემიძლია შევაფასო. ზღვაც საკმაოდ ჭუჭყიანი გამოდგა. როგორც ჩანს, კანალიზაციის გამწმენდი ობიექტები მწყობრიდან ხშირად გამოდის და მთელი ჭუჭყი ნაპირთან ახლოს, წყალში გროვდება. ამის შედეგად ჩემი გოგონა, რომელსაც ცურვა და ყვინთვა უყვარს, საშინელი ენტეროვირუსით დაავადდა. შვებულების ბოლო დღეები თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გავატარეთ. იქ ექიმებიც იმას ამბობდნენ, რომ შავი ზღვის ნაპირზე დასვენება საკმაო რისკთანაა დაკავშირებული“.
