ბნელი კიევური ღამე. რკინის კასრში („ბოჩკაში“) შეშა ტაკაცუნით იწვის, მას გარშემო რამდენიმე მოქუფრულსახიანი კაცი
შემოსხდომია და თბებიან. მათ შორის ერთი ქართველია - მიხეილ სააკაშვილი.
- ორი დღის წინ დივანზე ვიწექი და როგორც კი თქვენი მოწოდება მოვისმინე, ავდექი და აქ მოვედი, - ამბობს ერთ-ერთი ცეცხლთან მჯდომი, რომელსაც სახე რატომღაც გაწითლებული აქვს.
- ვაჰ, მართლა კაცო? - ტაშს უკრავს ქართველი. მას სხვებიც აჰყვნენ.
- აქ რომ მოვდიოდი, არავის სჯეროდა, რომ მე მიხეილ სააკაშვილს ვნახავდი, მაგრამ აი, ხომ გხედავთ... ახლა მაინც დამიჯერებენ, - სახე გაუნათდა წითელსახიანს.
- ძალიან მაგარია. მოდი, სურათი ერთად გადავიღოთ, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ღამის კრების მონაწილეები იცინიან და იღბლიანს მხარზე ხელს ურტყამენ...
ეს სცენა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი ნახვისას საბჭოთა სკოლაში ოდესღაც ნასწავლი მოთხრობა გამახსენდა: „გლეხები ილიჩთან რიაზანის, კურსკისა და კიევის გუბერნიის ყველაზე მიყრუებული სოფლებიდანაც კი მოდიან. ისინი შეგროვებული ფულით რევოლუციური აქციებით მოცულ დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ილიჩი მათ გულღიად, ალერსიანად ხვდება, რაც ადამიანებზე ზრუნვის გამოვლინებაა“.
ქართველ მოხეტიალე ყარიბს - მიხეილ სააკაშვილს კიევის „კარვების ქალაქში“ შეშის ღუმელიანი („ბურჟუიკა“) ერთი ბრეზენტის კარავი აქვს გამოყოფილი. ფეისბუქზე რამდენიმე ფოტო-სელფსაც დაინახავთ: „მიშიკო საძილე ტომრით“, „მიშიკო კარვიდან გამოსვლისას“, „მიშიკო აქციის მონაწილეებს ესალმება“...
„დღეს მე ღამე კარავში გავატარე, ვერხოვნა რადას წინ“, - აცხადებს მიშიკო ყურებამდე გაღიმებული სახით. ჟურნალისტებიც დადარაჯებულნი არიან და მის ყოველ სიტყვას ისე იჭერენ, თითქოსდა მსოფლიოში სხვა არაფერი ხდებოდეს, თან ზოგი ახელებს - „ამბობენ, კარავში კი არა, სახლში იყავიო“. მართლაცდა, მიშას მდიდრული ბინა კარვებიდან სულ რაღაც ათი წუთის სავალზეა, მაგრამ მოსახლეობისათვის ამის თქმა ეჭვის შემტანი იქნება: ეს იმას ნიშნავს, რომ ოთხი წლის ბავშვს უთხრა, კეთილი თოვლის პაპა არ არსებობსო.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ბევრი სადარდებელ-საზრუნავი აქვს - გენპროკურორი იური ლუცენკო საქართველოში ექსტრადირებით ემუქრება, მის თანამოაზრეებს „ტომრებს თავზე აცმევენ“ და საქართველოში ისე აძევებენ, ზოგს კი უკრაინაში გამოჩენას უკრძალავენ. რა ქნას მიშიკომ? საღამოობით ვიდეომიმართვებით ხალხს ევედრება - „მოდით, ვეჩე მაქვს და დაესწარით. ვისაუბროთ, მინდა ვიცოდე, რომ აქ ტყუილად არ ვზივართ“. ჯერ უკრაინულად ლაპარაკობს, მერე რუსულზე გადადის, ბოლოს ქართულად... რაღა ვლადიმერ მაიაკოვსკი და რაღა მიხეილ სააკაშვილი... თუმცა „ორივე დაბადებით ქართველები არიან“.
მიშიკოს დიდი საქმეები აქვს მოსაგვარებელი - ოლიგარქები უნდა დაამხოს, უკრაინა უნდა გადაარჩინოს... მაგრამ ეყოფა კი ძალა?
P.s. მასალა იბეჭდება მცირე შემოკლებით
